Accessibility links

13-18 ოქტომბერს თბილისი მასპინძლობს „გლობალურ დიასპორულ კვირეულს“, რომელშიც საქართველოს მთავრობის, დიასპორებისა და ბიზნესმენების გარდა, მონაწილეობენ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, „დიასპორის ჩართულობის საერთაშორისო ალიანსისა“ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. კვირეული გაიხსნა 13 ოქტომბერს „დიასპორის ეკონომიკური ფორუმით“. როგორ ხედავს საქართველოს მთავრობა დიასპორების როლს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში?

კვირვეულის პირველ დღეს „დიასპორის ეკონომიკურ ფორუმზე“ განხილული იქნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან გამომდინარე მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები დიასპორასთან მიმართებით, ასევე მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები, ევროპის კავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოდან გასულია მილიონზე მეტი ეკონომიკურად აქტიური ადამიანი, რომელთა შორის არაერთი წარმატებული ბიზნესმენია:

„ქართული დიასპორიდან ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ არსებულ კანონმდებლობას და რეგულაციებს. სხვადასხვა სფეროებში არსებულ რეალიებს, დანახულს ეკონომიკურ ჭრილში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სამშენებლო ბიზნესის და სხვა სფეროებში. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ბიზნესი ყოველგვარი წნეხისგან და ზეწოლისგან თავისუფალია“.

ჩვენი მთავრობა არის მზად იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რათა მათ განავითარონ მეწარმეობა თავიანთ სამშობლოში...

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აყალიბებს მიზანმიმართულ პოლიტიკას, რათა დიასპორის წარმომადგენლების პოტენციალი ქვეყანამ სათანადოდ გამოიყენოს. დიასპორის ინტელექტუალურ და ფინანსურ პოტენციალზე ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომლის თქმითაც, „გლობალურმა დიასპორულმა კვირეულმა“ მეტი ცოდნა და გამოცდილება უნდა მისცეს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს სამშობლოში მიმდინარე პროცესებზე, რათა მათი ჩართულობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს:

„ჩვენი მთავრობა არის მზად იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რათა მათ განავითარონ მეწარმეობა თავიანთ სამშობლოში, რათა მათ გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი სწორად და ჩვენ ვიზრუნებთ იმისათვის, რომ ყველა პირობა შეიქმნას მეტი დიასპორული ინვესტიციის მოსაზიდად. და დღეს, როცა საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დიასპორასთან მიმართებით ევროპის კავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება“.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე კი ამბობს, რომ ე.წ. „დიასპორული ინვესტიციების“ მოსაზიდად მნიშვნელოვანია კანონებში შეტანილი იმ ცვლილებების (რეგულაციების) ცოდნა, რომლებიც ძალაში შევიდა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრება, რაც გამოიწვია "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანამ, არანაირად არ პასუხობს ხელისუფლების მოლოდინს:

ეს მთავრობისა და რაიმე სხვა სახის ორგანიზების გარეშე კეთდება. არის სამუშაო ადგილები და ხალხი შრომობს და არჩენს თავის ნათესაობას სამშობლოში, ხოლო რაც შეეხება ბიზნესმენებს, რომლებსაც აქვთ საშუალება განახორციელონ ინვესტიციები, მათაც რაიმე განსაკუთრებული ორგანიზება არ სჭირდებათ...

„ამ პროცედურებით კარგად სარგებლობდნენ ქართველები, რომლებიც წლების წინ წავიდნენ საქართველოდან და, შესაბამისად, მათთვის მარტივი იყო თავიანთ სამშობლოსთან ურთიერთობა და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოს ჰქონდა დადებითი საემიგრაციო ბალანსი, ანუ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოდიოდა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ტოვებდა ქვეყანას“.

საქართველოს მთავრობის მონაცემებით, საზღვარგარეთ 1 მილიონამდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. სოლიდურია საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი მათი წვლილიც ყოველწლიური ფულადი გზავნილების სახით. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ეკონომისტ რომან გოცირიძის თქმით, 2013 წელს საქართველოში გამოგზავნილი იქნა 1 მილიარდ 550 მილიონი დოლარი, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შემოსული უცხოური ინვესტიცია.

„ეს მთავრობისა და რაიმე სხვა სახის ორგანიზების გარეშე კეთდება. არის სამუშაო ადგილები და ხალხი შრომობს და არჩენს თავის ნათესაობას სამშობლოში, ხოლო რაც შეეხება ბიზნესმენებს, რომლებსაც აქვთ საშუალება განახორციელონ ინვესტიციები, მათაც რაიმე განსაკუთრებული ორგანიზება არ სჭირდებათ. ყველაზე კარგი იქნება შიგნით შევქმნათ ქვეყანაში მიმზიდველი გარემო, რომ შემოვიდეს ნებისმიერი ადამიანი საქართველოში, არ აქვს მნიშვნელობა ქართველი იქნება, რუსი, ამერიკელი თუ ნებისმიერი ეროვნების, რომლისთვისაც მიმზიდველია საქართველოში ბიზნესგარემო“, უთხრა რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

რომან გოცირიძე ასევე მიიჩნევს, რომ მთავრობისა და დიასპორის ურთიერთობაში განმსაზღვრელია არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ფაქტორები:

„პოლიტიზება ნიშნავს ზრუნვას ელექტორატზე, ამომრჩეველზე, რომელიც საზღვარგარეთაც ცხოვრობს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, მაგრამ მათი გუნება-განწყობილება გადაეცემა ადგილობრივ (საქართველოს) მოსახლეობას, რადგანაც ყველა უცხოეთში წასული ადამიანი, რომელიც შოულობს ფულს, არის სამშობლოში დარჩენილი ოჯახის წევრების ბედის განმსაზღვრელი“.

საქართველოს მთავრობა დიდ იმედს ამყარებს ქართულ დიასპორებში ლობისტური ჯგუფების შექმნაზე. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამგვარი ჯგუფები მეშვეობით საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები თავიანთი დიდი პოტენციალით და საქმიანობით ხელს შეუწყობენ მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციას და მხარს დაუჭერენ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.

XS
SM
MD
LG