Accessibility links

logo-print

დევნილების ძველი პრობლემები ახალ დასახლებაში


დევნილთა ახალი დასახლება ზუგდიდში

დევნილთა ახალი დასახლება ზუგდიდში

აპრილში ერთი წელი შესრულდება, რაც მთავრობამ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 320 ოჯახს ბინა ზუგდიდის ცენტრში ახლად აშენებულ კომპლექსში გადასცა. დასახლება ათ კორპუსს, ავტომანქანის სადგომს, ხის დასასვენებელ ფარდულებს, ბავშვებისთვის გასართობ და სპორტულ მოედანს მოიცავს. ერთი წლის თავზე ახალ კორპუსებში მცხოვრებნი ამბობენ, რომ რეალურად საცხოვრებელი პირობების მხრივ მათი ცხოვრება შეიცვალა, თუმცა მთავარი პრობლემა - უმუშევრობა - კვლავ უცვლელი რჩება.

გალის რაიონის მკვიდრი მზია ყალიჩავა ამბობს, რომ ახალი ბინის მიღებისთანავე დაიწყო ფიქრი საკუთარ მცირე ბიზნესზე. მას ახლა დასახლების ეზოში პატარა ჯიხური აქვს, სადაც პურ-ფუნთუშეულთან ერთად ბოსტნეულს და ტკბილეულს ყიდის. მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, მისი საქმიანობა სარფიანი არ აღმოჩნდა:

„ეს, რომ მოვედი, იმ დღიდან დავიწყე. სხვა რა უნდა მექნა? პურის ფული არ მქონდა და დავიწყე ვაჭრობა. მყიდველები მყავს, მაგრამ ნისია.... მოგეცა ლხენა, ძირითადად ნისიაა. წაღება ჰარი-ჰარალეთია, მოტანა თქვი შენ, თორემ“.

უკმაყოფილო არ ვარ, ასე რომ ვთქვათ, მეფურად ვარ. ადრე რომ ვიყავი, იმასთან შედარება არ არის, მაგრამ არის ხარვეზები, რაც ცუდია. სარდაფში წყალია, ონკანები არ არის კარგი გაკეთებული...

გარდა უმუშევრობისა, ახალი დასახლების მობინადრეები შენობაში არსებულ სამშენებლო ხარვეზებზეც ლაპარაკობენ. ისინი ახალსახლობისთვის მადლობელნი არიან, მაგრამ ჩივიან სარდაფში დაგროვილი წყლის, დაობებული კედლების, გაფუჭებული ონკანებისა და გაუმართავი მილების გამო:

„წვიმიან ამინდში რომ მოხვიდეთ და ნახოთ, უბრალოდ, შიგნით ვერ გაჩერდებით. ალბათ, რაღაც ხარვეზია და არ არის ისე, როგორც საჭიროა“;

„უკმაყოფილო არ ვარ, ასე რომ ვთქვათ, მეფურად ვარ. ადრე რომ ვიყავი, იმასთან შედარება არ არის, მაგრამ არის ხარვეზები, რაც ცუდია. სარდაფში წყალია, ონკანები არ არის კარგი გაკეთებული“;

„წყალი ჩამოდის კედლებიდან და სულ სველია. ვართ ასეთ დღეში. რა ვქნათ“, - აცხადებენ რესპონდენტები.

ახალი დასახლების მცხოვრებთა ნაწილმა ხარვეზებზე საუბარი ბინის მიღებიდან მესამე თვეს დაიწყო. გასული წლის ზაფხულში მოსული ძლიერი წვიმის დროს კი რამდენიმე კორპუსს წვიმის წყალი ჩაუვიდა. მაშინ სამშენებლო კომპანია „დაგის“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სახურავების დაზიანებაში წვლილი თავად კორპუსის მობინადრეებსაც მიუძღვით, რადგან თვითნებურად ამონტაჟებდნენ ტელევიზორის ანტენებს. როგორც ირკვევა, „დაგის“ მშენებლებმა სახურავზე არსებული პრობლემები მოაგვარეს. რაც შეეხება კორპუსის მობინადრეთა მიერ დასახელებულ დანარჩენ ხარვეზებს, დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა აცხადებს:

დევნილთა ახალი დასახლება ზუგდიდში

დევნილთა ახალი დასახლება ზუგდიდში

„დაიარეს სათითაოდ ყველა ბინა, რომელიც იყო ღია და სადაც ადგილზე დახვდნენ - ნახეს ის დევნილები, ვისაც პრობლემა ჰქონდა სარდაფთან, კედლებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი უკვე აღწერილია და სანამ აპრილი დასრულდება, სანამ ერთწლიანი გარანტია დასრულდება, ხარვეზები აღმოფხვრილი იქნება“.

მანუჩარ ჩილაჩავასავე ინფორმაციით, სანამ დევნილი მოსახლეობა ახალ ბინას მიიღებდა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (მგფ) ნამუშევარი შეამოწმა და დადო დასკვნა, რომ კორპუსები საცხოვრებლად ვარგისია. ახალი კომპლექსი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-მა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით ააშენა. პროექტის ღირებულებამ 14, 463, 231.73 ლარი შეადგინდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG