Accessibility links

დიდთოვლობამ რეგიონებში პრობლემები შექმნა


მლეთა–გუდაურის გზა

მლეთა–გუდაურის გზა

დიდთოვლობის გამო საქართველოს რეგიონებში პრობლემები შეიქმნა. დღის განმავლობაში გაიხსნა ფასანაური-გუდაურის გზის მონაკვეთი. ქარბუქია ისევ ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე, თუმცა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩარჩენილი ტრანსპორტი უკვე გამოიყვანეს. ყველაზე რთული ვითარებაა გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით 15-კილომეტრიან მონაკვეთზე.

5 იანვარს გუდაურიდან ყაზბეგში ერთი ღამით დასარჩენად წასული 12-კაციანი ჯგუფი სასტუმრო „რუმსში“ უკვე მესამე ღამეა რჩება. „რუმსში“ ჩარჩენილი ნონა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ მათ გარკვეული შეღავათები მისცა, თუმცა როდემდე მოუწევთ დარჩენა, მათთვის უცნობია:

„ჯგუფი ჩამოვედით, მაგრამ მერე გადაგვანაწილეს ნომრებში, საწოლები დაგვიმატეს და შეღავათიანი ფასი გამოვიდა, საფასურის 30% დაგვიკლეს. ჩვენთან ერთად არიან უცხოელები, რომლებსაც ბილეთები გაუუქმდათ, იმიტომ რომ დღეს ღამით უნდა გაფრენილიყვნენ გერმანიაში და მოუწიათ ბილეთის გაუქმება“.

სადაც გრძელდება ქარბუქი, მგზავრები და მანქანები გამოყვანილია ზონიდან, ასევე გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები მესტიის მიმართულებით, სადაც ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროებაა...

ნონას თქმით, სასტუმროს ადმინისტრაცია ყაზბეგში ჩარჩენილი სტუმრებისთვის მდგომარეობის შემსუბუქებას სხვადასხვა გასართობით ცდილობს:

„ეს მდგომარეობა ჩემთვის უფრო სტრესულია, ვიდრე საინტერესო, მაგრამ ზოგიერთისთვის საინტერესო ჩანს. გუშინ თოვლის ბაბუების დადგმის კონკურსიც ჩატარდა. აქ დაძაბულობა ნამდვილად არ იგრძნობა“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნუგზარ გასვიანის სიტყვებით, სწორედ გუდაური-კობის საავტომობილო გზის 15- კილომეტრიანი მონაკვეთია ის ადგილი, რომლის გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა შენარჩუნებული, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დამატებითი ტექნიკა გადაიყვანა გუდაურში და როგორც კი ზვავსაშიშროება მოიხსნება, მაშინვე დაიწყება უხვი ნალექისგან მაქსიმალურად მოკლე დროში გაწმენდითი სამუშაოები. თუმცა, ნუგზარ გასვიანის სიტყვებით, იმის თქმა ძნელია, თუ რამდენ ხანში გაიწმინდება გზა, ვინაიდან ძალიან რთულიმონაკვეთია, დიდი რაოდენობით ზვავია ჩამოწოლილი და თითოეული ზვავის მოცულობის განსაზღვრა წინასწარ ჭირს. ჯერ ეს 15-კილომეტრიანი მონაკვეთი არც დათვალიერებულა.

ნუგზარ გასვიანის ინფორმაციით, შეზღუდულია მოძრაობა ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე:

„სადაც გრძელდება ქარბუქი, მგზავრები და მანქანები გამოყვანილია ზონიდან, ასევე გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები მესტიის მიმართულებით, სადაც ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროებაა. მობილიზებულია 10 ერთეულზე მეტი ტექნიკა, რომლებიც მუშობენ ხაიში-მესტიის მონაკვეთის გაწმენდაზე და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დღის განმავლობაში აქაც შესაძლებელი იქნება მოძრაობის აღდგენა“.

ასეთი თოვლი აქ ყოველ წელს არის. განსაკუთრებულიც არაფერია. მართალია, შარშან არ ყოფილა, მაგრამ ხშირად არის ხოლმე. მთა არის და არც ზვავია უცხო და არც დიდთოვლობა. ასე რომ, მთლად საგანგაშო ვითარებაც არ არის...

დღის მეორე ნახევარში დასრულდა ფასანაურიდან მლეთამდე გზის მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები. ჯერ გუდაურიდან ფასანაურის მიმართულებით გზა ცალმხრივად გაიხნა, მოგვიანებით კი გზის ორმხრივი მიმართულება გაიხსნა, ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი:

„2 საათიდან მოიხსნა ზვავსაშიშროების რეჟიმი მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე და ტექნიკა მუშაობს გუდაური-ქუმისციხე -მლეთის მონაკვეთზე. შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გუდაურის ზამთრის საკურორტო ცენტრამდე მისასვლელი გზა დღის ბოლოსთვის იქნება გავლად მდგომარეობაში, რაც მისცემს საშუალებას გუდაურში 2 დღის განმავლობაში ჩარჩენილ ტურისტებს და დამსვენებლებს გამოვიდნენ. ასევე გუდაურისკენ ახალი ნაკადის გაშვება იქნება შესაძლებელი“.

ფასანაურის მკვიდრი ნინო წიკლაური რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დიდთოვლობა რეგიონისთვის უცხო არ არის. გზებზეგადაადგილების შეფერხების მიუხედავად, ამ დროისთვის ფასანაურის რაიონში სასურსათო ან სხვა რაიმე საყოფაცხოვრებო პროდუქტების დეფიციტი არ არის. ნინო წიკლაურის თქმით, თოვლის საფარი ფასანაურში დაახლოებით ნახევარ მეტრს აღწევს და ცენტრალური გზები იწმინდება.

„ასეთი თოვლი აქ ყოველ წელს არის. განსაკუთრებულიც არაფერია. მართალია, შარშან არ ყოფილა, მაგრამ ხშირად არის ხოლმე. მთა არის და არც ზვავია უცხო და არც დიდთოვლობა. ასე რომ, მთლად საგანგაშო ვითარებაც არ არის“.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, განსაკუთრებული საჭიროებები ამ დროისთვის რეგიონებში არ არის, შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია.

როგორც ჟურნალისტებს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი მეგრელაძემ განუცხადა, ზვავსაშიშროება რჩება გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე. მისივე თქმით, ამ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა, სავარაუდოდ, კიდევ ხუთი დღე ვერ აღდგება.

XS
SM
MD
LG