Accessibility links

logo-print
14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო გამოწვევად მიჩნეული დაავადება, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც მზარდი სტატისტიკით ხასიათდება. თუმცა, როგორც დარგის სპეციალისტები ირწმუნებიან, მზარდი ტენდენცია დიდწილად ცხოვრების არაჯანსაღი წესის ბრალია. შესაძლებელია თუ არა დიაბეტის პრევენცია და რით ეხმარება დაავადებულებს სახელმწიფო?
დიაბეტი მსოფლიოსთვის ძალიან დიდი და სახიფათო პრობლემაა. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, ყოველ 6 წამში ამ დაავადებით ერთი ადამიანი იღუპება და თუკი 2009 წელს დაავადებულთა რიცხვი 285 მილიონი იყო, ამ ეტაპზე უკვე 382 მილიონს შეადგენს. თუკი არაფერი შეიცვალა, 2035 წლისთვის მსოფლიოში დიაბეტის შემთხვევათა რიცხვის 55%-იან მატებას მოელიან, რაც 592 მილიონ დაავადებულს ნიშნავს. შესაბამისად, იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. როგორც ცნობილია, დიაბეტი ძირითადად იწვევს სიბრმავეს, გულსისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების მძიმე დაავადებებს. ყველაზე ცუდი მდგომარეობა ამ ეტაპზე ჩინეთშია, თუმცა ეს დაავადება მთელ მსოფლიოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

საქართველოში დიაბეტით დაავადებული 105 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 36-მა პროცენტმა, უბრალოდ, არ იცის ამის შესახებ - ასეთია დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის შეფასება, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. ამავე წყაროს ცნობით, საქართველოში ყოველწლიურად დიაბეტის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება.

ნინო 7 წლის იყო, დიაბეტი რომ აღმოაჩნდა და მას შემდეგ, ანუ უკვე მერვე წელიწადია, ინსულინის ინექციები მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. როგორც ნინოს მამა, მალხაზი, ეუბნება რადიო თავისუფლებას, დიაბეტმა მათი ოჯახი შოკში ჩააგდო, თუმცა ადამიანი ყველაფერს ეჩვევა:
”ძალიან რთული მდგომარეობა იყო, კომაში ჩამივარდა... დაგვჭირდა საავადმყოფო და რეანიმაცია. მერე ნელა-ნელა, ექიმების მეთვალყურეობის შედეგად, გამოვიდა მდგომარეობიდან. დანარჩენი უკვე ხელშეწყობა მშობელზეა...”

ძალიან ფართოდ არის გავრცელებული ისეთი რისკფაქტორები, როგორიც არის: თამბაქო, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ცხიმებით მდიდარი საკვები, შაქრით მდიდარი საკვები და ასე შემდეგ, რაც ძალიან უწყობს ხელს შაქრიანი დიაბეტის „ტიპი 2-ის“ განვითარებას...
სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, მალხაზის შვილი - ნინო - შაქრიანი დიაბეტის ”ტიპი 1”-ით არის დაავადებული - ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, ადრეულ ასაკში ვლინდება, ხშირად გენეტიკურია და პაციენტი მთელი ცხოვრება ინსულინდამოკიდებული რჩება. ”ტიპი 2”-ის შემთხვევაში კი, რაც საერთო მაჩვენებლის თითქმის 90%-ს შეადგენს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა განუმარტავს რადიო თავისუფლებას, ბევრი რამ თავად ადამიანზე და მისი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული:

”ძალიან ფართოდ არის გავრცელებული ისეთი რისკფაქტორები, როგორიც არის: თამბაქო, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ცხიმებით მდიდარი საკვები, შაქრით მდიდარი საკვები და ასე შემდეგ, რაც ძალიან უწყობს ხელს შაქრიანი დიაბეტის „ტიპი 2-ის“ განვითარებას... გვინდა, რომ თამბაქოც მოვწიოთ, ალკოჰოლიც მივირთვათ, ძალიან ცხიმიანი საკვებიც ვჭამოთ, თან არ გავინძრეთ და მერე მივადგებით სახელმწიფოს და ვეკითხებით, რატომ არ გვაფინანსებო?!”

გარდა მედიკამენტების დარიგებისა, ბავშვებისთვის პლუს სხვადასხვა საანალიზო საშუალებებიც არის გათვალისწინებული, დიდებისგან განსხვავებით, და ასევე - მუდმივი მეთვალყურეობა. რაც შეეხება ზრდასრულ მოსახლეობას, აქ მუდმივი მეთვალყურეობა არ არის...
რაც შეხება სახელმწიფოს დახმარებას, დარგის სპეციალისტები მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმ ასპექტს, რომ საქართველოში ინსულინდამოკიდებული ადამიანები მთლიანად სახელმწიფო პროგრამით ფინანსდებიან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კახა ხელაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მარტო მედიკამენტების დასაფინანსებლად 2013 წლის ბიუჯეტში 4 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული და თითქმის ასევე იქნება 2014 წლის ბიუჯეტშიც. საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული სერვისების გარდა, კახა ხელაძე ჩვენთან საუბრისას სახელმწიფო პროგრამის კომპონენტებს ჩამოთვლის:

”გარდა მედიკამენტების დარიგებისა, ბავშვებისთვის პლუს სხვადასხვა საანალიზო საშუალებებიც არის გათვალისწინებული, დიდებისგან განსხვავებით, და ასევე - მუდმივი მეთვალყურეობა. რაც შეეხება ზრდასრულ მოსახლეობას, აქ მუდმივი მეთვალყურეობა არ არის, მაგრამ მინიმალური ბაზისური პაკეტი გათვალისწინებულია და თითოეული დიაბეტიანი უფლებამოსილია მიმართოს პროგრამაში მონაწილე დაწესებულებას და მინიმუმ წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს კომპლექსური გამოკვლევა. ეს შესაძლებელია სხვადასხვა კლინიკაში - ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩვენს ვებგვერდზეც ნახოს და დააზუსტოს, რომელი დაწესებულებებია სერვისმიმწოდებლები”.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კახა ხელაძე ასევე ამბობს, რომ ეს არის აუცილებელი მინიმუმი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე შეუძლია სახელმწიფოს. ამასთან, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, მისი თქმით, შესაძლოა ”სატრაბახოდაც” კი გვაქვს საქმე. თუმცა იმის გამო, რომ სახელმწიფოს მიერ დაუფინანსებელი სეგმენტი კვლავაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს, დარგის სპეციალისტები გამოსავალს საზოგადოების უკეთ ინფორმირებასა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაში ხედავენ. როგორც ისინი გვეუბნებიან, ბოლოს და ბოლოს, ძნელი არ არის, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გავისინჯოთ გლუკოზის შემცველობა სისხლში და ცხოვრების ჯანსაღ წესს მივსდიოთ.
XS
SM
MD
LG