Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთათვის დასაწერი ქულები და თაღლითობა


დევნილთა ახალი დასახლება ზუგდიდში
დევნილთა ახალი დასახლება ზუგდიდში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს შესაძლო თაღლითურ შემთხვევებზე აფრთხილებს და მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე. სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა დევნილი ქალი მოატყუეს, თითქოს დევნილთა და განსახლების სამინისტროში ჰყავდათ გავლენიანი ნაცნობები, რომელთა მეშვეობითაც შეეძლოთ მისთვის ბინის მისაღებად საჭირო ქულების მომატება, სანაცვლოდ კი დევნილისგან 15 000 დოლარს ითხოვდნენ. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს დევნილი ოჯახი, რომ ბინა მიიღოს? შესაძლოა თუ არა, რომ ეს კრიტერიუმები იქცეს თაღლითობის სქემის მიზეზად?

დევნილთათვის დასაწერი ქულები და თაღლითობა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:40 0:00
გადმოწერა

58 წლის ლილი გულუა აფხაზეთიდან დევნილია. სოხუმიდან 1993 წლის ოქტომბრის დასაწყისში აფხაზი მეზობლის დახმარებით გამოაღწია და ჭუბერის უღელტეხილის გავლით თბილისში ჩამოვიდა. 23 წელია ქირით ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა გასულ ზაფხულს, როგორც თვითონ ამბობს, მისთვის გაურკვეველი მიზეზით, ეს სტატუსი მოუხსნეს. ამჯერად მისი ერთადერთი სტაბილური შემოსავალი დევნილის დახმარებაა. პერიოდულად, როცა კი მოახერხებს, დამლაგებლად მუშაობს და ასე აგროვებს ბინის ქირის გადასახადს, 150 ლარს. წლებია დევნილთა სამინისტროსგან დაპირებულ ბინას ელოდება, თუმცა მას შემდეგ, რაც სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი მოეხსნა, ეს იმედიც გადაეწურა:

„მე ჩემი საწოლისა და ტანსაცმლის მეტი არაფერი გამაჩნია. რაც ამ სახლში დევს, ყველაფერი „ხაზეიკისაა“. მე 23 წელია არაფერი მიყიდია. ან სად მქონდა რაიმეს ყიდვის საშუალება?! წელს, ზამთარში, გეფიცებით, სიცივით მოვკვდი. მერიდებოდა ხოლმე, მაგრამ მეზობელთან შევდიოდი გასათბობად. თუ არ მეძახდნენ სამუშაოდ, საწოლში ვატარებდი მთელ დღეებს, რომ არ გავყინულიყავი“.

ყოველი ასეთი ფაქტი გამოაშკარავებული იქნება. მივმართავთ დევნილებს, რომ მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს და დევნილთა და განსახლების სამინისტროს. ანონიმურობა დაცული იქნება...
ზვიად ლათიბაშვილი

ლილი გულუას მსგავსად, საკუთარ ბინას მარტო დედაქალაქში 30 ათასამდე დევნილი ოჯახი ელოდება. მათგან 2015 წელს ბინა გადაეცა 561 ოჯახს. მათ ბინები „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ აშენებულ ოლიმპიურ სოფელში მიიღეს. როგორც დევნილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, მიმდინარე წელს უკვე განაწილებულია 100 ბინა, წლის ბოლომდე კიდევ 400 ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართით. თუმცა იმისათვის, რომ დევნილმა ოჯახმა ბინა მიიღოს, მან ის მთელი რიგი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, რომელიც დევნილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს ბრძანებითაა გაწერილი და მასში შედის როგორც საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი, ისე სოციალური კრიტერიუმი - მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელი პირობები, მაგალითად, თუკი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, კიბის უჯრედში, ხის ფიცრულში და სხვა. გარდა ამისა, უპირატესობა ენიჭება ოჯახებს, სადაც არის 3 ან მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი, მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი ან რომლის წევრი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სხვა. დადგენილი წესების თანახმად კი, სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტი, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტს წინასწარ ქულას მიანიჭებს ბინის მისაღებად.

სწორედ დევნილთათვის მისანიჭებელი ქულები გახდა საბაბი სქემისა, რომელსაც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა თაღლითური სქემა უწოდა და ამ ბრალდებით 18 ივლისს სამი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, აფხაზეთიდან დევნილი ქალი მოატყუეს, თითქოს დევნილთა და განსახლების სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შეეძლოთ 15 000 დოლარად მისთვის საჭირო ქულების მომატება და რიგის გარეშე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ოლიმპიურ ქალაქში“ ბინის მიღებაში დახმარება. როგორც დევნილთა და განსახლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ლათიბაშვილი განმარტავს, 2012 წლიდან დღემდე მსგავსი ტიპის თაღლითობის შვიდი ფაქტია გამოვლენილი. მან დევნილებს სიფრთხილისკენ მოუწოდა:

„მივმართავთ დევნილ მოსახლეობას და საზოგადოებას, არ დაუჯერონ მსგავს შემოთავაზებებს. ბინების განაწილება ხდება კომისიურად და გამჭვირვალედ. ყოველი ასეთი ფაქტი გამოაშკარავებული იქნება. მივმართავთ დევნილებს, რომ მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს და დევნილთა და განსახლების სამინისტროს. ანონიმურობა დაცული იქნება“.

ლელა გულედანი
ლელა გულედანი

როდესაც საქმე ეხება დევნილთათვის ბინების გადაცემას, ამ მიზნით ქულების მინიჭებას და ქულების მისაღებად კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, თაღლითობის შემთხვევების არსებობას არ გამორიცხავს ლელა გულედანი, საქართველოს დევნილთა პარტიის თავმჯდომარე. ის წლებია დევნილთა საკითხებზე მუშაობს და კარგად იცნობს მათ პრობლემებს, რომლებიდანაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ დევნილთა ბინებით დაკმაყოფილებას უკავშირდება. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, მთავარ პრობლემას ამ ჯაჭვში სწორედ ის კრიტერიუმები წარმოადგენს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ დევნილთა მინისტრის ბრძანებით დაწესდა. ლელა გულედანი ამბობს, რომ ძირეულადაა შესაცვლელი ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც დევნილებს ბინების მისაღებად საჭირო ქულები ენიჭებათ:

„ამ კრიტერიუმებიდან საერთოდ ამოსაღებია სოციალური სტატუსი. ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. რაღა დარჩებაო, ამბობს დევნილთა სამინისტრო. სინამდვილეში პრობლემა უკავშირდება ფინანსურ სახსრებს. დევნილთა სამინისტროს არ გააჩნია ძლიერი ბიუჯეტი, რომლითაც დაგეგმავდა და ყველას დააკმაყოფილებდა, ამიტომ მოფიქრებული აქვთ ეს სამარცხვინო კრიტერიუმები, რომ რაც შეიძლება ნაკლები დევნილი დააკმაყოფილონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი პრობლემა აქ არის ფინანსები“.

ის, რომ ფინანსური რესურსი დევნილთა ბინებით დასაკმაყოფილებლად უმთავრესია, ამის შესახებ რამდენიმე ხნის წინ ლაპარაკობდა რადიო თავისუფლებასთან დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი. მისი თქმით, ეს პროცესი სწორედ ბიუჯეტსა და ინვესტიციებზეა დამოკიდებული. როგორც მან თქვა, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 80 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, მისი თქმით, 2008 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ინვესტიციების რაოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG