Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიასახლისის სტატუსი - დასაქმება თუ ანაზღაურებული ტყვეობა?


გურამ ჩახვაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი
გურამ ჩახვაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დიასახლისებისათვის სპეციალური სოციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის. სურვილის შემთხვევაში, ამ სტატუსს მიიღებენ ის უმუშევარი ქალები, რომლებსაც აქვთ ოჯახი და ჰყავთ ერთი ან მეტი შვილი. ამასთან, „დიასახლისის სოციალური სტატუსის“ მქონე ქალები გაუთანაბრდებიან საჯარო მოხელეებს და მიიღებენ ყოველთვიურ ანაზღაურებას, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება შვილების რაოდენობაზე.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, დიასახლისი ჰქვია ქალს, რომელიც საოჯახო საქმეებს უძღვება. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, დეპუტატ გურამ ჩახვაძის თქმით, „დიასახლისის სოციალური სტატუსის“ დაკანონების შემთხვევაში, ქალის ეს საქმიანობა ანაზღაურებადი იქნება:

„ქალები, რომლებიც არ არიან დასაქმებული არც საჯარო სამსახურში და არც კერძო სექტორში, რეგისტრირდებიან როგორც დიასახლისები და ამის შემდეგ ისინი ჩაითვლებიან დასაქმებულად. სახელმწიფოსგან მიიღებენ ყოველთვიურ ფულად ანაზღაურებას, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება შვილების რაოდენობაზე. ასევე მიიღებენ უფასო სამედიცინო დაზღვევას და საპენსიო ასაკის დადგომისას მიიღებენ არა მინიმალურ პენსიას, არამედ შრომითს, იმავე სახელმწიფო პენსიას.“
შრომა კი არა, ტანჯვა და წამებაა! ამაში თუ ხელფასს გადაიხდიან, ძალიან კარგი იქნება ...

გურამ ჩახვაძის თქმით, მისი ეს ინიციატივა ნაწილია პარტიის მიერ შემუშავებული პროგრამისა „დასაქმებული საქართველო“. ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის მონაცემებით, სულ საქართველოში 150 ათასამდე უმუშევარი ქალია. მათი დიდი ნაწილი დაკავებულია შვილების აღზრდითა და სხვა მძიმე საოჯახო საქმით. გურამ ჩახვაძე დარწმუნებულია, რომ დიასახლისის შრომის ანაზღაურება ხელს შეუწყობს ოჯახების განმტკიცებას და დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას. დეპუტუტის ამ აზრს ბევრი ქალი იზიარებს:

„სახლში ჯდომა ძალიან ძნელია, მით უმეტეს, ბაშვების გაზრდა. იტვირთება ადამიანი.“

„შრომა კი არა, ტანჯვა და წამებაა! ამაში თუ ხელფასს გადაიხდიან, ძალიან კარგი იქნება.“

„დიასახლისის შრომა ძალიან ძნელია! საოჯახო საქმე, წადი-მოდი, შვილების გაზრდაზე არაფერს ვამბობ... თუ ამას გააკეთებენ, კარგი იქნება.“


„ძალიან მძიმე შრომაა! ოჯახის მოვლა, შვილების მოვლა, ქმრის მოვლა... მაგრამ რომ მუშაობდეს, უფრო უკეთესი იქნება.“

ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ დიასახლისებს დასაქმების მეტი შანსიც უნდა ჰქონდეთ. „კავკასიის ქალთა ქსლის“ ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი მიიჩნევს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ეს ინიციატივა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ისედაც არათანაბარ პირობებში მყოფ ქალს.

სოციალური თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, სახელმწიფო ვიღაცას ეხმარება, ამ მხრივაც კი გაუმართლებელია, იმიტომ რომ სოციალური დახმარების თვალსაზრისით ჯობია სახელმწიფო დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ ...
ზურაბ ჯაფარიძე
„ქალები სერიოზული სამუშაო ძალაა შრომის ბაზარზე. სახელმწიფომ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს, რათა ქალები გამოვიდნენ შრომის ბაზარზე თანაბარ პირობებში, და არა მიუთითოს, ფულს გადაგიხდი და სახლში დაჯექიო. ასეთი მიდგომა შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყანაში იყოს (მაგალითად, დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში), სადაც ქალს თანაბარი შესაძლებლობა აქვს და მისი ასარჩევია, უნდა იმუშავებს და უნდა სახლში დაჯდება. ჩვენთან ქალს არჩევანს არ უტოვებენ“, უთხრა ნინო ციხისთავმა რადიო თავისუფლებას.

„დიასახლისის სოციალური სტატუსის“ შემოღებას ეკონომისტების ნაწილიც აკრიტიკებს. ზურაბ ჯაფარიძის ვარაუდით, ინიციატივას ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური დატვირთვა აქვს და პარტია ცდილობს არჩევნების წინ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის - დიასახლისების - გული მოიგოს:

„სოციალური თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, სახელმწიფო ვიღაცას ეხმარება, ამ მხრივაც კი გაუმართლებელია, იმიტომ რომ სოციალური დახმარების თვალსაზრისით ჯობია სახელმწიფო დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ, ანუ კრიტერიუმი იყოს გაჭირვება და არა ის, რომ არის მდედრობითი სქესის ადამიანი, რომელიც დაკავებული არის საოჯახო საქმეებით. ბევრი იქნება ისეთი, რომელიც შეძლებული ოჯახიდანაა ან მეუღლეს აქვს მნიშვნელოვანი შემოსავალი და მათთვის ფულის განაწილება არის სახელმწიფო რესურსების ფანტვა და მეტი არაფერი.“

ეკონომისტ ზურაბ ჯაფარიძისგან განსხვავებით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ამ ინიციატივის რადიკალური შეფასებისგან თავს იკავებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე, თუმცა ის ჩამოთვლის საკითხებს, რომლებიც იდეის განხორციელებას შეაფერხებს:

საუბარი იმაზე, რომ ფული არ გვაქვს, გაუმართლებელია. ამ ლოგიკით, არც ჯარი უნდა გვყავდეს და არც პოლიცია ...
გურამ ჩახვაძე
„ჯერ ერთი, დიასახლისის სტატუსია განსასაზღვრი. ეს არის უმუშევარი ადამიანი, რომელიც ქალია და სახლშია თუ არის მეოჯახე, რომელსაც ავადმყოფი, ან ერთი, ან ხუთი შვილი ჰყავს? მეორე: მოსახლეობის რა ნაწილს შეეხება ეს სიახლე - 16 წლის გათხოვილი ქალი დიასახლისია თუ 18 წლიდან ჩავთვალოთ? და მესამე: სოციალური დაცვის მოქმედი სისტემა. ნაწილი ამ ადამიანებისა სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და იღებს დახმარებას, მათ შემოსავალი მოემატებათ. საკითხავია, ყოველივე ეს როგორ აისახება სტრუქტურაზე? ასე რომ, ცოტა მეტი ფიქრი სჭირდება.“

პასუხად ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა ამ შეკითხვაზე აქვთ პასუხი. გურამ ჩახვაძის თქმით, პრობლემა არ უნდა იყოს მათი ინიციატივის დასაფინანსებლად საჭირო სახსრების გამოძებმნა.

„დაახლოებით 1, 5 მილიარდი ლარი მიდის სოციალურ სფეროზე და ეს არის მცირე როგორც მთლიან შიდა პროდუქტთან, ასევე ბიუჯეტთან მიმართებაში და ეს წილი უნდა გაიზარდოს. საუბარი იმაზე, რომ ფული არ გვაქვს, გაუმართლებელია. ამ ლოგიკით, არც ჯარი უნდა გვყავდეს და არც პოლიცია... ოჯახი არის საფუძველი სახელმწიფოს სიძლიერის და ამიტომ ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. მერწმუნეთ, ამის რესურსები ქვეყანაში არსებობს“, განაცხადა გურამ ჩახვაძემ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG