Accessibility links

logo-print

რუსეთში ოპოზიციის დემონსტრაციაზე პუტინის გადადგომა მოითხოვეს


მოსკოვში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ დღეს გამართულ მსვლელობასა და აქციაში.

მონაწილეთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება. პოლიციის ცნობით, აქციაში მონაწილეობა 18,000-მდე ადამიანმა მიიღო, ორგანიზატორები კი 30 ათასიდან 100 ათასამდე რიცხვს ასახელებენ.
უფლებადამცველმა ვლადიმირ ლუკინმა ახალი ამბების ერთ-ერთ სააგენტოს უთხრა, აქციაში 100,000 ადამიანი მონაწილეობდაო.

ძალადობის და დაპატიმრების შემთხვევების შესახებ ცნობები არ არის.
დემონსტრანტებმა მხარი დაუჭირეს რამდენიმე პუნქტისგან შემდგარ რეზოლუციას, რომელიც მოიცავს მოწოდებებს პუტინის გადადგომის, ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავების, სახელმწიფო სათათბიროს დაშლისა და ხელახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
რეზოლუციის ტექსტი დემონსტრანტებს გარემოსდამცველმა ევგენია ჩირიკოვამ წაუკითხა: „ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში მოხდეს ამჟამინდელი პოლიტიკური რეჟიმის დემონტაჟი. მთავარი ზომები, რომლებიც აუცილებლად უნდა გატარდეს - პირველი: ვლადიმირ პუტინის გადადგომა!“

დემონსტრანტებს სათათბიროს დეპუტატმა, „სამართლიანი რუსეთის“ წარმომადგენელმა, გენადი გუდკოვმაც მიმართა: „მთელი ქვეყნის მოქალაქეებს, ყველა ქალაქში და დასახლებაში, უნდა მოვუწოდოთ ქუჩებში გავიდნენ და თქვან ის, რასაც ვფიქრობთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს მთავრობაზე, და ცვლილებები მოითხოვონ. რუსეთი თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს, მთავრობა კი პატიოსნად უნდა იქცეოდეს. ეს ჩვენი ქვეყანაა! ეს ჩვენი ქვეყანაა!“

პროტესტის მსვლელობის პარალელურად, ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში მესამე ვადით ახლახან გაპრეზიდენტებულმა პუტინმა თქვა, „ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი რამ, რაც ჩვენს ქვეყანას ასუსტებს და ჩვენს საზოგადოებას გახლეჩას უქადისო“.

პუტინის განცხადებით, მთავრობა არ მოითმენს ისეთ გადაწყვეტილებებს თუ ქმედებებს, რომლებსაც სოციალური თუ ეკონომიკური რყევების გამოწვევა შეუძლიათ.

მოსკოვში გამართული აქციის მხარდამჭერი მცირერიცხოვანი დემონსტრაციები ჩატარდა ტიუმენში, უფაში, კრასნოიარსკში და სხვა ქალაქებში. ანტისამთავრობო აქციების პარალელურად, საწინააღმდეგო დემონსტრაციები გამართეს პუტინის და მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ მხარდამჭერებმაც. სანკტ-პეტერბუგრში 500-მდე დემონსტრანტმა დემოკრატიის მხარდასაჭერი მსვლელობა მოაწყო.

მოსკოვის დემონსტრაციაზე მისვლა ვერ შეძლო ოპოზიციის რამდენიმე გავლენიანმა ლიდერმა იმის გამო, რომ ისინი პროკურორებს დაკითხვაზე ჰყავდათ დაბარებული. დაკითხვები დაინიშნა 6 მაისის აქციასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

აქტივისტი ილია იაშინი, ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი და კორუფციასთან მებრძოლი ბლოგერი ალექსეი ნავალნი პროკურორებმა სამშაბათს მოგვიანებით გამოუშვეს, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ.

მემარცხენე ფრონტის ლიდერი სერგეი უდალცოვი დაკითხვაზე გამოძახებას არ დამორჩილდა და აქციაზე მივიდა. ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი დაკითხვაზე აქციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამოცხადდა.
ამ ლიდერების და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების სახლებში პოლიციამ ორშაბათს ჩხრეკა ჩაატარა. როგორც ითქვა, ჩხრეკაც 6 მაისის მოვლენათა გამოძიების ნაწილი იყო.

პოლიციამ განაცხადა, რომ, ჩხრეკის შედეგად, ქსენია სობჩაკის სახლიდან 1 მილიონი ევროს ოდენობის უცხოური ვალუტა ამოიღო.

ორშაბათსვე სობჩაკმა „ტვიტერით“ გაავრცელა ცნობა, რომ მისი შემოსავალი წელიწადში „2 მილიონს“ შეადგენს და მას აქვს უფლება ამ ფულს სახლში ინახავდეს, თუკი ბანკებს არ ენდობა.

გასულ კვირაში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მასშტაბურ ჯარიმებს უწესებს იმ ინდივიდებს თუ ორგანიზაციებს, რომლებიც არასანქცირებულ დემონსტრაციებში მიიღებენ მონაწილეობას ან ასეთი აქციების ორგანიზებას მოახდენენ. დაჯარიმდებიან ის პირებიც, რომლებიც დაარღვევენ სანქცირებული აქციებისთვის მთავრობის მიერ დადგენილ პირობებს.

ახალი კანონით, არასანქცირებული აქციების ინდივიდუალური მონაწილეებისთვის დაწესებული ჯარიმები გაუტოლდა 9,000 დოლარზე მეტს, ორგანიზატორებისთვის 18,000 დოლარზე მეტს, ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის კი 30,000-ზე მეტს.

ამასთან, ახალი კანონი ადგილობრივ მთავრობებს უფლებას აძლევს შეიმუშაოს იმ ადგილების სია, სადაც დემონსტრაციების ჩატარება საერთოდ აიკრძალება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG