Accessibility links

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიასპორების პროფესიული ფორუმი გაიხსნა. ლოზუნგით „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სხვადახვა ქვეყანაში მცხოვრები 100 საქართველოს მოქალაქე გააერთიანა და სამშობლოში მოიწვია. რას აკეთებს ხელისუფლება დიასპორებისთვის და როგორ გეგმავს მათი რესურსის გამოყენებას?

ქრისტინე ფაღავა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, დიასპორის კვირეულის გამო თბილისში მაინც ჩამოვიდა. რადიო თავისუფლებას თავისი ოჯახის ისტორიას უყვება და ამბობს, დღესაც პარიზში ქართული კულტურისა და შემოქმედების გაზიარებით ვარ დაკავებულიო:

„დედა საფრანგეთში რომ ჩამოვიდა, 16 წლის იყო და ძალიან ხშირად მელაპარაკებოდა ბავშვობაზე. მამაჩემი, ლევან ფაღავა, აჯანყებაში მონაწილეობდა და პარიზში 17 წლისა ჩამოვიდა. ის აჯანყებულებიდან ყველაზე პატარა იყო. ჩვენ ვიცით, რა ხდებოდა. ახლა რა ხდება, გვაინტერესებს და ვგრძნობთ ქართველობას“.

ჩვენთვის ძალიან ნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა, ბავშვებმა, რომლებიც იქ იზრდებიან, შეინარჩუნონ ქართული ენა, ამიტომ იქ ჩვენი ძალებით ვაკეთებთ ამ საკვირაო სკოლებს...

15 წელია გერმანიაში ცხოვრობს და ბოლო რამდენიმე წელია ბერლინის ქართული სახლის თავმჯდომარეა თამარ შალამბერიძე. მისი თქმით, გერმანიაში, ოფიციალური მონაცემებით, 15 ათასი ქართველი ცხოვრობს და მათ უმეტესობას იქ ოჯახი ჰყავს ან სტუდენტია. თამარ შალამბერიძის თქმით, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძნელია ბევრი მოითხოვო, მხარდაჭერას კი ხელისუფლება ძირითადად ევროპაში არსებული საკვირაო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდებით და ქართული ანსამბლებისთვის ფორმების გაგზავნით გამოხატავს:

„ჩვენთვის ძალიან ნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა, ბავშვებმა, რომლებიც იქ იზრდებიან, შეინარჩუნონ ქართული ენა, ამიტომ იქ ჩვენი ძალებით ვაკეთებთ ამ საკვირაო სკოლებს. მაქსიმალურად ვცდილობთ და აქაც რაც შესაძლებლობებია, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი ქვეყანა, ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მესიჯი იმისა, რომ ჩვენ იქ ვარსებობთ, მოდის და ეს ჩვენ გვაძლევს სტიმულს, რომ ვიყოთ უფრო ეფექტურები, ჩვენი ქვეყნის სამომავლოდ რომ მეტი ვაკეთოთ“.

დიასპორის ფორუმს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფაქტობრივად, მთავრობის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც 77 საუკეთესო სტუდენტს უცხოეთში სწავლა უფინანსდება იმ პირობით, რომ ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში გამოცდილების გასაზიარებლად. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ახლაც ეძებს გზებს როგორ მოახერხოს, განსაკუთრებით მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დიასპორების უკან დაბრუნება:

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„საქართველოში დარჩენილი ვართ მხოლოდ 3,7 მილიონი მოქალაქე, რაც არის კატასტროფა. ჩვენ ყოველთვის ვეძიებდით და ახლაც ვეძებთ იმ მთავარ მოტივაციას, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნება საქართველოში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც რჩებოდა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ეს იყო დაუცველობა და თავისუფლება, რომელიც ვერ შევირგეთ, რომ იტყვიან, და მოგმართავთ თქვენ, მეგობრებო, დიასპორის წარმომადგენლებო, უნდა მოხდეს რესურსების კონსოლიდაცია, გაერთიანება და აქ ერთიანობა არის გადამწყვეტი“.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველო დატოვა მილიონ-ნახევარმა ქართველმა და მათი წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში მაინც უმნიშვნელოვანესია: წლიური გადმორიცხვები მილიარდ-ნახევარ დოლარს შეადგენს. სწორედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის წვლილის აუცილებლობაზე დასვა აქცენტი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც გამარტივებული წესით ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

თუმცა, როგორც დიასპორის პროფესიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, თუ რას აკეთებს ქვეყანა თავისი დიასპორის წარმომადგენლებისთვის:

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ რას ვაკეთებთ, საქართველო რას აკეთებეს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაძლიერდეს მათში ეროვნული თვითშეგნება“.

დიასპორის ფორუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღის ბოლოს დაიხურა, დიასპორის კვირეული კი 29 მაისამდე გასტანს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG