Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილების დაბრუნების საკითხს გაეროში წელს ორით მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდა


გაეროს გენერალური ასამბლეა
გაეროს გენერალური ასამბლეა
7 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც დევნილების ღირსეული დაბრუნების საკითხს ასახავს, მწვავე რეაქციები მოჰყვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების მხრიდან. თბილისი კი წელს ორით მეტ მხარდამჭერს ითვლის და კმაყოფილებით აღნიშნავს ეტაპობრივ დიპლომატიურ გამარჯვებას. რეზოლუციის მიღებას სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ სტუბმაც.

50 ხმა 17-ის წინააღმდეგ - ასეთი თანაფარდობით მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომლის მთავარ აქცენტებსაც დევნილთა ღირსეული დაბრუნება და მათი საკუთრების ხელშეუხებლობა წარმოადგენს. ანალოგიური სახის რეზოლუციებს გაეროს გენერალური ასამბლეა უკვე მესამე წელიწადია უჭერს მხარს, მაგრამ თუ შარშანწინდელი დოკუმენტი მხოლოდ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონს უკავშირდებოდა, შარშანდელი და წლევანდელი რეზოლუციები სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის საკითხსაც მოიცავს. საქართველოს მიზანია, დევნილთა დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ქვეყანა მიიმხროს გაეროს გენერალურ ასამბლეაში. თუმცა პროცესი რომ საკმაოდ რთულია, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. თუ 2009 წლის რეზოლუციის შემთხვევაში მომხრეთა რიცხვი წინა წელთან შედარებით ერთბაშად 34 ერთეულით გაიზარდა და 48-ს მიაღწია, წელს მატება მხოლოდ 2 ქვეყნით შემოიფარგლება.

ყოველივე ამის უკან რუსეთის უკანონო ქმედებებს ხედავს საქართველოს პრეზიდენტი. ”იყო ხელების ამოგრეხვა, მიდიოდა პირდაპირი შანტაჟი სხვადასხვა ქვეყნის. მოსყიდვის მცდელობა იყო და ალბათ ვიღაცეები მოისყიდეს კიდეც, ეს მე არ ვიცი...”, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა 8 სექტემბერს ტელეეთერით გავრცელებულ კომენტარში. შანტაჟისა და დაშინების ფაქტების არსებობას ადასტურებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში. ალექსანდრე ლომაია ხაზს უსვამს რუსეთის მხრიდან წელს გამოვლენილ უპრეცედენტო აქტივობას და ამბობს იმასაც, რომ მოსკოვი რიგ შემთხვევებში არც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას დაერიდა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ გაერო 192 წევრ ქვეყანას ითვლის, ხოლო 7 სექტემბრის კენჭისყრაში მხოლოდ 67 ქვეყნის პოზიცია გამოვლინდა, ბუნებრივად იბადება შეკითხვა - სად იყვნენ დანარჩენები? ალექსანდრე ლომაიას განმარტებით, ზოგმა თავი შეიკავა, ხოლო ზოგიც, უბრალოდ, არ ესწრებოდა კენჭისყრის პროცესს:

”გაეროს რეზოლუციებში ყოველთვის გამოყოფენ რაოდენობრივ მხარეს და თვისობრივ მხარეს. ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ წელს შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს თვისობრივი მხარე. შარშანდელთან შედარებით რუსეთს მოაკლდა რეგიონალური მნიშვნელობის 7 სახელმწიფო, ანუ ჩვენს საწინააღმდეგო პოზიციას გამოაკლდა რეგიონალური მნიშვნელობის 7 სახელმწიფო. ესენია: ინდოეთი, ირანი, ალჟირი, ეთიოპია, ბელარუსი, ბოლივია და ეკვადორი.”

მართალია, ალექსანდრე ლომაიას მიერ ჩამოთვლილ ამ ქვეყნებს წელს არც საქართველოსთვის დაუჭერიათ მხარი, მაგრამ თბილისში იმედოვნებენ, რომ თანდათან საქართველო სულ უფრო მეტი ქვეყნის მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თვლის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა და ”ვერდიქტი გამოუტანა რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმების ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეთნიკურ წმენდას...”

”რეზოლუციაში არის შესანიშნავი ფორმულირება - ძალადობრივი შეცვლა დემოგრაფიული სიტუაციის... რაც ეთნიკური წმენდის სინონიმს წარმოადგენს... ”, - განაცხადა ვაშაძემ 8 სექტემბერს.

დემოგრაფიული სიტუაციის ძალადობრივი შეცვლის გარდა, 7 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურების აუცილებლობა დევნილების დაბრუნების ხელშეწყობის კუთხით და საუბარია ასევე დაბრუნების ეტაპებთან დაკავშირებული საგანგებო გრაფიკის შექმნის თაობაზე. რეზოლუციის მხარდამჭერ 50 ქვეყანას შორის არის ფინეთიც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისში მყოფი ალექსანდრ სტუბი დევნილების დაბრუნების აუცილებლობაზე 8 სექტემბერსაც ღიად ლაპარაკობდა:

”ფინეთის ხედვით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პატივი ვცეთ ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირების სტატუსს, ხელი შევუწყოთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას... უნდა ვეცადოთ რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებას, რათა დევნილებმა საკუთარ სახლებში დაბრუნება შეძლონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ ეს რეზოლუცია წარმოადგენს სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს.”

7 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციას მწვავე უკმაყოფილებით გამოეხმაურნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონებიდან, სადაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ეწინააღმდეგებიან დევნილების დაბრუნების საკითხს. მაგალითად, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ”უკიდურესად ირონიული” უწოდა იმ ფაქტს, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სწორედ იმ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლიცია დაამტკიცა, რომელიც რეგიონში 20-წლიანი აგრესიითა და ”უწყვეტი ტერორისტული აქტიურობით” გამოირჩევა. ინგლისურენოვან განცხადებაში, რომელიც დე ფაქტო მთავრობამ უცხოურ მედია-საშუალებებს დაუგზავნა, იძულებით გადაადგილებული პირები ლტოლვილებად არიან მოხსენიებული და ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ ასეთი კატეგორია რეგიონში სწორედ საქართველოს აგრესიული ქმედებების შედეგად წარმოიშვა.

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის სახელით შეფასებები 8 სექტემბერს ადგილობრივმა ექსპერტმა ინალ პლიევმა გააკეთა. დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში პლიევი სასტიკად აკრიტიკებს გაეროს და რეზოლუციის მხარდაჭერას აღიქვამს ”უმრავლესი მსხვილი სახელმწიფოს, მათი მოკავშირეებისა და სატელიტების ნაციონალისტურ-შოვინისტურ მიდგომად ოსი და აფხაზი ხალხებისადმი.”

რაც შეეხება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას, ანალიტიკოსები ამგვარი ტიპის დოკუმენტებისგან გარღვევასა და სწრაფ შედეგებს ნამდვილად არ მოელიან. ამ კონტექსტში აღინიშნება ის ფაქტი, რომ დოკუმენტი სავალდებულო ხასიათის არ არის და ის მხოლოდ სარეკომენდაციო სახეს ატარებს. თუმცა იმავე ანალიტიკოსების ხედვით, მსგავსი დოკუმენტები არცთუ იშვიათად საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დიპლომატიურ ბრძოლაში, რადგანაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყველაზე წარმომადგენლობითი პოლიტიკურ-დიპლომატიური ფორუმია და ის მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG