Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რომ თბილისში ისევ იწვიმოს, რა ვიცით და რისი უნდა გვეშინოდეს


14 ივნისის ტრაგიკული ღამის შემდეგ თბილისში სტიქიის შედეგებს ისევ ებრძვიან. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ადამიანებს, აბინავებენ უსახლკაროებს, იწმინდება ქუჩები. მობილიზებულია დედალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, სამინისტროები, მოსახლეობა. სტიქიისგან დედაქალაქისათვის მიყენებული ზარალი, ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 40 მილიონ ლარს გადააჭარბებს. თბილისში აღარ წვიმს, თუმცა კითხვა, რა მოხდება, თუ უახლოეს საათებში ძლიერი ნალექი ისევ მოვა, კვლავაც აქტუალურია: მზად არის თუ არა თბილისის მერია, მობილიზებულია თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ელის თუ არა საფრთხე თბილისის რომელიმე უბანს?

„თუ სტიქია აღარ განმეორდა, მხოლოდ ძლიერი წვიმის შემთხვევაში, დედაქალაქს არაფერი ემუქრება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 15 ივნისს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ, როდესაც ვკითხეთ, არის თუ არა მზად ყველა შესაბამისი სამსახური ყველაზე უარესისთვის. დღეს რომ ისევ გადაბმულად იწვიმოს, რა ელის სტიქიურ ზონაში მოქცეულ ტერიტორიას და სხვა რისკის ქვეშ მყოფ უბნებს თბილისში:

„ეს მდგომაროებაც იმიტომ შეიქმნა, რომ მეწყერი ჩამოწვა, რამაც წყნეთის მხარეს წყალი შეაგუბა, დაგროვილმა წყალმა გაარღვია ბარიერი და დიდი მასა ერთიანად დაიძრა. რომ არა ეს მეწყრული პროცესი, თავისთავად ასეთ წვიმას ყველაფერი გაუძლებდა. დღეის მდგომარეობით, თუ მსგავსი შემთხევვა აღარ განმეორდა, მხოლოდ წვიმის შემთხვევაში, გუშინწინანდელ შედეგებსაც არ მივიღებთ. მზაობის მხრივ, ყველა სამსახური მობილიზებულია, ამინდის პროგნოზსაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს და წინასწარ ვიზღვევთ თავს, რომ პრობლემები აღარ შეგვექმნას“.

ავთანდილ სუდაძის განცხადებით, მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის შესახებ არც ერთი უარყოფითი დასკვნა არ არსებობს, თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით, იქ გარკვეული პრევენციული ღონისძიებები მაინც გატარდება.

ეს ფლატე საკმაოდ ახლოსაა მისული საცხოვრებელ კორპუსებთან და კიდევ ერთმა ასეთი მასშტაბის წყალდიდობამ შესაძლოა სწორედ ამ კორპუსებს გამოაცალოს საძირკველი. აღარაფერს ვამბობ სვანიძის ქუჩაზე...
ირაკლი მაჭარაშვილი

დედაქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანიც გვეუბნება, რომ ყველა გაფრთხილებულია, ყველა სამსახური მობილიზებულია, ტექნიკა მზადყოფნაშია, თუმცა, მისივე თქმით, თბილისში რჩება არაერთი რისკის შემცველი ადგილი, რომელსაც უახლოეს ხანებში სპეციალური გეოლოგიური შესწავლა სჭირდება და ეს პროცესი სამომავლოდ არ უნდა გადაიდოს:

„ვარაზისხევის ქვემოთაც წყალი გადის. ასევეა თავისუფლების მოედანი: სოლოლაკის ხევზე დგას. ზოგადად, მთის მდინარეების ყალიბებზე მოქცევას და მასზე კონსტრუქციების მოწყობას მთელ მსოფლიოში ერიდებიან, იმიტომ რომ მთის მდინარემ 20-30 წელიწადში ერთხელ შეიძლება გააფუჭოს ყველაფერი, რაც მანამდე გაკეთებულა. იგივე მოხდა მდინარე ვერეს შემთხვევაშიც. წარმოიდგინეთ, მოდის ამხელა ღვარცოფი და ხვდება გვირაბი, სადაც მან უნდა გაიაროს. ეს გამორიცხულია“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, პირველი გამაფრთხილებელი სიგნალი ბუნებამ ათი დღის წინ მოგვცა, როდესაც პირველად დაიტბორა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი:

„ეს ფლატე საკმაოდ ახლოსაა მისული საცხოვრებელ კორპუსებთან და კიდევ ერთმა ასეთი მასშტაბის წყალდიდობამ შესაძლოა სწორედ ამ კორპუსებს გამოაცალოს საძირკველი. აღარაფერს ვამბობ სვანიძის ქუჩაზე, რომელიც ყველანაირი ეკოლოგიური და ქალაქგეგმარებითი სტანდარტის უგულებელყოფითაა აშენებული და, ფაქტობრივად, იქ ცხოვრება არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“.

ირაკლი მაჭარაშვილი იმოწმებს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციასაც, რომ მდინარე ვერეს ხეობაში კიდევ 20-მდე მეწყრული კერაა. მაჭარაშვილის კითხვაა: არსებობს და მუშაობს თუ არა წინასწარი შეტყობინების სისტემა, რა ინფორმაცია აქვთ ვერეს ხეობაში მცხოვრებ მოქალაქეებს? მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა სტიქიისათვის არ იყო მზად, მაგრამ ხვდებოდე, რა არის იმწუთში გასაკეთებელი, მით უმეტეს, თუ წინასწარ იცი, რა ახასიათებს მთის მდინარეს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო მზად უნდა იყოს ასეთი პრობლემებისთვის, მით უმეტეს, თუ ეს ისტორიული პრობლემაა. ვერე ადრეც ადიდებულა. შესაბამისად, როცა ხეობაში გზის პროექტი ხორციელდებოდა, მაშინაც ყველასათვის იყო ცნობილი, რომ სერიოზული რისკები არსებობდა: ერთ მხარეს - ეროზიული ფერდობი, მეორე მხარეს - ქვათაცვენა...
რეზო გეთიაშვილი

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმ ობიექტების მონიშვნის გადაუდებელ აუცილებლობაზე ლაპარაკობს, რომელიც საფრთხეს შეიცავს დასახლებული პუნქტებისათვის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და რისკის ქვეშ აყენებს დედაქალაქს. გეთიაშვილის შეფასებით, სახელმწიფო სტიქიას უნდა ებრძოდეს არა ხანძრის ჩაქრობის პრინციპით, არამედ კონკრეტული, გათვლილი პროგრამის შესაბამისად, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომ კიდევ ერთი ძლიერი წვიმის თუ სხვა სტიქიის შემთხვევაში დანაკარგი მინიმალური იყოს, არსებობდეს ევაკუაციის გეგმა, იცოდნენ ზუსტად პირველ რიგში საიდან უნდა გაიყვანონ მოახლეობა, როდის უნდა გადაიკეტოს გზის საჭირო მონაკვეთი და ა.შ.:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო მზად უნდა იყოს ასეთი პრობლემებისთვის, მით უმეტეს, თუ ეს ისტორიული პრობლემაა. ვერე ადრეც ადიდებულა. შესაბამისად, როცა ხეობაში გზის პროექტი ხორციელდებოდა, მაშინაც ყველასათვის იყო ცნობილი, რომ სერიოზული რისკები არსებობდა: ერთ მხარეს - ეროზიული ფერდობი, მეორე მხარეს - ქვათაცვენა. ასეთ დროს მუდმივად მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს მსგავსი ტერიტორიები, გეოლოგები გამუდმებით უნდა აფასებდნენ, იქ რა ხდება, უნდა არსებობდეს ადრეული შეტყობინების სისტემა, რაც, სულ ცოტა, ადამიანების მსხვერპლს შეამცირებდა“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სტაჟიან თანამშრომელს, გეოლოგ ემილ წერეთელს, ვკითხეთ, ბოლო წლების განმავლობაში ტარდებოდა თუ არა გარემოს მონიტორინგი თბილისში, არსებობს თუ არა კონკრეტული შეფასებები, საფრთხის შემთხვევაში რა უნდა გაითვალისწინოს და როგორ უნდა მოიქცეს დედაქალაქის მთავრობა. ემილ წერეთელი იხსენებს, რომ თბილისის მთავრობას 90-იანი წლების შემდეგ სამინისტროს გეოლოგების ჯგუფისათვის დედაქალაქის ტერიტორიის შეფასება აღარ დაუკვეთია, 2005 წელს კი გეოლოგიური დეპარტამენტი საერთოდ გაუქმდა.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესი
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესი

არსებობს ყოფილი გეოლოგიის დეპატამენტისა და თავად ემილ წერეთლის ავტორობით რამდენიმე წლის წინ მომზადებული დოკუმენტი თბილისის გეოეკოლოგიური მდომარეობის შესახებ, - „სტიქიურ-კატასტროფული მოვლენები საქართველოში და მართვის პრობლემები“, - რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისის ტერიტორიაზე აღწერილია 60-ზე მეტი მეწყრული უბანი, 52 ღვარცოფული ხევი, 10-მდე მცირე მდინარე, 21 კილომეტრი სიგრძის გრავიტაციული ქვათაცვენისა და კლდეზვავის უბანი. ზოგიერთი მეწყრის ფართობი 100 ჰექტარს აღემატება, მოცულობა კი 18-20 მილიონ კუბმეტრს შეადგენს.

გეოლოგების დასკვნით, ამ ვითარების გამომწვევ მიზეზებს შორის იყო გადაჭარბებული ანთროპოგენური დატვირთვა, საინჟინრო-სამეურნეო ათვისების პროექტების არასაკმარისი დასაბუთება, არაერთგვაროვანი გეოლოგიური აგებულება, რთული, აქტიური ტექტონიკა, გრუნტების სახეობათა მრავალფეროვნება, “დამარხული” დეპრესიების (ტბიურ-ჭაობური ნალექები, ხევები) არსებობა, სამეურნეო წყლების ტექნიკური ქსელის გაუმართაობა. გეოლოგები წერდნენ იმასაც, რომ საქართველოში არ არსებობდადაპროექტებისა და მშენებლობის ხარისხობრივი კონტროლის წესები (სტანდარტი, სახელმწიფო ნორმები), რაც საქართველოზე იქნებოდა მორგებული, რომ ყველა უცხოური კომპანია, რომელიც საქართველოში მშენებლობით იყო დაკავებული, საკუთარი ქვეყნის ნორმატივებით სარგებლობდა, ქართული კომპანიები კი ძირითადად ყოფილი საბჭოთა სტანდარტებით ხელმძღვანელობდნენ. რეკომენდაციების ნაწილში კი ეწერა, რომ საჭირო იყო თბილისის სპეციალური მსხვილმასშტაბიანი საინჟინრო-გეოლოგიური ბაზისური რუკის დამუშავება,თბილისის ზონირება ეკოლოგიური დაძაბულობის, მგრძნობიარობის, ადაპტაციის უნარიანობისა და ტევადობის გათვალისწინებით, რისკების გრძელვადიანი პროგნოზის დამუშავება, ხოლო ამ ყველაფერს საფუძვლად უნდა დასდებოდა გეომონიტორინგული კვლევები.

ემილ წერეთელი ამბობს, რომ არაფერი მსგავსი თბილისში არ განხორციელებულა.

თუ ასეა, ვინ იყო პასუხისმგებელი გეოლოგიური კვლევების ჩატარებაზე თბილისში მას შემდეგ, რაც გეოლოგიის დეპარტამენტს ეს ფუნქცია ჯერ ჩამოერთვა, შემდეგ კი დეპარტამენტი საერთოდ გაუქმდა? - ამ კითხვით თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს ბიძინა გიორგობიანსაც მივმართეთ. მისი თქმით, 2009 წელს შექმნილ ქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს ჰაერისა და მიწის კვლევა არასოდეს ჩაუტარებია და მხოლოდ ბაღებისა და პარკების მოწყობით იყო დაკავებული. მისივე თქმით, გეოლოგიური რისკების თვალსაზრისით, არც თბილისი და არც მისი შემოგარენი არავის შეუსწავლია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG