Accessibility links

logo-print

დევნილების დაბრუნება – მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის თავსატეხი


გაეროს ოფისი ჟენევაში

გაეროს ოფისი ჟენევაში

30 ივნისს-1 ივლისს ჟენევა საერთაშორისო მოლაპარაკებათა 32-ე რაუნდის მონაწილეებს მასპინძლობს. სამშაბათს თანათავმჯდომარეებთან საუბარია დაგეგმილი, ხოლო ოთხშაბათს პირველი და მეორე სამუშაო ჯგუფების სხდომები უნდა გაიმართოს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ფორმატის მონაწილეები კონსტრუქციულად იმუშავებენ, თუმცა, წინასწარი განცხადებების მიხედვით, გაჩნდა მოლოდინი, რომ 32-ე რაუნდი შესაძლოა ჩაიშალოს. საგანგებო ყურადღების ცენტრშია დევნილების დაბრუნების საკითხი.

ქართული მხარე კონსტრუქციული მუშაობის იმედს არ კარგავს, მიუხედავად იმისა, რომ საამისო წინაპირობები პრაქტიკულად არ არსებობს და ეს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელისთვისაც ნათელია. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ კომენტარი ჟენევაში გააკეთა:

„წინა რაუნდის გამოცდილებამაც გვიჩვენა და ის განცხადებები, რომლებიც ამ ბოლო დროს სისტემატიურად კეთდება მოსკოვში, სოხუმში და ცხინვალში, ცხადყოფს იმას, რომ არც ერთი მათგანი არ არის მზად იმისათვის, რომ კონსტრუქციულად განიხილოს ის საკითხები, რომლებიც წარმოადგენსჟენევის მოლაპარაკებების ფუნდამენტს – ეს არის ძალის არგამოყენება, ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო მექანიზმები, ეს არის ჰუმანიტარული საკითხები“.

ძალის არგამოყენების ვალდებულების თემა კვლავინდებურად პრობლემად რჩება და, სავარაუდოდ, ამ მხრივ მონაწილეები ვერც 32-ე რაუნდის ფარგლებში გამონახავენ საერთო ენას. მაგრამ ამჯერად საგანგებო აქცენტი მაინც დევნილების დაბრუნების პრობლემაზე კეთდება. ეს არის საკითხი, რომელიც სულ უფრო მწვავდება ყოველ ჯერზე, როცა გაეროს გენერალური ასამბლეა დაუჭერს მხარს საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას. რუსეთი აღშფოთებულია, რომ დოკუმენტი, რომელიც აღიარებს დევნილთა და ლტოლვილთა უფლებებს დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს, ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იკრებს. 3 ივნისს, როცა მორიგი ასეთი რეზოლუცია იხილებოდა, რუსეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე „ჰუმანიტარულ პრინციპებს იყენებს პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად, რაც ეწინააღმდეგება ხალხისა და რეგიონის მოთხოვნებს“.

დევნილების საკითხი, მოსკოვის გარდა, სოხუმისადა ცხინვალის უკმაყოფილების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს და, მოსკოვთან ერთად, ისინიც მუდმივად ცდილობენ დაბლოკონ ამ საკითხის განხილვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში იმ მოტივით, რომ ეს საკითხი ყოველწლიურად განიხილება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ.

ვფიქრობ, რომ ისინი ჩაშლიან ჟენევის მოლაპარაკებებს და ამას სწორედ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მიაბამენ. ამის წინაპირობა იყო წინა რაუნდი – წინა რაუნდზე, ჩემი ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში ისინი, ფაქტობრივად, უკვე აღარც შესულან სამუშაო ჯგუფებში...

„აფხაზეთის მხარე არ აპირებს დევნილების საკითხის განხილვას“, – განაცხადა 30 ივნისს ჟენევაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, რის შესახებაც საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება. თუმცა, იმავე ჩირიკბას თქმით, ჟენევის მოლაპარაკებათა 32-ე რაუნდზე გაკეთდება საგანგებო განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით. განწყობა ადვილი მისახვედრია მისი სიტყვების მიხედვით:

„მთელი რიგი ქვეყნების მიერ ასეთი დოკუმენტის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ არ არსებობს მიუკერძოებელი მიდგომა ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის პროცესში“.

ჟენევის მოლაპარაკებათა 32-ე რაუნდის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და საქართველოს დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა დაამკვიდრეს დესტრუქციული პრაქტიკა, როდესაც ისინი დემონსტრაციულად ტოვებდნენ მე-2 სამუშაო ჯგუფის სხდომას, სადაც ჰუმანიტარული საკითხები და, მათ შორის, დევნილების თემაც განიხილება, და თვითნებურად უერთდებოდნენ პირველ სამუშაო ჯგუფს, სადაც უსაფრთხოების საკითხები განიხილება და სადაც მათ არაფერი ესაქმებათ. ზალკალიანის პროგნოზით, იგივე მოხდება ამ რაუნდზეც და ქართულ მხარეს განსაკუთრებული სიფხიზლე მართებს:

„ვფიქრობ, რომ ისინი ჩაშლიან ჟენევის მოლაპარაკებებს და ამას სწორედ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მიაბამენ. ამის წინაპირობა იყო წინა რაუნდი – წინა რაუნდზე, ჩემი ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში ისინი, ფაქტობრივად, უკვე აღარც შესულან სამუშაო ჯგუფებში. ვფიქრობ, რომ ქართულმა დელეგაციამ, თანათავმჯდომარეებთან ერთად, ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ეს არ მოხდეს“.

დავით ზალკალიანი თვლის, რომ სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ფორმატის სრულფასოვნად შენარჩუნება და დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG