Accessibility links

logo-print

მთავარი საარჩევნო სურვილი საკუთარ სახლში დაბრუნებაა. გურამ ოთინაშვილი სოფელ ქემერტიდან იძულებით გადაადგილებული პირია. იგი ამჟამად გორთან ახლოს, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, ცხოვრობს. ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დევნილთა მდგომარეობა გაუმჯობესდება და ახალი მთავრობა მათ მიმართ მეტ ყურადღებას გამოიჩენს.

გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის 101-ე საარჩევნო უბანზე დილიდანვე მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა. 15 საათისთვის საარჩევნო უბანში დევნილთა დასახლების ამომრჩეველთა 50 პროცენტი უკვე მისული იყო. უბნის სიახლოვეს მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ასეთი მშვიდი არჩევნები არ ახსენდებათ. ვერხვების დევნილთა დასახლებაში უამრავი ყოფითი პრობლემაა - კოტეჯების ნაწილი დაბზარულია, მოსახლეობას კომუნალური გადასახადების დავალიანება დაუგროვდა. ზოგიერთ კოტეჯში წყალიც ჩადის. ცხინვალიდან დევნილი მარიამ საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ ახალმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, სოციალური პრობლემები უნდა მოაგვაროს.

იოსებ ბაბუციძის აზრით, სახელმწიფო კონფლიქტების მოსაგვარებლად და მშვიდობის დასამყარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს და ეს კურსი არჩევნების შემდეგ არ უნდა შეიცვალოს.

ლიახვის ხეობიდან დევნილი ახალგაზრდების ერთი ნაწილი სახლში დაბრუნებაზე ნაკლებს ფიქრობს. შმაგი ბერუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მათი პრობლემები ადგილზე უნდა მოაგვაროს, წინაპრების მიწაზე დაბრუნება კი მას აუხდენელ ოცნებად ეჩვენება.

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 41-ე და 42-ე მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, დილიდან რამდენიმე საარჩევნო უბანში პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა კომისიის თავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილის თქმით, ყველა დარღვევა აღმოიფხვრა და ეს პროცედურული დარღვევები შედეგზე გავლენას არ ახდენს.

წინა წლების არჩევნების დროს დევნილთა დასახლებებში მუდამ დაძაბულობა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ამომრჩეველს კი საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა არ შეეძლო. დღეს იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ გარემო თავისუფალია და დაპირისპირების დროც დასრულდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG