Accessibility links

logo-print

ბორჯომში მცხოვრები დევნილები გასახლებას ითხოვენ


ბორჯომში ჩასახლებული დევნილები ყურადღებას ითხოვენ. სანატორიუმ „ლიკანის“ N2 და N3 კორპუსები, სადაც დევნილები აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობენ, ავარიულ მდგომარეობაშია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წლის ბოლომდე მათთვის ახალი ფართის შეთავაზებას გეგმავს.
სანატორიუმებში დევნილები ომის შემდეგ შეასახლეს და დღემდე იქ არიან. ჟურნალისტები, „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელის“ მიერ მოწყობილი მედიატურის ფარგლებში, დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. N2 კორპუსის ბევრ ოთახში იატაკი უკვე ჩავარდა, დერეფნებში კედლები ჩამონგრეულია, შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, მაგრამ რადგანაც დევნილებს სხვაგან წასასვლელი არა აქვთ, დღემდე იქ იმყოფებიან.
„10-15 წელი იქნება, რაც ეს კორპუსი ავარიული გახდა. სტალინისდროინდელი შენობაა და დაიშალა ყველაფერი. წყალი რომ ჟონავს, იატაკი ლპება და ბეტონი ინგრევა“, - ამბობს გიორგი ჯანაშია.

არანაკლებ რთული პირობებია N3 კორპუსში. შენობას დაზიანებული აქვს სახურავი, რის გამოც ოთახებში წვიმა ჩამოდის. ოჯახების შემადგენლობა იზრდება, მაგრამ იძულებულნი არიან ყველამ ერთად ერთ ან ორ ოთახში იცხოვროს. გარდა ამისა, დევნილები ამბობენ, რომ მათ ძალიან უჭირთ სამსახურის შოვნა და, შესაბამისად, თავის რჩენაც.

„არა მოცულობა, არა საშუალება. სამსახური ჩვენთან არ არის, არაფერი ჩვენთან არ არის... ან რაღაცაში მოგვეხმარონ, ან გაგვირემონტონ. აგერ, სოფელ ფაფაში გაურემონტეს - რომ შეხვალ, გესიამოვნება. მე ვწვალობ, ნამეტანი სიშავე რომ არ მქონდეს, ორ წელიწადში ერთხელ ორ ლარ-ნახევრიან შპალერს გამოვიტან ხოლმე და გავაკრავ. ისიც ხშირად ნისიად გამომაქვს. რა ცხოვრებაა ახლა ეს? რა მოსაწონია?“ - ამბობს დარეჯან კოპალიანი.

„ჩვენ აქ ყველაფრის პრობლემა გვაქვს. წყალი ჩამოდის, ერთმანეთს ვასველებთ მეზობლები. არავინ გვაკითხავს. ძალიან, ძალიან უკიდურესი მდგომარეობაა. აგერ, აიხედეთ, სახურავი აღარ არის. ველოდებოდით, რომ ახალი მთავრობა მაინც მოვიდოდა. უმუშევრობაა და ხალხს უკვე საჭმლის ჭამა უჭირს“, - ამბობს დევნილი ლეილა ლაბარტყავა.

ორივე კორპუსში დაახლოებით ორასამდე ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის არიან როგორც ავადმყოფები, ასევე ბავშვები და მარტოხელა მოხუცებიც. დევნილები ამბობენ, რომ ასეთ პირობებში მათი ყოფნა განსაკუთრებით სახიფათოა.

რადიო თავისუფლება: რამდენი წლისა ხართ?

დევნილი: 87-ს ვამთავრებ 19 სექტემბერს.

რადიო თავისუფლება: მარტო ცხოვრება არ გიჭირთ?

დევნილი: კი მიჭირს, მაგრამ ჩემები მიდიან, მოდიან... მთავრობა არაფერს გვეხმარება.

რადიო თავისუფლება: წვიმა ჩამოგდით?

დევნილი: წვიმა არა, წყალს მასხამენ მეზობლები, გაეპარებათ ხოლმე წყალი, მაგრამ ახლა წყალს საერთოდ არ გვაძლევენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი ეკა გულია აცხადებს, რომ აღნიშნული შენობებიდან ერთი ავარიული, მეორე კი კერძო საკუთრებაა. ამ მიზეზის გამო შენობებს დევნილებს ვერ დაუკანონებენ. სამინისტრო მათ ალტერნატიულ ფართს წლის ბოლომდე შესთავაზებს.
„სამინისტროს ახალციხესა და ხაშურში დაგეგმილი აქვს გარკვეული შენობების გარემონტება და როდესაც რეაბილიტაცია დასრულდება, მას დევნილებს შესთავაზებენ. ასევე, ბორჯომში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილია ყოფილი სამშობიარო სახლის გარემონტება და საცხოვრებელ ბინებად გადაკეთება. ამ შენობასაც დევნილებს შესთავაზებენ“.
შესაძლო შეთავაზებით უკვე უკმაყოფილოა დევნილების ნაწილი. მათი თქმით, სამინისტროს წინადადებას ბევრი არ დასთანხმდება.

„შემოგვთავაზეს მხოლოდ მიტოვებული, საცხოვრებლად უვარგისი შენობა, საშინელება. ჰოსპიტალიდან ჰოსპიტალში გადავყავართ. იქ ცხოვრება არ შეიძლება. ოღონდაც თავიდან მოგვიშორონ და ეგაა“, - ამბობს ციალა გეგუსიანი.

ეკა გულუას თქმით, დასთანხმდებიან თუ არა დევნილები სამინისტროს მიერ შეთავზებულ წინადადებას, ეს უკვე მათი პირადი არჩევანია.
XS
SM
MD
LG