Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია გრძელდება


რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია გრძელდება.

დღეს დილით, დეპორტაციის დროს, დომოდედოვოს აეროპორტში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. სააგენტოების ცნობით, 58 წლის თენგიზ ტოგონიძე სანკტ-პეტერბურგში დააკავეს. ასთმით დაავადებულ ტოგონიძეს 5 დღის მანძილზე სუფთა ჰაერზე გასვლის საშუალება არ მისცეს, დღეს კი სანკტ-პეტერბურგის გამანაწილებლიდან მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც თბილისში გამომგზავრებამდე აეროპორტში გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა ეს ამბავი ტელევიზიით შეიტყო. დღეს მოსკოვიდან თბილისში რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თვითმფრინავით საქართველოს 150-მდე მოქალაქე ჩამოიყვანეს. როგორც გაცნობებდით, დღემდე ამავე გზით საქართველოს ასობით მოქალაქე გამოაძევეს რუსეთიდან. რას განიცდიდნენ ისინი რუსეთში მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციები აამუშავა, როგორი იყო დეპორტაციის პროცესი?

მათი ნაწილი სამუშაოს საძიებლად წავიდა რუსეთში, ნაწილი სწავლობდა, ნაწილი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახლდათ. უმრავლესობა 10 წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე ცხოვრობდა მოსკოვში და ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებდა. მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა, ცდილობდნენ დამალულიყვნენ, არავის მოხვედროდნენ თვალში (მათ შორის, არც მეზობლებს), მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. დეპორტაციის პროცესი მძიმე და დამამცირებელი იყო.

ის სოხუმელია. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო მოუხდა ჯერ საკუთარი სახლის, შემდეგ კი გაჭირვების გამო სამშობლოს დატოვება. 11 წელი იცხოვრა მოსკოვში. სავაჭრო ჯიხურში მუშაობდა და არჩენდა ოჯახს. სამშობლოში დაბრუნებას აფხაზეთის დაბრუნებამდე არ ფიქრობდა. ერთ დღესაც ქუჩაში რუსმა სამართალდამცავმა გააჩერა. ამბობს, რომ როგორღაც მოახერხა მათგან თავის დაღწევა, მაგრამ ცხადი იყო მოსკოვში ცხოვრებასა და მუშაობას ვეღარ შეძლებდა. ბავშვებითა და მეუღლით საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა:

[სოხუმელი ქალის ხმა]
“ჩვენ ჩავედით დიდი ვაის ვაგლახით მინსკში. იქ რაც ჩვენ გამოვიარეთ წამება და დამცირება, ამას მე ენით ვერაფრით ვერ გადმოვცემ. და ერთი კვირა დაგვჭირდა ჩვენ, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავით, მაგრამ ეს ჩამოსვლა აღარ არის. არ ვიცით რა ვქნათ, როგორ ავაწყოთ ცხოვრება. ალბათ, ღმერთი იქნება ჩვენი მფარველი.”(სტილი დაცულია)

44 წლის თინათინ ხაჭაპურიძე 8 წლის მანძილზე ცხოვრობდა მოსკოვში. დეპორტაციამდე მდგომარეობას ასე აღწერს:

[ხაჭაპურიძის ხმა]
“სახლში რომ ვიყავით, შუქებს არ ვანთებდით საერთოდ. დავდიოდით ჩაბნელებულ სახლში, რომ რომელიმე რუსს არ დაერეკა და მილიცია არ მოსულიყო. იმიტომ რომ გაგებული გვქონდა, რომ ყველაფრის გარეშე შეეძლოთ შემოემტვრიათ კარები და შემოსულიყვნენ. ამიტომ ავდექი, ბავშვი წავიყვანე და დეპორტი გავუკეთე ეგრევე და პირველი “ემჩეესის” თვითმფრინავი რომ გადმოფრინდა, ჩემი შვილი გადმოვაფრინე.”(სტილი დაცულია)

მოგვიანებით თინათინ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე ნაცნობის დახმარებით ნებაყოფლობით გამოცხადდნენ სამართალდამცავ ორგანოში და ძალადობის გარეშე მოახერხეს დეპორტაცია. ჩვენი პარტნიორი რადიოსადგურის კორესპონდენტთან საუბრისას თინათინი მოჰყვა ერთი ახალქალაქელი ახალგაზრდის ამბავსაც, ახალგაზრდის, რომელსაც თვითმფრინავში შეხვდა:

[ხაჭაპურიძის ხმა]
“წაიყვანენ სახლიდან ოთახის ჩუსტებით. ახალგაზრდა ბიჭი იყო, სხვათა შორის. რვა დღე იჯდა. მაგას გამოუცხადებია შიმშილობა და იმ ბიჭმა მოყვა, რომ ჩამოვედი აქა და მომიყვანენ დომოდედოვოში, აბსოლუტურად სულ გაჭაღარავებული, სულ გაჭაღარავებული...”(სტილი დაცულია)

კიდევ ერთი ისტორია: გია ლალიაშვილი, 47 წლის. რვა წელი ცხოვრობდა რუსეთში. მუშაობდა მძღოლად. ვითარების დაძაბვის გამო ბოლო დროს მუშაობასა და ოჯახის სარჩენი ფულის შოვნასაც ვეღარ ახერხებდა:

[ლალიაშვილის ხმა]
“როდის წამოვიდოდი, ერთი სული მქონდა, იმიტომ რომ იქ გაჩერება აღარ ღირდა. დეპორტს ისე არ აკეთებდნენ. აგზავნიდნენ “სპეცპრიომნიკში” და მერე აკეთებდნენ დეპორტს. ამ კაცმა პატივი მცა და მითხრა, გაგიკეთებთ დეპორტსო, თუ გამომივიდაო. თუ არადა, “სპეცპრიომნიკში” უნდა გაგიშვათო და იქიდან უნდა გამოგიყვანოთო მერე, რომ “ემჩეესის” “სამალიოტს” გაგაყოლოთო. წამოვედით. ჩაგვწერა “ემჩეესის” “სამალიოტში”, მაგრამ ვიწვალეთ. ორჯერ არ გამოვიდა - ადგილი არ არისო, ეს არ არისო, ის არ არისო. სადგურზე ვიცადეთ ერთი ორი-სამი დღე. ვიწვალეთ. რა ვიცი, იქ რა ამბავი იყო, როგორ ავხსნა, მე თვითონ ვერ წარმომიდგენია.”(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG