Accessibility links

logo-print

გაეროში საქართველოს დევნილთა შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება


დევნილთა მხარდასაჭერი გამოფენა-აქცია

დევნილთა მხარდასაჭერი გამოფენა-აქცია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 3 ივლისს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოს მიერ ინიცირებული მეხუთე რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რეზოლუციას მხარი დაუჭია 60-მა სახელმწიფომ, წინააღმდეგი კი 15 აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. როგორც ქართული მხარე აცხადებს, გაეროს გენერალურ ასამბლეაში რეზოლუციის ყოველწლიური ინიცირება მიზნად ისახავს ამ საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას, თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავს რეზოლუციებს არანაირი რეალური შედეგის მოტანა არ შეუძლია.

რევაზ შოშიტაშვილი, 79 წლის, დევნილი სამხრეთ ოსეთიდან; ტურფა ქრისტესაშვილი, 94 წლის, დევნილი სამხრეთ ოსეთიდან; გიორგი დათაშვილი, სამი წლის, დაბადებულია დევნილობაში - ეს ის ადამიანები არიან, რომელთა პორტრეტებიც ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა სხვა დევნილებთან ერთად ცოტა ხნის წინ დევნილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის გადაიღო. მათი ფოტოები თბილისში, გაეროს სახლთან, 4 ივლისს გამოიფინა. სოფო ფირცხალავა ფოტოებს ათვალიერებს. ის აფხაზეთიდან დევნილია. 14 წლის იყო, ოჯახთან ერთად სოხუმიდან რომ წამოვიდა. თითქმის 20 წელია თბილისში ცხოვრობს. მიუხედავად თბილისში გატარებული წლებისა, მას მაინც ის სახლი ენატრება, სადაც ბავშვობა გაატარა:
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას არანაირი რეალური შედეგი არ მოჰყვება...


”იმ სახლში სითბო, სიყვარული, მთელი ჩემი ბავშვობა დავტოვე. იქ ვისწავლე, იქ შევიძინე ჩემი მთელი ფასეულობები. თუკი მოხდა სასწაული და მე მომეცა საშუალება, რომ ჩემს სახლში დავბრუნდე, აუცილებლად დავბრუნდები. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი დაბრუნდება”, - ამბობს სოფო.

სოფოს სჯერა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 3 ივლისს ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ დევნილები საკუთარ სახლებში მართლა დაბრუნდნენ. ნიუ-იორკში, გაეროს 66-ე სესიაზე, რიგით მეხუთე რეზოლუცია დაამტკიცეს. დევნილთა მხარდასაჭერი გამოფენა-აქცია

დევნილთა მხარდასაჭერი გამოფენა-აქცია

რეზოლუციას, შარშანდელისგან განსხვავებით, 3 ქვეყნით მეტმა - 60-მა ქვეყანამ - დაუჭირა მხარი. გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო და მას შემდეგ ყოველწლიურად ადასტურებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობით, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს გაააქტიურონ ძალისხმევა დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ალექსანდრე ლომაია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, მიიჩნევს, რომ აუცილებელია რეზოლუციის მხარდამჭერ ქვეყანათა რიცხვი ყოველწლიურად გაიზარდოს.

”წელს ეს ამოცანა შესრულებულია. თუკი 2008 წელს რეზოლუციას მხოლოდ 14 მხარდამჭერი ჰყავდა, წელს მათი რიცხვი უკვე 60-ს შეადგენს და ეს წინსვლა კიდევ გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, ეს რეზოლუცია აუცილებლად გახდება გაეროს გენერალური ასამბლეის უმრავლესობის რეზოლუცია”, - ამბობს კახა ლომაია.
დევნილთა მხარდასაჭერი გამოფენა-აქცია

დევნილთა მხარდასაჭერი გამოფენა-აქცია


”გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას არანაირი რეალური შედეგი არ მოჰყვება”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. როგორც ის მიიჩნევს, ძალიან ხშირად მსგავსი რეზოლუციებისთვის ხმის მიცემა-არმიცემის საკითხი ვაჭრობის საგნადაც კი იქცევა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ აქცენტს ის რუსეთზე აკეთებს:

”ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება თავისივე რეზოლუცია დააყენოს და შემდეგ უკვე იწყება ლობირება ამ რეზოლუციის. ხვდებიან თავიანთ მეგობარ ქვეყნებს და სთხოვენ, რომ მათ რეზოლუციას ხმა მისცენ. არ გამოირიცხება ზოგჯერ ფულის შეთავაზებაც კი. აი, რუსეთი, მაგალითად, როგორც წესი, ასეთ დროს ფულს იხდის ხოლმე. პატარა სახელმწიფოს ხმის სანაცვლოდ რამდენიმე ათას დოლარს უხდის ხოლმე. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია არანაირ სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. ეს არის, უბრალოდ, ერთი რომელიმე სახელმწიფოსთვის მხარდაჭერა ან პირიქით. მეტი არაფერი.”


ისევე როგორც წინა წლებში, რუსეთი კვლავაც იმ ქვეყნების სიაში რჩება, რომლებიც საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის წინააღმდეგნი არიან. როგორც რუსეთის წარმომადგენელი გაეროში ალექსანდე პანკინი აცხადებს, დოკუმენტი ვერ ასახავს რეგიონის „ამჟამინდელ პოლიტიკურ რეალობას“, მათ შორის იმას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“. სხვა ქვეყნებს შორის, რომელთაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, არიან: სომხეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმარი, ნაურუ, ნიკარაგუა, სერბეთი, შრი-ლანკა, სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.

აქვე უნდა ითქვას, რომ რეზოლუციის კენჭისყრისას, სხვა 82 ქვეყანას შორის, თავი შეიკავა თურქეთმა და ისრაელმა, ასევე შვეიცარიამ. წელს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც კენჭისყრას არ ესწრებოდნენ, იყო ირანი და უკრაინა. რაც შეეხება რეზოლუციის მხარდამჭერებს, 60 ქვეყანას შორისაა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ფინეთი, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია. აქვე უნდა ითქვას, რომ ტუვალუ, რომელმაც 2011 წლის სექტემბერში საქართველოს სეპარატისტული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - აღიარა, წელს რეზოლუციის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG