Accessibility links

logo-print

დევნილებს გაზის დავალიანებას აღარ აპატიებენ


დევნილების ახალი დასახლება ზუგდიდში

დევნილების ახალი დასახლება ზუგდიდში

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ყველა დევნილ ოჯახს, რომელიც კომუნალურ დავალიანებას - ყოველთვიურ 15 ლარს - არ დაფარავს, გაზსა და ელექტროენერგიას ჩაუჭრიან. დევნილები კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებით სარგებლობდნენ, თუმცა ზოგ შემთხვევაში მათ ამ შეღავათების პირობებშიც უჭირთ გადასახადის გადახდა. რა პრობლემები აქვთ ამ მხრივ დევნილებს და რატომ ვერ ფარავენ დაგროვილ დავალიანებას?

მანანა პაპიტაშვილი წეროვანში, დევნილთა დასახლებაში, სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მას აქ გადმოსვლა 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, სამაჩაბლოდან, სოფელ კეხვიდან მოუხდა. როგორც ამბობს, დაახლოებით ორი თვეა, გადაუხდელობის გამო მის სახლს გაზი არ მიეწოდება და არც იმის იმედი აქვს, რომ დაგროვილი თანხით დავალიანების გადახდას შეძლებს:

„წინასწარ გვთხოვენ 800 ლარზე მეტის გადახდას. როცა თვეში სოციალური დახმარება 250 ლარი მაქვს, მყავს სამი შვილი, ერთ-ერთი - 9 წლის, თირკმელების უკმარისობით, როგორ გადავიხადო? არა მაქვს“.

შარშან მაქსიმუმი გავაკეთეთ. მთელი ეს დავალიანება, რომელიც ზოგიერთი ოჯახისთვის 50 ლარი, ზოგიერთისთვის კი 2000 ლარი იყო, გავანაწილეთ ისე, რომ თვეში 15 ლარზე მეტის გადახდა არ უწევთ...

მანანა პაპიტაშვილი ერთადერთი არაა, ვისაც წეროვანში კომუნალური დავალიანება აქვს. 2014 წელს დევნილებმა აქცია გამართეს გადასახადების განულების მოთხოვნით. მაშინ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებს შეღავათები ერგოთ და დავალიანების ყოველთვიურად, 15-15 ლარად, გადახდა დაეკისრათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთ მათგანს არც ამ თანხის გადახდა შეუძლია, რასაც დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, 2 მარტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ერთადერთი, ვისაც ამიერიდან, შესაძლებელია, დავალიანება აპატიონ, სოციალურად დაუცველები არიან:

„ეს დავალიანებები გროვდება და გროვდება. გავაფრთხილეთ, რომ ყველამ უნდა დაიწყოს გადახდა. შარშან მაქსიმუმი გავაკეთეთ. მთელი ეს დავალიანება, რომელიც ზოგიერთი ოჯახისთვის 50 ლარი, ზოგიერთისთვის კი 2000 ლარი იყო, გავანაწილეთ ისე, რომ თვეში 15 ლარზე მეტის გადახდა არ უწევთ. ოჯახი, რომელიც დავალიანებებიდან 15 ლარს არ გადაიხდის, მას, ბუნებრივია, ჩაუჭრიან".

საქართველოს დევნილთა პარტიის თავმჯდომარე ლელა გულედანი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება მინისტრმა ასეთი ხისტი განცხადებები აკეთოს დევნილთა მისამართით. მისი თქმით, წეროვანი არაა იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთადერთი დასახლება, რომელსაც მსგავსი პრობლემა აწუხებს:

ლელა გულედანი

ლელა გულედანი

„ჩვენ გვაქვს გუდამაყრის ქუჩა, სახლმმართველობის შენობა გვქონდა, კიდევ ერთი ობიექტი, სადაც დევნილები ცხოვრობენ. დასაქმებულები რომ იყვნენ, ეკონომიკურად მოძლიერებულები რომ იყვნენ და შემოსავალი ჰქონდეთ, კიდევ მოახერხებდნენ ამ ვალის ეტაპობრივად დაფარვას... დევნილებს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ამ ყველაფერში“.

იგივე პრობლემაა ელექტროენერგიასთან დაკავშირებითაც. როგორც მანანა პაპიტაშვილი ამბობს, გაზის ჩაჭრის შემდეგ ის ზამთარში ელექტროგამათბობლებს იყენებდა, რის გამოც თვის ბოლოს 100 ლარზე მეტის გადახდა მოუწია, ეს კი მისი სოციალური დახმარების, დაახლოებით, ნახევარია. მისივე თქმით, წეროვანში არიან ოჯახები, რომლებსაც კომუნალური გადასახადების გადახდა არ უჭირთ, თუმცა საკმაოდ ბევრისთვის ეს ყოველთვიურად დიდი ტვირთია და, ამიტომაც, სახელმწიფოსგან შესაბამის გამოხმაურებას ითხოვს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG