Accessibility links

logo-print

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში ფულადი დახმარების გაცემა იწყება


კარალეთის დევნილთა დასახლება

კარალეთის დევნილთა დასახლება

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში 200 ლარიანი დახმარების გაცემა იწყება. გორის მუნიციპალიტეტში სათბობით უზრუნველყოფისთვის დახმარებას 7100 ოჯახი მიიღებს. ამ ოჯახებს შეეძლებათ ეს თანხა გამოიყენონ როგორც შეშის შესაძენად, ისე ელექტროენერგიით გასათბობად. გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს თანხა ზამთრის გასატარებლად საკმარისი არ არის. მოსახლეობის ნაწილი ხეხილის ბაღებს ჩეხს.

ამჟამად გორის ბაზარზე ერთი სატვირთო მანქანა შეშა 700 ლარი ღირს, 200 ლარით კი მხოლოდ ვილისის მარკის მანქანაში დატვირთული შეშის შეძენაა შესაძლებელი. გორში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე აცხადებს, რომ შეუძლებელია ამ თანხით მოსახლეობამ გამოიზამთროს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სოფლებში 2 კუბური მეტრი შეშა შეჰქონდათ და ისიც ბოლომდე საკმარისი არ იყო.

სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი ხიდაშელი ამბობს, რომ თანხა, მართლაც, მცირეა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მთავრობას 300 ლარიანი დახმარების გამოყოფას სთხოვდა, მაგრამ ცნობილია, რომ ახლა დევნილებისთვის, ერთჯერადი დახმარების სახით, 200 ლარიან დახმარებას გამოყოფენ, ანუ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ მცხოვრები ადამიანები ამ მიმართულებით მათთან გაათანაბრეს. ხიდაშელის განცხადებით, სიები უკვე დაზუსტებულია და თანხის გაცემა მალე დაიწყება.

2008 წლის აგვისტოს ომამდე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებნი შეშას მიმდებარე ტყეებში ამზადებდნენ, მაგრამ ომის შემდეგ ეს ტყეები რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებმა დაიკავეს და ადგილობრივ მოსახლეობას ტყეში შესვლა აუკრძალეს, საკუთარი რისკის ფასად ტყეეში შესულებს კი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აკავებდნენ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტში 10 თემის 26 სოფლის მოსახლეობა მიიღებს 200-200 ლარიან დახმარებას. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ მცხოვრებლებს ფულად დახმარებას ხელზე ბანკში მისცემენ. დახმარებას მხოლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ზამთარს სოფელში ატარებენ.
XS
SM
MD
LG