Accessibility links

logo-print

რიჩარდ ნორლანდი: ჯობია მოვიყვანოთ სალათის ფურცლები, ვიდრე ვაშენოთ საზღვრებზე ღობეები


შეხვედრა ხურვალეთში

შეხვედრა ხურვალეთში

„ჯობია მოვიყვანოთ სალათის ფურცლები, ვიდრე ვაშენოთ საზღვრებზე ღობეები“- ეს სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას წარმოთქვა. დასახლებაში მცხოვრებთ თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემები და ბოსტნეულის ჩითილები გადაეცათ. ბოსტნეულის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით იძულებით გადაადგილებულებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ საარსებო პირობები. ტრისტან გვარამაშვილმა პატარა ბოსტანში უკვე დარგო სალათის ჩითილი, ახლა იგი მოსავლის მიღებას ელოდება, მაგრამ რეალიზაციის ამბავი აფიქრებს.

ამერიკის ელჩის გარდა, ხურვალეთში ისრაელის ელჩი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. აღნიშნული პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივისა (NEO) და ისრაელის საელჩოს დახმარებით ხორციელდება. პროექტის მიზანია ხურვალეთის, ბერბუკის და შავშვების დასახლებებში მცხოვრებთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. შავშვებში მცხოვრები გალინა ქელეხსაევა აცხადებს, რომ ამ პროექტით ვერ გამდიდრდებიან, მაგრამ ოჯახს ეკონომიკურად მცირედით მაინც დაეხმარება.

დიპლომატები და ხელისუფლების წარმომადგენლები დვანსა და დიცში არსებული პრობლემების შესახებაც საუბრობდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელია ის, რაც ახლა რუსეთის მესაზღვრეების მიერ დვანში ხდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აზრით, ხელოვნურად შექმნილ საზღვრებს აქეთ ცხოვრება წინ მიდის და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია.

თემთა ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დევნილებს მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაშიც დაეხმარებიან. პროექტ „სოფლის განვითარების“ მრჩეველი ედუარდ შერმადინი ამბობს, რომ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი დასახლებებში მებოსტნეობის განვითარება და წელიწადში რამდენიმე მოსავლის მიღებაა.

დევნილთა დასახლებებში დაწყებული პროგრამა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მათ შორისაა ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა თემის დონეზე, სოფლის ეკონომიკური განვითარება და უკიდურესად დაუცველი ოჯახების დახმარება.
XS
SM
MD
LG