Accessibility links

logo-print

13-18 ოქტომბერს თბილისში გლობალური დიასპორის კვირეული გაიმართება. ფორუმის მიზანია ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღონ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, დაამყარონ კონტაქტები როგორც ხელისუფლების, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. შედეგად, შესაძლებელი გახდება ქართული დიასპორის როგორც ინტელექტუალური, ასევე ფინანსური პოტენციალის გამოყენება.

საქართველოში დიასპორის როლი მნიშვნელოვანია როგორც ფულადი გზავნილების კუთხით, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 4,4% იმიგრაციაშია. გასული წლის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ოდენობამ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტი შეადგინა.

ფულადი გზავნილების გარდა, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დიასპორის საინვესტიციო პოტენციალის გასაზრდელად დიასპორელებს სპეციალურად მათთვის შექმნილ ფინანსურ ინსტრუმენტებს სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს, არის დიასპორის ფასიანი ქაღალდები. ფასიანი ქაღალდების შესყიდვა ხდება მშობლიურ ქვეყანაში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ამგვარი კაპიტალი შეიძლება ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი და სტაბილური უცხოური დაფინანსების წყარო გახდეს. ამასთან, უცხოელი ინვესტორებისგან განსხვავებით, დიასპორის წარმომადგენლები, პატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარე, უფრო აქტიურად აბანდებენ ასეთ ინსტრუმენტებში კაპიტალს. ამგვარ პრაქტიკას მიმართა ისრაელმა 1951 წელს, როდესაც დიასპორული ფასიანი ქაღალდების მეშვეობით 52 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალის აკუმულირება მოახერხა. ინდოეთმა ამგვარი ინსტრუმენტის შეთავაზება თავისი დიასპორის წარმომადგენლებისთვის 1991 წელს დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში 11 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდა. მსგავს სტრატეგიას მიმართა არაერთმა ქვეყანამ ფინანსური დეფოლტის თავიდან აცილებისა თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. იმის გათვალისწინებით, რომ ფასიანი ქაღალდების ღირებულება 100 დოლარიდან იწყება, ეს ფინანსური პროდუქტი ხელმისაწვდომია არამხოლოდ მსხვილი ბიზნესმენებისთვის.

შესაბამისად, ამ მექანიზმის ამოქმედება, ვფიქრობთ, საინტერესო შეიძლება იყოს საქართველოსთვისაც.

ფინანსური სარგებლობლის გარდა, დიასპორა ხშირ შემთხვევაში მშობლიურ ქვეყნებში ცოდნის გადაცემის წყაროა. ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენება სხვადასხვა მექანიზმების საშუალებითაა შესაძლებელი: წარმატებული დიასპორელების მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციებით, ადგილობრივი და დიასპორის წარმომადგენელი მეცნიერებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ადამიანების გაცვლითი პროგრამებით თუ ერთობლივი პროექტებით. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ჩაატარა კვლევა, სადაც დეტალურად არის გაანალიზებული ქართული დიასპორის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილი.

იმისათვის, რომ საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენოს დიასპორის ეკონომიკური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობები, საჭიროა სისტემური მიდგომა და მიზანმიმართული პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, ისევე როგორც ამგვარი ინიციატივების შემდგომი მონიტორინგი და მიღებული შედეგების ზეგავლენის შეფასება.

XS
SM
MD
LG