Accessibility links

logo-print
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პარასკევს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდნენ. სოფელ დიდ ხურვალეთში მავთულხლართებით გაყოფილი ვანიშვილების სახლ-კარის ნახვისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ ვითარება ტრაგიკულია. მას ეს ვითარება ბერლინის კედელს აგონებს, როდესაც ხელოვნურად აღმართული ბარიერებით ხდება ხელის შეშლა, ადამიანები ვერ ახერხებენ თავიანთ მინდვრებზე და წინაპრების საფლავებზე გასვლას. ელჩებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი კონფლიქტის ზონაში საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით მოხდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ხურვალეთისა და დიცის შემდეგ დვანში ჩავიდნენ, საკუთარი თვალით ნახეს რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების მიერ გაბმული მავთულხლართები და ის სახლები, რომელთა მოქცევას ამ მავთულხლართების მიღმა აპირებენ. დვანში სწორედ დანგრეული სახლების ფონზე მიმდინარეობდა ადგილობრივი მოსახლეობისა და ელჩების შეხვედრა. მესამე დღეა სოფელში მესაზღვრეები აღარ მუშაობენ, ისინი დვანში მხოლოდ იმიტომ ჩნდებიან, რომ დარჩენილი ბოძები უკან წაიღონ. დვანელი ლია ბეჟანიშვილი ფიქრობს, რომ რუსები საერთაშორისო ძალისხმევამ შეაჩერა.

,,უღრმესი, დიდი მადლობა, იმიტომ რომ იმ თანადგომისათვის, იმ მსოფლიო მხარდაჭერისათვის, რომელიც თქვენ გამოხატეთ სულყველამ და იმედია, მერე დანარჩენ სოფელს მიხედავთ სულყველა - ახლანდელი მთავრობაც, პრეზიდენტიც და სულყველა“, ცრემლები ვერ შეიკავა მიმოზა ჯიქიამ, რომელმაც ელჩებს რუსეთის შეჩერებისკენ მოუწოდა.:

,,ეს ხალხი მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობდა, მუშაობდა მუშა ფუტკარივით. თითო კენჭი იციან სად იყო, იციან მიწა, სად რაა დარგული, ვინ რომელი ხე დარგო და ასწლოვან ხეებს გვაჭრევინებენ ეხლა. ძალიან გთხოვთ, გემუდარებით ყველას, რაც შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ, რომ საქართველო გადაგვირჩინოთ. ხვალ და ზეგ ამით მსოფლიოს დაშლა დაიწყება. ნახავს ურჩხული, რომ სხვისი დაპყრობა შეიძლება და ყველას დაიპყრობს ცოტა ხანში. ძალიან გთხოვთ, ძალიან“.

აშშ-ის ელჩი ოკუპაციის ხაზთან

აშშ-ის ელჩი ოკუპაციის ხაზთან

მოსმენილისა და ნანახის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. რიჩარდ ნორლანდის აზრით, საერთაშორისო ქმედებები კიდევ უნდა გაძლიერდეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკანიანის თქმით, კონფლიქტის ზონაში ჩასვლის სურვილი თვითონ ელჩებმა გამოთქვეს, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები თითქმის ყოველდღე კეთდება მაღალი ტრიბუნებიდან, მაგრამ სამინისტრომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, რათა რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდეს:

,,ეს არ არის, უბრალოდ, განცხადებები განცხადებებისთვის. ეს არის მოწოდება რუსეთისათვის, რომ დაიცვას საერთაშორისო ნორმები, ის ვალდებულებები, რომელიც მას ნაკისრი აქვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში უფრო მეტიც, მოწოდება არის, რომ რუსეთმა უკან წაიღოს აღიარება ოკუპირებული ტერიტორიის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას, იმიტომ რომ იმათ, ვინც ამას სჩადის და ვინც აქ მავთულხლართებს აბამს, თავი კომფორტულად არ უნდა იგრძნონ. მათ უნდა ჰქონდეთ მუდმივად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სერიოზული ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესები იქნეს გაჩერებული“.

ელჩებთან ერთად კონფლიქტის ზონაში რეგიონალური განვითარების და რეინტეგრაციის სამინისტროების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები ადგილზე კიდევ ერთხელ მოისმინეს და სპეციალური სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებების შესახებ აცნობეს. რეგიონალური განვითარების მინისტრის დავით ნარმანიას თქმით, პირველ რიგში, სოფლის შეშით უზრუნველყოფა მოხდება, ასევე დაიწყება წყლის სისტემების მოწყობისა და გაზიფიცირების სამუშაოები:

ძალიან მძიმე სურათი იყო, როდესაც უყურებ ადამიანი როგორ შლის თავისი ხელით საკუთარ აშენებულ სახლს. სამი ოჯახი დარჩა სახლ-კარის გარეშე და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავხმარებოდით. საერთო ჯამში, 14 მანქანა სამშენებლო მასალაა. ეს არის კეთილი ნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას გამოეხმაურება სხვა ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი...
,,ყველაზე მთავარი და გადაუდებელი ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად არის შეშით უზრუნველყოფის საკითხები და ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებულია. მეორე საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის გაზის შეყვანასთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ 38-ივე სოფელზე ინფორმაცია მივაწოდეთ ენერგეტიკის სამინისტროს. ისინი ამზადებენ კონკრეტულ გრაფიკს და ხარჯთაღრიცხვებს და გვეცოდინება როდის რომელი სოფლის გაზიფიცირება მოხდება. გარდა ამისა, მიმდინარე ეტაპზე ჩვენ ორ სოფელში დავამთავრეთ და კიდევ დამატებით ორ სოფელში ვაკეთებთ წყლის ჭაბურღილებს“.

დავით ნარმანიას თქმით, მთავრობა უკვე განიხილავს მეკარიშვილებისთვის, მახაჭაშვილებისთვის და კორაშვილებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხს, რადგან ამ ადამიანებმა საცხოვრებლები დაკარგეს. მაშინ როცა დვანელების ერთი ნაწილი ელჩებს პრობლემების შესახებ უამბობდა, მეორე ნაწილი სოფელში ჩატანილ სამშენებლო მასალას ცლიდა. თბილისის განვითარების ფონდმა პარასკევს იქ 14 მანქანა ბლოკი და ყველა საჭირო მასალა ჩაიტანა. ფონდის ხელმძღვანელის დავით იოსელიანის თქმით, წარმოუდგენელია ადამიანს ენახა ის კადრები, თუ როგორ შლიდნენ დვანელები საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო საკუთარ სახლებს და დახმარების სურვილი არ გასჩენოდათ:

,,ძალიან მძიმე სურათი იყო, როდესაც უყურებ ადამიანი როგორ შლის თავისი ხელით საკუთარ აშენებულ სახლს. სამი ოჯახი დარჩა სახლ-კარის გარეშე და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავხმარებოდით. საერთო ჯამში, 14 მანქანა სამშენებლო მასალაა. ეს არის კეთილი ნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას გამოეხმაურება სხვა ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი, რადგანაც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში კეთილი ადამიანების ამარა დარჩა ეს ხალხი“.

დაზარალებულების თქმით, მასალა იმდენია, რომ სამი სახლი თავისუფლად აშენდება. გივი მახაჭაშვილი არსად წასვლას არ აპირებს და სახლის აშენებას ისევ საოკუპაციო ხაზთან გეგმავს:

,,ეს ამოდენა ბლოკი, ეს ამოდენა სამშენებლო მასალა, რკინა, ცემენტი - ეს უბრალო საქმე ხომ არ არი. ეს არი ჩვენთვის ძალიან დიდი საქმე და მე ვერ გამოვხატავ ამ სიხარულს. მარტო მე კი არა, ის სამი ოჯახი. ეს არი ძალიან დიდი დახმარება. მე აქედან წამსვლელი არსად არა ვარ. მე ამ სოფელში დავიბადე, ამ სოფელში გავიზარდე და აქ უნა ავაშენო სახლი. უნა იყვეს ჩემი სახლი ყველაზე კოხტა, ყველაზე ლამაზი. მაღლიდან რო გადმოიხედებიან ის ხალხი, ხო უნა დაინახონ რო აი რანაირი დახმარება გამიწია სახელმწიფომ“.

ხელისუფლების, ოპოზიციისა და პოლიტიკური პარტიების გარდა, დვანელთა დახმარების სურვილს უამრავი ორგანიზაცია და კერძო პირი გამოთქვამს. სოციალურ ქსელში შექმნილია ჯგუფი „ჩვენ ავაშენებთ სახლს“, სადაც დვანელების დახმარების შესახებ მოქალაქეები კონკრეტულ აქტივობებს გეგმავენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG