Accessibility links

logo-print

დიოსკურია საქართველოს იმ ქალაქების რიცხვს ეკუთვნის, რომელთა შესახებაც ისტორიამ ბევრი ინფორმაცია ვერ შემოინახა. ისტორიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ის ზღვაში ჩაიძირა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დიოსკურია, უბრალოდ, ახლანდელი სოხუმის ძველისძველი სახელწოდებაა. ისტორიულ წყაროებში ის რამდენიმე ადგილას მოიხსენიება, თუმცა ზუსტად სად მდებარეობდა, დღემდე ვერავინ ამბობს. რა ვიცით ამ ნახევრად მითოლოგიური ქალაქის შესახებ?

დიოსკურია ქალაქია, რომელსაც ისტორიკოსები ზღვაშიც ეძებენ და ხმელეთზეც. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიურ ლექსიკონში ვკითხულობთ, რომ დიოსკურია სოხუმის ერთ-ერთი სახელია. როგორც ცნობილია, სოხუმს დროთა განმავლობაში ბევრჯერ შეეცვალა სახელი, მას ხან სებასტოპოლისი ერქვა, ხან კი ცხუმი.

თუ სად მდებარეობდა დიოსკურია, ამის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, ის ლოკალიზდება მდინარე კოდორის შესართავთან, ისკურიას კონცხთან (უსლარი 1881: 390-391; ივაშჩენკო 1926ა: 93-103); მეორენი ვარაუდობენ, რომ დიოსკურია მდინარე ბესლეთის შესართავთან მდებარეობდა და სოხუმის ყურეშია ჩაძირული (სოლოვიოვი 1947: 99; თრაფში 1969: 212; ვორონოვი 1980: 22-24).

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გურამ კვირკველია ამბობს, რომ დიოსკურია მოიხსენიება ბერძნულ ისტორიულ წყაროებში. ქალაქი დააარსეს ბერძნებმა, კერძოდ, მილეტელებმა. მილეტი, თავის მხრივ, ძველი ქალაქი-სახელმწიფო იყო ანატოლიაში. მისივე თქმით, დიოსკურია, სავარაუდოდ, ძველი წელთაღრიცხვის მე-4-5 საუკუნეებში უკვე არსებობდა.

„ძვ. წ. მე-4 საუკუნეში არსებობდა, ალბათ - მე-5 საუკუნეშიც. არსებობდა თუ არა უფრო ადრე, მე-6 საუკუნიდან, ეს უკვე არ ვიცით, რადგან არქეოლოგიურად თითქმის შეუსწავლელია. როგორც ჩანს, ზღვამ დაფარა დიდი ნაწილი, ის ნაწილი კი, რომელიც შეიძლება შემორჩენილია, ქალაქგანაშენიანების ქვეშ არის და იქ რამე სერიოზული გათხრები არასოდეს ჩატარებულა“.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ირკვევა, რომ დიოსკურია თავს ძირითადად ვაჭრობით ირჩენდა.

„მსხვილი სავაჭრო ცენტრი ნამდვილად იყო. ძველბერძენი ავტორებიც ამბობენ, რომ ეს არის სავაჭრო ცენტრი გარშემო მცხოვრები ხალხებისთვის. კავკასიონიდანაც კი ჩამოდიოდნენ სვამები, ანუ სვანები“.

ფსევდოქსილაქსი რამდენიმე ტომს ჩამოთვლის და წერს, რომ დიოსკურიის შემდეგ მოდიან კოლხი ტომები. ანუ, როგორც ჩანს, დიოსკურიამდე კოლხები ადიოდნენ...

ეთნოგრაფი და ისტორიკოსი სერგი მაკალათია წერს: „ სტრაბონი მოგვითხრობს, რომ დიოსკურია მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე, ზღვის ყურეში“... მაკალათიაამბობს ასევე,რომ ძველი დიოსკურია შესაძლებელია ყოფილიყო დღევანდელი სოხუმი, ცხუმი, ან მასთან ახლოს მდებარე რომელიმე ქალაქი, რასაც არიანეს ცნობაც მოწმობს. არიანე წერს, რომ პირველი ნავსადგური დიოსკურიიდან არის ბიჭვინთა, რომელიც დაშორებული მისგან 350 სტადიით. სოხუმსა და ბიჭვინთას შორის დღესაც, დაახლოებით, ასეთივე მანძილია.

რაც შეეხება მოსახლეობას, გურამ კვირკველია ამბობს, რომ ძველ დიოსკურიაში სხვადასხვა ტომის ხალხი ცხოვრობდა:

„ფსევდოქსილაქსი რამდენიმე ტომს ჩამოთვლის და წერს, რომ დიოსკურიის შემდეგ მოდიან კოლხი ტომები. ანუ, როგორც ჩანს, დიოსკურიამდე კოლხები ადიოდნენ, მაგრამ იქ სასაზღვრო ტერიტორია იყო რამდენიმე ეთნიკური გაერთიანების ფარგლებში“.

სხვათა შორის, შავ ზღვაში უფრო მეტი შანსია რაღაცის პოვნის და რატომ? წყლის ქვეშ, 150 მეტრის ქვევით, გოგირდოვანი ფენაა, რასაც შენახვის უნარი აქვს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს სანაპირო მეტად დასილულია, მოძრაობს...

სოხუმის ყურის ფსკერზე აღმოჩენილია მარმარილოს რელიეფური სტელა, რომელიც ძვ. წ. 430-420 წწ-ით თარიღდება. მარმარილოს სტელა საფლავის ქვის ფუნქციას ასრულებდა. მასზე ორი ქალია გამოსახული, წარწერის გარეშე. ის ახლა სოხუმის მუზეუმში ინახება. იქ, სადაც სტელა აღმოჩნდა, მოგვიანებით წყალქვეშა ექსპედიციაც მოაწყვეს იმ იმედით, რომ დიოსკურიის ნარჩენებს მიაგნებდნენ. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გელა გამყრელიძე ამბობს, რომ ხელმოსაჭიდი ვერაფერი იპოვეს:

„როცა უკვე საშუალება მოგვეცა და ჩასაყვინთი აპარატურა გვქონდა, 80-იან წლებში, გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა ეს ადგილი. მართალი გითხრათ, ხელმოსაკიდი მაშინ არაფერი გვიპოვია. ანუ ეს ეხება ძველ დიოსკურიას და არა იმ პერიოდს, როცა უკვე ცხუმი ერქვა“.

გელა გამყრელიძე ამბობს, რომ უფრო საფუძვლიანი კვლევებისთვის გაცილებით მეტი ფინანსები და უკეთესი აპარატურაა საჭირო. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სოხუმში ჩასვლა დღეს შეუძლებელია.

„სხვათა შორის, შავ ზღვაში უფრო მეტი შანსია რაღაცის პოვნის და რატომ? წყლის ქვეშ, 150 მეტრის ქვევით, გოგირდოვანი ფენაა, რასაც შენახვის უნარი აქვს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს სანაპირო მეტად დასილულია, მოძრაობს. წყალქვეშა დიუნები (სილის ბორცვი) გადაადგილდება და ამიტომ ძნელია რამის მოძებნა. შეიძლება რაღაცის პოვნა, მაგრამ ეს ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული“.

გურამ კვირკველია ამბობს, რომ დიოსკურია არსებობას სხვადასხვა სახელით განაგრძობდა:

„როგორც ქალაქი, სხვადასხვა სახელით ყოველთვის არსებობდა. ბერძნებმა დააარსეს. შემდეგ, რომაულ ხანაში, სებასტოპოლისი დაარქვეს. იქ დიდი ციხესიმაგრე იდგა, სებასტოპოლისის სახელით. მერე, როგორც ჩანს, შუა საუკუნეებშიც აგრძელებდა არსებობას “.

ვარაუდობენ, რომ სახელი „დიოსკურია“ წარმოიქმნა ტყუპი ძმების, დიოსკურების, ანუ ზევსის ვაჟების - პოლიდევკესა და კასტორისგან. ისინი იყვნენ ტროელი ელენეს ძმები და იასონთან ერთად არგონავტების ლაშქრობაში მონაწილეობდნენ. დიოსკურების კულტი გავრცელებული იყო როგორც ძველ საბერძნეთში, ასევე რომში. დიოსკურებს განასახიერებს მარჩბივის, იმავე ტყუპების, ჰოროსკოპიც, რომლის სიმბოლოც ორი ადამიანია. დიოსკურების გამოსახულება გვხვდება ფულზეც. სიმონ ჯანაშიას მუზეუმში ინახება 12 მონეტა, რომელიც დიოსკურიაშია მოჭრილი და ასევე აწერია – ΔΙΟΣ/ΚΟΥΡΙΑ/ΔΟΣ. ვარაუდობენ, რომ ფული ძვ. წ. II-I საუკუნეებში მოიჭრა. პონტოს მეფემ მითრიდატე VI-მ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო თავის სამფლობელოს სწორედ ამ დროს მიუერთა. უკვე მითრიდატეს ქვეშევრდომი დიოსკურიელები მუნიციპალურ სტრუქტურებს ინარჩუნებდნენ და საკუთარ სპილენძის ფულსაც ჭრიდნენ. სავარაუდოდ, დიოსკურიაში მითრიდატე VI-ის გარნიზონი იდგა და მონეტების მოჭრას სწორედ მის მიერ დანიშნული მოხელე აკონტროლებდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG