Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის გამოძიება: პუტინმა, სავარაუდოდ, ნება დართო მოეკლათ ლიტვინენკო


ალექსანდრ ლიტვინენკო სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.
ალექსანდრ ლიტვინენკო სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.

ბრიტანეთის გამოძიებამ დაასკვნა, რომ რუსეთის მთავრობა იდგა 2006 წელს რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, მკვლელობის უკან და ეს მკვლელობა, „სავარაუდოდ, ნებადართული იყო“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ.

ბრიტანელი მოსამართლის რობერტ ოუენის დასკვნის თანახმად, „დიდი ალბათობით“, ლიტვინენკო მოკლეს რუსეთის მოქალაქეებმა დმიტრი კოვტუნმა და ანდრეი ლუგოვოიმ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით.

"ამასთან, დავასკვენი, რომ ბატონი ლიტვინენკოს მოსაკლავად ფეესბეს ოპერაცია, სავარაუდოდ, ნებადართული იყო ფეესბეს მაშინდელი ხელმძღვანელის, ბატონი პატრუშევის და, ასევე, პრეზიდენტ პუტინის მიერ“, - განაცხადა ოუენმა.

მისი თქმით, პუტინსა და ლიტვინენკოს შორის არსებობდა პიროვნული ანტაგონიზმი და პუტინის ადმინისტრაციის წევრებს ლიტვინენკოს მოკვლისთვის მოტივი ჰქონდათ.

ლიტვინენკომ, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებდა პუტინს, რუსეთი სიკვდილამდე ექვსი წლით ადრე დატოვა.

ბრიტანელმა გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ 44 წლის ლიტვინენკომ რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული ჩაი დალია ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში, კოვტუნთან და ლუგოვოისთან ერთად. ლიტვინენკო სამი კვირის შემდეგ, 2006 წლის 23 ნოემბერს, გარდაიცვალა ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

ლონდონში პოლონიუმის კვალს მიაგნეს სხვადასხვა ადგილას, სადაც კოვტუნი და ლუგოვოი იყვნენ ნამყოფები - მათ შორის, ოფისებში, საავადმყოფოებში, სასტუმროებში და საფეხბურთო სტადიონზე. პოლონიუმ-210 ძალიან ძვირად ღირებული ნივთიერებაა და მას მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე მაღალი უსაფრთხოების ბირთვული ობიექტი აწარმოებს.

რუსეთი უარს აცხადებს კოვტუნისა და ლუგოვოის ექსტრადიციაზე. ლუგოვოი 2007 წლიდან რუსეთის პარლამენტის წევრია.

გამოძიების დასკვნის გავრცელებიდან მალე ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ გამოაცხადა, რომ კოვტუნისა და ლუგოვოის ქონება დაყადაღებულია. მისი თქმით, ბრიტანეთმა წერილით მიმართა ნატოელ და ევროკავშირელ პარტნიორებს შემოღებულ იქნეს პოლიტიკა, რომელიც არ დაუშვებს მსგავს მკვლელობებს მომავალში.

"დასკვნა, რომ ბატონი ლიტვინენკოს მკვლელობაში, სავარაუდოდ, რუსეთის სახელმწიფო იყო ჩართული, ღრმად შემაშფოთებელია. თავისთავად ცხადია, რომ ეს იყო საერთაშორისო კანონისა და ცივილიზებული ქცევის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების ღია და მიუღებელი დარღვევა“, აცხადებს ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

ბრიტანეთის მთავრობის წინაშე გამოიძახეს რუსეთის ელჩი ალექსანდრ იაკოვენკო, რომელსაც გააცნეს ლონდონის უკმაყოფილება იმის გამო, რომ მოსკოვი არ თანამშრომლობს გამოძიებაში. იაკოვენკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის „აბსოლუტურად მიუღებელს“ უწოდებს ანგარიშში გამოთქმულ ვარაუდს ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთის მთავრობის მონაწილეობის შესახებ.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთში წარმოებულ გამოძიებას უწოდა „გაუმჭვირვალე“ და დასძინა, რომ მოსკოვი უფრო სრულფასოვან პასუხს გაავრცელებს 300-გვერდიანი ანგარიშის შესწავლის შემდეგ.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ლუგოვოის სიტყვები, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები „აბსურდია“. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ოუენის დასკვნის გავრცელების შემდეგაც განაცხადეს, რომ არ აპირებენ ლუგოვოისა და კოვტუნის ექსტრადიციას ან მათ სამართლებრივ დევნას.

ლიტვინენკოს ქვრივმა მარინა ლიტვინენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ძალიან კმაყოფილია“ ანგარიშით და რომ ის ადასტურებს თავისი ქმრის მიერ სასიკვდილო სარეცელზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მისი მკვლელობა პუტინის მიერ იყო შეკვეთილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG