Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შშმ პირთა მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ


მარინა ყანჩელი, ლია რუხაძე
მარინა ყანჩელი, ლია რუხაძე

დღის ცენტრი, რომელიც 25 წელია გონებრივი შეფერხების მქონე პირებს ემსახურება, დახურვის საფრთხის წინაშე დგას. როგორც ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, ის 11- ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც სახელმწიფო ბენეფიციარებისათვის გამოყოფს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შშმ პირებმა შესაბამისი მომსახურება მიიღონ. საპირისპიროს ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი. გონებრივი შეფერხების მქონე პირთა მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით მიმართავენ.

მარინა ყანჩელის შვილი 18 წლისაა. ის გონებრივი შეფერხების მქონეა და ყოველდღე, დილის 10-დან 5 საათამდე, დღის ცენტრში დადის, სადაც, გარდა იმისა, რომ თერაპიულ მომსახურებას იღებს, სხვადასხვა სახის ხელსაქმით არის დაკავებული. მარინა ყანჩელის თქმით, სრულიად შეიცვალა მისი შვილის შინაგანი მდგომარეობა და განწყობა მას შემდეგ, რაც მან სიარული დაიწყო დღის ცენტრში, სახელწოდებით „კავშირი ადამიანებისათვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“. ეს ცენტრი უკვე 25 წელია ფუნქციონირებს და გონებრივი შეფერხების მქონე 18 წლის ზევით ადამიანებს ემსახურება:

„რადიკალურად შეიცვალა ჩემი შვილი. ისეთი სოციალიზაცია მოხდა მისი საზოგადოებაში, ისეთი გახსნილი გახდა, ხასიათიც გამოუსწორდა, მოხდა ადამიანის ფერისცვალება. იყო მორცხვი, ჩაკეტილი, აგრესიაც ჰქონდა, ახლა კი რეალიზებულია. თექაზე მუშაობს, სანთლებს აკეთებს. დილით ადრე ადგება, ემზადება, როგორც ჩვენ მივდივართ დილაობით სამსახურში, ისე ის მიდის დღის ცენტრში. დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი“.

ეს გამოიწვევს ჩვენი შვილების უფრო მეტად გარიყვას, საზოგადოების წევრობის უფლების ჩამორთმევას და, რაც ძალზე მტკივნეულია როგორც ჩვენთვის, მშობლებისთვის, ისე მათთვის, ეს გამოიწვევს მათ ჩაკეტვას...
ლია რუხაძე

მიზეზი, რის გამოც მარინა ყანჩელმა და გონებრივი შეფერხების მქონე ადამიანების სხვა მშობლებმა 4 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართეს, ისაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც წლების მანძილზე აფინანსებდნენ ცენტრს, 2016 წლიდან დაფინანსებას წყვეტენ და ცენტრი მხოლოდ იმ ვაუჩერული დაფინანსების ამარა რჩება, რომელსაც მათი შვილებისთვის ხელისუფლება გამოყოფს. ვაუჩერის მოცულობა დღეში თითო ბენეფიციარზე 11 ლარს შეადგენს. ლია რუხაძე, კიდევ ერთი მშობელი, წუხს, რომ მხოლოდ 11-ლარიანი დაფინანსება მათი შვილების სრულყოფილი მომსახურებისა და განვითარებისათვის საკმარისი ვერ იქნება და ცენტრი დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება:

„ეს გამოიწვევს ჩვენი შვილების უფრო მეტად გარიყვას, საზოგადოების წევრობის უფლების ჩამორთმევას და, რაც ძალზე მტკივნეულია როგორც ჩვენთვის, მშობლებისთვის, ისე მათთვის, ეს გამოიწვევს მათ ჩაკეტვას“.

ცენტრის კოორდინატორი თორნიკე რაზმაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ 90-იანი წლების მიწურულს განსაზღვრული ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც ერთ ბენეფიციარზე დღეში 10 ლარს შეადგენდა, 2012 წელს მხოლოდ ერთი ლარით გაიზარდა, ეს კი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ცენტრმა ფუნქციონირება განაგრძოს, სადაც 50-მდე ბენეფიციარი იღებს მომსახურებას. რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც დონორი ორგანიზაციები წყვეტენ ცენტრის დაფინანსებას, თორნიკე რაზმაძის თქმით, ისაა, რომ 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომელიც სახელმწიფოს პირდაპირ ავალდებულებს მიაწოდოს შესაბამისი მომსახურება შშმ პირებს:

„მაგრამ სამწუხარო რეალობაა ის, რომ სახელმწიფო არ არის ამ ყველაფრისთვის მზად. არ არის პროგრამა და, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, არც ძველი ვაუჩერული პროგრამის გაფართოება იგეგმება“.

დღეს, საქართველოს მასშტაბით, 18 წელს ზევით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მომსახურებისათვის 18 დღის ცენტრი ფუნქციონირებს. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, რომელიც თავის თავში მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტებისა და კრიტერიუმების განსაზღვრას, მითითებულია, რომ დღის ცენტრებში არსებული ბენეფიციარების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 446-ს.​

დღევანდელი მონაცემებით, დღის ცენტრებში 300-მდე ბენეფიციარი იღებს მომსახურებას. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დღის ცენტრი, ესაა ორჯერადი კვება, საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება, ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზება და სხვა. მარი წერეთელი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნელობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ის 11-ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც ხელისუფლება გამოყოფს ბენეფიციარებისათვის, საკმარისია სტანდარტებით დადგენილი მომსახურების მისაღებად:

„როდესაც დღის ცენტრი გადის რეგისტრაციას და ლიცენზიის მიღების პროცედურას, მათ ზუსტად იციან, თუ რა მოთხოვნებია, რა სტანდარტებია და იციან ისიც, თუ რა დაფინანსებით უწევთ მუშაობა. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ვთვლით, რომ თუკი ისინი ამ დაფინანსების ფარგლებში მოახერხებენ საქმიანობას, იმ შემთხვევაში მოხდება მათი რეგისტრაცია. შესაბამისად, ეს თანხა არის ის თანხა, რომლითაც ცენტრები ახერხებენ სერვისის მიწოდებას. საუბარი იმაზე, რომ ვაუჩერის დაფინანსება გაიზარდოს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამ ეტაპისათვის ამ სერვისს დღის ცენტრები გვაწვდიან“.

კიდევ ერთი დღის ცენტრის, კავშირ „იას“, გამგეობის თავმჯდომარე ნინო ჭაბუკიანი ამბობს, რომ იმ 11-ლარიანი ვაუჩერით, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება დღის ცენტრებს, შეუძლებელია ბენეფიციარებისათვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა:

„მოთხოვნა დღის ცენტრებზე არის ძალიან დიდი და ორგანიზაციებს, თუ გვერდით სპონსორი არ ჰყავთ, ნამდვილად უჭირთ სტანდარტებით დადგენილი სერვისების მიწოდება. ჩვენც მოვრჩით პროექტს, რომლითაც ვავსებდით ბიუჯეტს და ახლა კრიტიკულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. შესაბამისად, გვიწევს შტატების შემცირება, ერთი საქმიანობის ნაცვლად თანამშრომელი თავის თავზე იღებს რამდენიმე საქმეს, ან მოხალისეების ხარჯზე გავდივართ, ეს კი, რა თქმა უნდა, დაბლა სწევს მომსახურების ხარისხს და არ არის ის ხარისხი, რაც გვინდა, რომ მივაწოდოთ ბენეფიციარებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG