Accessibility links

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ორი ვეტექიმი დააკავა. ვეტექიმები გაყალბებული ბეჭდით დაღავდნენ სასაკლაოს გვერდის ავლით ბაზარში გასაყიდად შეტანილ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცს. რა ვითარებაა სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით ბაზრებში და როგორ უნდა არ უნდა დაზარალდეს მომხმარებელი ნინო ხარაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორი დაკავებული ვეტექიმი გარკვეულ ფასად ყალბი მონაცემებით ავსებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარულ მოწმობას - ფორმა #2-ს, რომელსაც სამდღიანი ვადა აქვს, და მას გაყალბებული ბეჭდით ამოწმებდა, თითქოს ის გაცემული იყო ერთ-ერთი რეგისტრირებული სასაკლაოს მიერ:

„ასაღებდნენ გაურკვეველი წარმომავლობის, სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლულ ხორცპროდუქტებს აღიშნული პროდუქციით მოვაჭრე პირებზე. გარდა ამისა, ბრალდებულები ხორცპროდუქტებს ამოწმებდნენ ყალბი ბეჭდით და, მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, ვეტერინარულად შეუმოწმებელი ხორცპროდუქტი ხვდებოდა სავაჭრო დახლებზე“.

რაც შეეხება აგრარულ ბაზრებს, ამაზეც ახლა საკანონმდებლო ცვლილებები იქნება ინიცირებული, რომელიც უკვე ბაზრის ადმინისტრაციას დაავალდებულებს უზრუნველყოს თავისი მოვაჭრეების იმ პირობებით მომარაგება, რომ ელემენტარული ჰიგიენის პირობები იყოს დაცული...

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზაზა დოლიძის ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევა ხშირი არ არის, რაც უკანასკნელ წლებში კონტროლის გამკაცრებული მექანიზმების ამუშავების შედეგია. სურსათის ეროვნული სააგენტო, სასაკლაოების გარდა, - ასეთი კი 89 სასაკლაო ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით, - ვეტერინარიის სრულ სპექტრს უწევს ზედამხედველობას:

„და რაც შეეხება აგრარულ ბაზრებს, ამაზეც ახლა საკანონმდებლო ცვლილებები იქნება ინიცირებული, რომელიც უკვე ბაზრის ადმინისტრაციას დაავალდებულებს უზრუნველყოს თავისი მოვაჭრეების იმ პირობებით მომარაგება, რომ ელემენტარული ჰიგიენის პირობები იყოს დაცული, მათ შორის, ჰქონდეთ მაცივრები მალფუჭებადი პროდუქტების შესანახად და სხვა“.

ამასთან, ზაზა დოლიძის სიტყვებით, სავარაუდოდ, ზაფხულში უკვე მზად იქნება ელექტრონული სისტემა, რომელიც საქონლის ხორცის უსაფრთხოების გარანტიებს შექმნის:

„შეიქმნება ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ახალი ელექტრონული პროგრამა. ამას მოჰყვება უკვე სასაკლაოდან გამოსული სურსათის - ამ შემთხვევაში საქონლის ხორცის - ელექტრონული ბაზის არსებობა, მისი მარკირება-ეტიკეტირება და, მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროს აქვს ასევე სასაქონლო ზედნადების მეშვეობით საქონლის მოძრაობის კონტროლის სისტემა. ეს ყველაფერი ერთად ჩვენ შეიძლება მოვაქციოთ ერთიან სისტემაში და მიკვლევადი და კონტროლირებადი იქნება ამ საქონლის მოძრაობა“.

რამდენიმე ათობით ათასი ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებს სურსათის სფეროში, რომელშიც ერთხელაც არ შესულა შესამოწმებლად არავინ და, შესაბამისად, ბევრი დარღვევაა მოსალოდნელი. ყველაზე მძიმე არის ბაზრები, მაგრამ ვერ გაამტყუნებ სააგენტოს, ვინაიდან უპირველესი ყურადღება აქვს სასაკლაოებზე ...

თუმცა მთავარ პრობლემად სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაინც მეწარმეებისა და მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებას მიიჩნევს: მეწარმეები უნდა მიხვდნენ, რომ აღარ აწარმოონ მავნე პროდუქცია, მომხმარებელი კი დაფიქრდეს, რას და სად ყიდულობს.

ყველაფერი კონტროლის მასშტაბებზეა დამოკიდებული, ამბობს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამა „მომხმარებელი.გეს“ ხელმძღვანელი ლია თოდუა. მისი სიტყვებით, 2010 წლიდან მოყოლებული, ნელ-ნელა დაიწყო სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის მექანიზმების ამოქმედება, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ისეთ მასშტაბზე გასული, რომ ყველა მეწარმე მიხვდეს სურსათის უვნებლობისა და უსაფთხოების დაცვის აუცილებლობას.

წლების განმავლობაში სფეროში არსებულმა უკონტროლობამ მეწარმეები გადააჩვია უვნებელი სურსათის წარმოებას. ლია თოდუას თქმით, მთლიანად ვეტერინარიის სფეროა მოსაწესრიგებელი. ჯერ კიდევ არის ფარული გარიგებები. კონტროლის გამკაცრებასთან ერთად, ლია თოდუას თქმით, ასევე საჭიროა კონტროლის ინტენსივობის გაზრდაც:

„რამდენიმე ათობით ათასი ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებს სურსათის სფეროში, რომელშიც ერთხელაც არ შესულა შესამოწმებლად არავინ და, შესაბამისად, ბევრი დარღვევაა მოსალოდნელი. ყველაზე მძიმე არის ბაზრები, მაგრამ ვერ გაამტყუნებ სააგენტოს, ვინაიდან უპირველესი ყურადღება აქვს სასაკლაოებზე, მერე სკოლებსა და ბაღებზე და, რა თქმა უნდა, ეს მისაღებია და, ეტყობა, ბაზრებს ვერ გასწვდნენ. წესით, ყველა ბაზარი უნდა შეამოწმონ ხშირად, ყველა რესტორანი, ყველა კაფე და ამას სჭირდება ძალიან დიდ რესურსი და, სამწუხაროდ, ამხელა რესურსი გამოყოფილი არ არის“.

ლია თოდუას თქმით, ხორცისა და ხორცის პროდუქტების შესაძენად უმჯობესია მომხმარებელმა დიდ მარკეტებს მიმართოს, სადაც ხორცის შემოწმების უკეთესი შესაძლებლობა აქვთ და რეპუტაციასაც მეტად უფრთხილდებიან.

წელს 30-ზე მეტ საწარმოს პროდუქციის წარმოებისა და რეალიზების უფლება შეუწყდაო, ამბობს საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე. ის სურსათის უვნებლობის სამსახურის რეაგირებითაც კმაყოფილია და ამბობს, რომ მათ მიერ გაგზავნილ შეტყობინებებზე სააგენტო დროულად რეაგირებს, თუმცა, მისი თქმით, მთავარ პრობლემურ ადგილად გარე ვაჭრობა რჩება, სადაც ყველაზე მეტად ირღვევა საკვების შენახვა-რეალიზაციის პირობები და სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენცია არ ვრცელდება. გარე მოვაჭრეები კი, მადონა კოიძის თქმით, ბაზრებში შესვლის წინააღმდეგნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ არც ბაზრებშია იდეალური პირობები, იქ შემოწმების საშუალება მაინც ექნებოდა სააგენტოსო, ამბობს მადონა კოიძე.

დაავადებათა კონტრლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს საკვებით ინტოქსიკაციის მასშტაბური შემთხვევები არ ყოფილა. სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, სადაც საერთო რისკის ფაქტორად ხორცის პროდუქტები იყო მიჩნეული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG