Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარვეზები დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში


8 დეკემბერს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გამოაქვეყნა გამოკვლევა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის“ შესახებ. იყო თუ არა ეფექტური სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით და როგორია ხელისუფლებისადმი ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელთა გატარება ხელს შეუწყობს არსებული ხარვეზების გამოსწორებას?

2014 წლის დევნილთა ხელახალმა რეგისტრაციამ შესაძლებელი გახადა მათი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის განსაზღვრა და სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის განახლება, თუმცა ეს ფაქტი, როგორც განსახლების პოლიტიკის უკეთ დაგეგმვის მექანიზმი, ვერ იქნა ეფექტურად გამოყენებული. ასე მიაჩნიათ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მკვლევარებს, რომლებმაც დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკა შეისწავლეს და ამ პროცესში არაერთი ხარვეზი გამოავლინეს. როგორც გამოკვლევის ავტორები წერენ, მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიმართულებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, ეს საკითხი მაინც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორის, ნონა ქურდოვანიძის, თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არა აქვთ, მაგალითად, მონაცემები იმის შესახებ, თუ ე.წ. „კერძო სექტორში“ რეგისტრირებულ დევნილთაგან რამდენ ოჯახს აქვს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი. სამინისტრო არ ფლობს ასევე ინფორმაციას, თუ რამდენი ოჯახი იყო რეგისტრირებული ე.წ. „კერძო სექტორში“ იმ დევნილთაგან, რომლებიც დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი საცხოვრებლით. შესაბამისად, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ამგვარ ვითარებაში რთულია დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, როგორც ჩანს, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პოლიტიკის ხარვეზები მხოლოდ ამით არ ამოიწურება. ერთ-ერთი პრობლემური საკითხია საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის პროცესი:

„სხვადასხვა თემის მიხედვით გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემა, მაგალითად, პრივატიზაციასთან დაკავშირებით ვლინდება, რომ არ ხდება დევნილების სათანადო ინფორმირება პრივატიზაციასთან დაკავშირებით. ასევე უკვე პრივატიზებული ბინები ნაწილ შემთხვევაში არ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლის სტანდარტებს, რაც არის დიდი პრობლემა“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

დევნილთა განსახლების პროცესში არსებულ სხვა ხარვეზებზე მიუთითებს თამარ გვარამაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ამ პროცესში დევნილთა სამინისტროს ქმედება, რომლითაც ის აფერხებს გასაჩივრების მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობას. თამარ გვარამაძე განმარტავს ამ მიმართულებით დღესდღეობით არსებულ პრაქტიკას:

„მაგალითად, ხშირ შემთვევაში, იქ, სადაც დევნილები არიან ჩასახლებულები, მათ არ იციან, რომ ეს ობიექტი იყიდება და რა უფლებები გააჩნიათ მათ ამ პროცესის დროს. არ არის კოორდინირებული სხვადასხვა უწყების საქმიანობა. მაგალითად, პრივატიზაციის პროცესს ახორციელებს არა დევნილთა სამინისტრო, არამედ ეკონომიკის სამინისტრო. ასევე განსახლების პროცედურების დროს, თუკი დევნილი მიმართავს სამინისტროს და სთხოვს საცხოვრებლით უზრუნველყოფას, პრაქტიკა, სამწუხაროდ, ისეთია, რომ მას დროულად არ ეუბნებიან დასაბუთებულ წერილობით უარს და არ აძლევენ დევნილს იმის საშუალებას, რომ გამოიყენოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. გასაჩივრების უფლება - ეს დევნილის ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა“, - ამბობს თამარ გვარამაძე.

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის პრეზენტაცია დაემთხვა 8 დეკემბერს ისანში ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლიდან დევნილთა გამოსახლების პროცესს. სამხედრო ჰოსპიტალში დევნილთა 66 ოჯახი 2012 წლიდან ცხოვრობს. მათ რამდენიმე დღის წინ გზაც გადაკეტეს და მოსალოდნელი გამოსახლება გააპროტესტეს, თუმცა, როგორც გაირკვა, უშედეგოდ:

ამ ზამთარში მაინც რომ დავეტოვებინეთ... ბავშვების პატრონები ვართ, ბავშვებიანად ვინ შეგვიშვებს ქირით.
თუ გაგვიყვანენ, რას გვიპირებენ? სად უნდა წაგვიყვანონ?
ორშაბათს ბინა დაიცლება და უნდა წახვიდეთო. სად უნდა წავიდეთ? სად გავათენოთ ღამე? ქუჩაში?

მურად აბლოთია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, სამხედრო ჰოსპიტლიდან მიმდინარე გამოსახლების პროცესზე რადიო თავისუფლებასთან საუბრობს და ამბობს, რომ გამოსახლებული დევნილები ბინის ქირით, თვეში 300 ლარით, იქნებიან უზრუნველყოფილნი. გარდა ამისა, მისი თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება ჰოსპიტლის რეაბილიტაცია დევნილთა საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად:

„160 ბინა კეთდება და ამიტომაც გვეჩქარება ამ ობიექტის რეაბილიტაცია. 66 დევნილი ოჯახიდან ძირითადი ნაწილი ისევ იმ კორპუსში შესახლდება, ოღონდ უკვე რეაბილიტირებულ ბინებში. დღეს ისინი ცხოვრობენ შუქის, გაზის, წყლის და საკანალიზაციო სისტემის გარეშე“, - ამბობს მურად აბლოთია.

რაც შეეხება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოკვლევაში გაწერილ რეკომენდაციებს ხელისუფლებისადმი, სხვა არაერთ რეკომენდაციას შორის საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესში საია კრიტერიუმებისა და ქულათა სისტემის გადახედვაზე მიუთითებს. მურად აბლოთია, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ამბობს, რომ ამ კრიტერიუმების გადახედვაზე მუშაობა უკვე დაწყებულია:

„დამატებით შემოვიდა ახალი კრიტერიუმი, როგორიც არის ნათესავთან, ახლობლის სახლში ცხოვრება. ათასობით ოჯახია, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობს და მათივე მოთხოვნით მოხდა ამ ცვლილების შეტანა და ასეთი მდგომარეობა უკვე ფასდება ერთი ქულით. ასევე გაიზარდა ომში დაღუპული ოჯახის წევრზე შეფასება და ასეთ ოჯახებს სამი ქულა ენიჭებათ. გაიზარდა ომის ვეტერანის ქულები. შემოვიდა ომში მიღებული ჯილდოების შეფასება დამატებით“.

მურად აბლოთიას თქმით, უკვე არსებობს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული პროექტი, რომლის მიხედვითაც, მომდევნო 10 თვის მანძილზე 10 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი. შეგახსენებთ, რომ, დღეის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 257 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილთა ოჯახების რიცხვი კი თითქმის 85 ათასს შეადგენს. მათგან მხოლოდ 23 ათასი ოჯახია დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, ხოლო 5 ათასს საცხოვრებლის შესაძენად მიღებული აქვს კომპენსაცია. გამოკვლევის ავტორთა თქმით, ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილება მომავალ წლებშიც მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩება.

XS
SM
MD
LG