Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დესტაბილიზაცია, ზოგადი და პირობითი აქტორებით


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქვეყანაში სხვადასხვა ძალების მიერ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას არ გამორიცხავს, თუმცა კონკრეტულ საფრთხეებზე არაფერს ამბობს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან მედიას განუცხადა, რომარეულობის მოსურნე ძალებში მაინცდამაინც პარტიებს, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გულისხმობს.

ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომაზე, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში 5 თებერვალს პირველად დაესწრო, ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის საფრთხეზე ჟურნალისტებთან ორჯერ, სხდომის დაწყებისა და დასრულების შემდეგ, გააკეთა კომენტარი. ამ კომენტარებში - ძირითადად მეორე კომენტარში - განმარტა, რომ მის მიერ ნახსენებ ძალებში კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“ არ იგულისხმება:

“’ნაციონალური მოძრაობა’ მე არ მიხსენებია, ეს თქვენ გააკეთეთ ამის ინტერპრეტაცია და მე ვთქვი,რომ არის სხვადასხვა ძალები. ნუ, ეხლა არ დავაკონკრეტებ ამ ძალებს. მაინცდამაინც პარტიებს ნუ ვგულისხმობთ. არის მსოფლიოში სხვადასხვა ძალები, რომელთაც სურთ არევა არა მარტო საქართველოში, მთლიანად მსოფლიოში. თქვენ იცით, რაც ხდება: სირიაში ომია, იქით არეულობაა სხვადასხვა ქვეყანაში და მაინცდამაინც პარტიას ნუ გაუსვამთ ხოლმე ხაზს. მე არ მიხსენებია ‘ნაციონალური მოძრაობა’“.

’ნაცმოძრაობა’ თავისი განცხადებებით ხალხს აღიზიანებს. ჯერ იყო, შემოდგომაზე მოდიოდნენ, ახლა გაზაფხულზე გადაიტანეს, ზაფხულში ისვენებენ და მერე იტყვიან, შემოდგომაზე მოვდივართო...
ვახტანგ გომელაური

ორშაბათს, 2 თებერვალს, გამოსულ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში კი მინისტრმა განაცხადა, რომ, ისევე როგორც ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრობის დროს, ახლაც არის ოპერატიული ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ კონკრეტული ჯგუფები, რომელთა უკანაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავენ:

„’ნაცმოძრაობა’ თავისი განცხადებებით ხალხს აღიზიანებს. ჯერ იყო, შემოდგომაზე მოდიოდნენ, ახლა გაზაფხულზე გადაიტანეს, ზაფხულში ისვენებენ და მერე იტყვიან, შემოდგომაზე მოვდივართო და ა.შ. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ. სამწუხაროდ, ქვეყანაზე არ ფიქრობენ“.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვახტანგ გომელაურმა განმარტა, რომ პრევენციული ღონისძიებები ტარდება და ამჯერად, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთი არაფერი ხდება.

თავის მხრივ, დესტაბილიზაციის საფრთხით მედიის დაინტერესება და, შესაბამისად, მინისტრის განმარტებები ამ საკითხზე სიტუაციის დრამატიზებად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა:

“მიმაჩნია, რომ თქვენ არ უნდა მოახდინოთ ამ თემის დრამატიზება. არაფერი არ ხდება. ნიშნებს ხედავთ? არაფერი არ ხდება. ეს არის... ძალიან გთხოვთ, რომ... არაფერი განცხადება არ გაკეთებულა ისეთი, ზოგადი საუბარი იყო იმაზე, რომ ვიღაცას შეიძლება სურდეს რაღაცის გაკეთება, მაგრამ ის ვიღაც ძალიან მკაცრად დაისჯება, თუ ვინმე რამეს გაბედავს და რამეს გადაწყვეტს. ვინც არ უნდა იყოს, -ზოგადად გეუბნებით“.

ალბათ, სავარაუდოდ, „მაიდანი“ იგულისხმა, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას მაინც აქვს გარკვეული შიში იმისა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს, ვთქვათ, იგივე შიდა ძალების მეშვეობით...
კორნელი კაკაჩია

ექსპერტთა წრეებში აინტერესებთ, რას გულისხმობდა შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც პრემიერ-მინისტრის მიერ ეგრეთ წოდებულ ზოგად განცხადებად შეფასებულ კომენტარში თქვა, “არ დავუშვებთ იმას, რაც მოხდა უკრაინაშიო“. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ვარაუდობს, რომ მინისტრმა „მაიდანი“ იგულისხმა:

“ალბათ, სავარაუდოდ, „მაიდანი“ იგულისხმა, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას მაინც აქვს გარკვეული შიში იმისა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს, ვთქვათ, იგივე შიდა ძალების მეშვეობით. ძირითადად მაინც აქცენტს აკეთებენ შიდა ძალებზე და არა საგარეო ფაქტორზე - არ მოხდეს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა. და უკრაინის მაგალითი არის ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებისთვის ისეთი მაგალითი, რომელიც მათ არ უნდათ, რომ განმეორდეს და, ბუნებრივია, ამისი გარკვეული შიში არსებობს ხელისუფლებაში და, ალბათ, ეს განცხადებაც ამის ანარეკლია“.

ღარიბაშვილი მერე გამოვიდა და თქვა, ეს არ უნდა გავამწვაოთ, დრამატიზება არ უნდა მოვახდინოთო. და ამიტომაც მგონია, რომ დროებით დამთავრდება დესტაბილიზაციაზე საუბრები...
თორნიკე შერაშენიძე

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე კი ფიქრობს, რომ მინისტრს პოლიტიკური გამოცდილება აკლია და მის განცხადებაში ბევრი რამ ითქვა ისეთი, რაზე ოპონირებაც კრიტიკოსებს თავისუფლად შეუძლიათ, მათ შორის, უკრაინის საკითხზე. რაც შეეხება დესტაბილიზაციის საფრთხეს:

“ალბათ, განცხადებები დესტაბილიზაციაზე აღარ იქნება, იმიტომ რომ ღარიბაშვილი მერე გამოვიდა და თქვა, ეს არ უნდა გავამწვაოთ, დრამატიზება არ უნდა მოვახდინოთო. და ამიტომაც მგონია, რომ დროებით დამთავრდება დესტაბილიზაციაზე საუბრები, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ამით იწვევენ კრიტიკას, საბოლოო ჯამში, და ამიტომაც მიხვდნენ, - ცოტა გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, - რომ ამაზე ლაპარაკი უნდა დაასრულონ“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მთავრობას მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბარი კრიმინოგენური ვითარების გადასაფარად სჭირდება.

განსხვავებული აზრისაა საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის წარმომადგენლებმაც ვახტანგ გომელაურის მიერ ნახსენებ იმ „ძალებში“, საქართველოში დესტაბილიზაცია რომ სურთ, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობა“ ამოიკითხეს და გამოთქვეს რწმენა, რომ სახელმწიფოს შესწევს ძალა როგორც პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, ისე საფრთხეების გასანეიტრალებლად.

თავად ვახტანგ გომელაური კი მზადაა დასთანხმდეს ოპოზიციის მოთხოვნას და, კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე, მივიდეს საკანონმდებლო ორგანოში მაშინ, როცა ამის საჭიროება იქნება.

XS
SM
MD
LG