Accessibility links

logo-print

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 62 ოჯახის ახალ კორპუსში განსახლება კიდევ ორი თვით გადაიდო. ქალაქის ყოფილი საავადმყოფოს შენობის გადაკეთების სამუშაოები მშენებელმა კომპანიამ დროულად ვერ დაასრულა. ამ კომპანიასთან სახელმწიფომ ხელშეკრულება გააუქმა და ახლა სამუშაოებს სხვა კომპანია დაასრულებს. ეს ინფორმაცია დევნილებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიაწოდა. გასული კვირის ბოლოს მინისტრი შიდა ქართლში იმყოფებოდა და დევნილთა დასახლებებში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებს ისმენდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ ახალ საცხოვრებელ კორპუსში, პირველ რიგში, ცხინვალიდან 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დევნილი ოჯახები გადაიყვანონ. ეს ოჯახები ამჟამად ტურბაზაში, ხის კოტეჯებში, ცხოვრობენ, კოტეჯები კი საცხოვრებლად უვარგისია და ყოველდღიურად იშლება. ევა გნოლაძე კიბეებზე შიშით ადის, რადგან არაერთხელ დამაგრებული საფეხურები შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩატყდეს.

ტურბაზაში სულ 139 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს, აქედან 35 ოჯახი ხის კოტეჯებშია შესახლებული. მინისტრის ვიზიტისას, საცხოვრებელი პირობების გარდა, დევნილებმა სოციალურ პრობლემებზეც ისაუბრეს და სახელმწიფოს მეტი დახმარება სთხოვეს. გარდა ამისა, იძულებით გადაადგილებულ პირებს კომუნალური გადასახადების გადახდა უჭირთ. როგორც ცნობილია, სახელმწიფომ დევნილებს შემწეობა 45 ლარამდე გაუზარდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველა კომუნალურ გადასახადზე შეღავათი გააუქმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილებს პირობა მისცა, რომ მათ საცხოვრებელ და სოციალურ პირობებს სახელმწიფო დროთა განმავლობაში გააუმჯობესებს, ახალ საცხოვრებელ კორპუსში კი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს ჩაასახლებენ.

ქალაქის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში 62 ოჯახს შეასახლებენ, მსურველთა რაოდენობამ კი უკვე 200-ს მიაღწია. სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრიორიტეტი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს მიენიჭებათ. დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. საქართველოს 6 სამედიცინო კლინიკის ექიმები დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს და, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიულ ოპერაციებს ჩაუტარებენ.

XS
SM
MD
LG