Accessibility links

logo-print

რამაზ საყვარელიძე გიორგი ხუციშვილის კონფლიქტოლოგიაზე


31 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი. მან ილაპარაკა გამოჩენილ ქართველ კონფლიქტოლოგ გიორგი ხუციშვილზე - მის ნააზრევსა და მის მიერ წამოწყებულ მნიშვნელოვან პროცესებზე. საუბარი შეეხო გიორგი ხუციშვილის გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ანალიტიკური სტატიების, მასთან ინტერვიუების კრებულს - "როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები". ორტომეულში შესულია 1991-2013 წლებით დათარიღებული ტექსტები: „ერთი სიტყვით და ერთი ნაბიჯით გამოსავალი არ არსებობს. ამას სჭირდება პროცესები, სწორი გათვლა. რუსებმა, პრაქტიკულად, ამ ეტაპზე მოგვიგეს, მაგრამ თამაში არ დამთავრებულა, თამაში გრძელდება. შემდეგი ეტაპი ჩვენ უნდა მოვიგოთ. ამისათვის რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ამ წუთში ხელისუფლება უმართებულო სურათის ტყვეობაშია. რუსეთი დღეს ომს ელოდება. ომი კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან სწორედ ეს არის ის კოზირი, რითაც რუსეთი საბოლოოდ მთელ თამაშს იგებს საქართველოს დასამარცხებლად“, - თქვა 2008 წლის აპრილში ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში გიორგი ხუციშვილმა. ომი მოხდა და 2008 წლის ომის შემდეგ, ძალიან მალე მან კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროცესს ჩაუყარა საფუძველი იმ რწმენით, რომ ომით გაფუჭებული ომით არ სწორდება, არამედ ისევ ცოდნას და გულწრფელ მონდომებას უნდა დაეფუძნოს. რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ გიორგი ხუციშვილი და მის მიერ დაფუძნებული "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი" მხოლოდ კონფლიქტებს არ იკვლევდა, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც. მას ჰქონდა შეუგუებლობა არაპროფესიონალიზმისა და ქვეყნის პრობლემებისადმი გულარხეინი, ხელჩაქნეული, პრიმიტიული დამოკიდებულების მიმართ: "პოლიტიკოსებმა (და კიდევ ზოგიერთმა, ვისთვისაც პოლიტიკა ჰობია) იციან ის "საიდუმლოება", რომ სულაც არაა საჭირო პრობლემებს ქმედება დაუპირისპირო იმისათვის, რომ ხალხი დაკმაყოფილდეს: საკმარისია, პერიოდულად ქმედების მაიმიტირებელი მოძრაობები აკეთო, თან პატრიოტული ეროვნული ლექსიკა გამოიყენო", - წერდა ის 2002 წლის მარტში.

XS
SM
MD
LG