Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ევაჭრება ცხინვალი თბილისს ადამიანების დაკავებით


ცხინვალი
ცხინვალი
ჯერ ისევ გაურკვეველია ბედი 22 აგვისტოს დაკავებული სამი ქართველისა, რომლებიც ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. არსებობს იმედი, რომ ბევრი რამ 2 სექტემბერს დვანში გაირკვევა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე. თუმცა, როგორც სამწუხარო პრაქტიკა აჩვენებს, მსგავს შეხვედრებს დაკავებულებისთვის ხშირ შემთხვევაში არანაირი შედეგი არ მოაქვს. რას უპირისპირებს თბილისი ოსური მხარის მიერ ჯენტლმენური შეთანხმების დარღვევას?
ძალოვანი სტრუქტურები გვეუბნებიან, ცხინვალში არიანო და გასამართლებას ელოდებიანო...

თბილისელი ძმები - 21 წლის შოთა და 23 წლის გიგა ბზარაშვილები და მათი ბიძა, მცხეთის რაიონის სოფელ ძალისის მკვიდრი, 33 წლის ელიზბარ ბზარაშვილი ოჯახის წევრებმა ბოლოს 10 დღის წინ ნახეს. ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, გორის რაიონის სოფელ წითელუბანში მწყერზე სანადიროდ წასულებთან სატელეფონო კავშირი 22 აგვისტოს შუადღის 12 საათისთვის გაწყდა. მთელი დღის ძებნის შემდეგ პირველი ინფორმაცია, რომ დაკავებულები ახალგორის რაიონის მილიციაში იმყოფებოდნენ, ოჯახმა 23 აგვისტოს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციისგან შეიტყო; 25 აგვისტოს კი, გაირკვა, რომ დაკავებული ბზარაშვილები უკვე ცხინვალის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. როგორც შოთა და გიგა ბზარაშვილების დედა, მაია ხატისაშვილი ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ის მეტი ინფორმაციის მოძიებას ვერ ახერხებს:

”ძალოვანი სტრუქტურები გვეუბნებიან, ცხინვალში არიანო და გასამართლებას ელოდებიანო. სავარაუდოდ, მათ საზღვრის უკანონო დარღვევის გამო გაასამართლებენ და ადმინისტრაციულ ჯარიმას დააკისრებენ. აი, ამ ინფორმაციით მთავრდება ყველაფერი.”

მეტი ინფორმაციის მოპოვება სამართალდამცველი სტრუქტურებიდან 31 აგვისტოს ვერც რადიო თავისუფლებამ მოახერხა და ნაწილობრივ იმ მიზეზის გამოც, რომ ამ საკითხში კომპეტენტური პირები შვებულებაში არიან და ისვენებენ. რადიო თავისუფლებამ დაკავშირება ვერც შოთა უტიაშვილთან მოახერხა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, რომელსაც დიდი იმედით ახსენებს ბზარაშვილების ოჯახი. როგორც დაკავებულების დედა მაია ხატისაშვილი ამბობს ჩვენთან საუბრისას, სავარაუდოდ, 2 სექტემბერს უტიაშვილი ცხინვალის წარმომადგენლებს შეხვდება და სწორედ ამ საგანგებო შეხვედრაზე გაირკვევა ბევრი რამ.
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას და ვცდილობთ ინფორმაციების განახლებას დაკავებულთა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით...

მაია ხატისაშვილმა ზუსტად არ იცის, თუ რა შეხვედრა იგულისხმება ამ შემთხვევაში, მაგრამ, სავარაუდოდ, საუბარია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ დვანში 2 სექტემბრისთვის დანიშნულ შეხვედრაზე. სწორედ ამ შეხვედრას უკავშირებს გარკვეულ იმედებს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიაც, რომელსაც რადიო თავისუფლება 31 აგვისტოს დაუკავშირდა.

მართალია, დეტალები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ როგორც პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელმა სტივ ბერდმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია ფლობს ინფორმაციას ბზარაშვილების დაკავებასთან დაკავშირებით და ეს ბოლო ინციდენტი, დაკავებულთა სხვა საქმეებთან ერთად, აუცილებლად განიხილება დვანის შეხვედრაზე:
ეს საკითხი წამოყენებული იქნება იმ შეხვედრაზეც, რომელიც პარასკევს დვანში გაიმართება...

”ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას და ვცდილობთ ინფორმაციების განახლებას დაკავებულთა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. ასეთი საკითხები განიხილება შეხვედრებზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში და ეს საკითხი წამოყენებული იქნება იმ შეხვედრაზეც, რომელიც პარასკევს დვანში გაიმართება.”

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მართლაც ყოველთვის განიხილება დაკავებულთა საკითხი, თუმცა შედეგების მიღწევა აშკარად ჭირს. ფაქტია, რომ თუკი დვანში გამართული ბოლო შეხვედრის დროს, 28 ივლისს, 12 დაკავებული ქართველის გათავისუფლებას ითხოვდა, 2 სექტემბრის შეხვედრაზე, ბზარაშვილების ჩათვლით, ქართულ მხარეს უკვე 15 დაკავებულზე მოუწევს ლაპარაკი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ჩვენთან საუბარში იხსენებს მხარეთა შორის მიღწეულ ჯენტლმენურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის დაკავებული პირების დაპატიმრება. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ამ შეთანხმებას მუდმივად არღვევს ოსური მხარე და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანმიმართულ დაკავებაში. მათ ქმედებებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ”კატა-თაგვობანას” თამაშს ადარებს:
სერგი კაპანაძე

”მათ მუდმივად ჰყავთ დაკავებული რაღაც რაოდენობის ქართველები, დაახლოებით 10 ადამიანი... ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაცას გაუშვებენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ადამიანების გარკვეული რაოდენობა ყოველთვის ჰყავთ დაკავებული, რათა ისინი ვაჭრობის საგნად აქციონ მოლაპარაკებების პროცესში. რომელიმე ადგილობრივი მოსახლის, მშვიდობიანი ადამიანის დაჭერა სრულიად უკანონოდ და მერე იმის მოთხოვნა, რომ ახლა ჩვენ ამ ადამიანს გამოვუშვებთ და კრიმინალებში გაგვიცვალეთო, სრულიად მიუღებელია ჩვენთვის. ამიტომ ასეთ მიდგომას მოლაპარაკებების თემადაც კი არ ვთვლით.”

28 ივლისს, დვანში გამართული შეხვედრის დროს, აშკარად გამოჩნდა, რომ დაკავებულთა გათავისუფლების პროცესი ჩიხში შევიდა. სწორედ ამ შეხვედრაზე წამოაყენეს ცხინვალის წარმომადგენლებმა ისევ მოთხოვნა, რაც ”ყველას ყველაში” გაცვლას გულისხმობს და რაც იმას ნიშნავს, რომ მშვიდობიან ქართველებს ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაათავისუფლებენ, თუკი გათავისუფლდებიან ქართული მხარის მიერ 2008 წლის ომამდე მძიმე ბრალდებებით, მათ შორის, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირები. ეს არის საკმაოდ ძველი მოთხოვნა, თუმცა 2009 წლის შემდეგ, როცა პროცესში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი ჩაერია, ცხინვალის რეჟიმს არაერთხელ მოუწია გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა და რამდენიმე ათეული ქართველის გათავისუფლება. თუმცა ცხადია, რომ ცხინვალის რეჟიმი თავისას არ იშლის.

28 ივლისს დვანში გამართული შეხვედრის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ანდჟეი ტიშკევიჩმა განაცხადა, რომ, მაგალითად, მწყემსისა და დანაშაულის ჩამდენი პირის ერთმანეთთან გათანაბრება არ შეიძლება და ამიტომ დაკავებულთა ერთგვარი კლასიფიკაცია უნდა მოხდეს.

თბილისი თვლის, რომ პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩარევით არის შესაძლებელი, თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ივარაუდა დვანის ბოლო შეხვედრის შემდეგ, ამ მიმართულებით პროგრესი ნაკლებად არის მოსალოდნელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. არჩევნები კი ნოემბერშია დაგეგმილი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG