Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს დიპლომატებს დახმარებისთვის მიმართავს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დიპკორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში შექმნილი ვითარების ადგილზე გაცნობას სთხოვს. ამ მიზნით სპეციალური ჯგუფი პირობით საზღვრისპირა სოფლებს 7 ივნისს ეწვევა. 3 ივნისს კი გაიმართა შეხვედრა, რომელზეც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა სოფლებში დიცში, დიდ ხურვალეთში, ქვემო ნიქოზში, გუგუთიანთკარსა და დვანში რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების ინსტალაციის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაინტერესდნენ რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების ინსტალაციის პრობლემით და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თავიანთ სახელმწიფოებს ინფორმაცია მიაწოდონ.

“ჩვენ მივაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია, თუ სად მიმდინარეობს მავთულხლართების ინსტალაცია, სად რა კონკრეტული დეტალია ცნობილი. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ამ შეხვედრამ, ამ პრეზენტაციამ. რაც შეეხება მეტრებს და კონკრეტულ დეტალებს, დისტანციებს, მოდი, ასე ვთქვათ, ყველა ადგილს აქვს თავისი სხვადასხვა დეტალი, მასე ძალიან ძნელია თქმა იმისა, რომ ერთგან არის 120 მეტრი, ერთგან შეიძლება იყოს 130, ერთგან - 200. არსებობს ხუთი ცნობილი ადგილი - ეს არის დიდი ხურვალეთი, გუგუთიანთკარი, ქვემო ნიქოზი, დვანი და, შესაბამისად, ყველა ამ არეალს აქვს თავისი სხვადასხვა დეტალი“, თქვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ.

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, მაგრამ ყველა ის მოქმედება, რომელსაც რუსეთის ძალები ახორციელებენ, გადაჭრილი უნდა იყოს უკვე არსებული მექანიზმის ფარგლებში...
იონას პასლაუსკასი
საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იონას პასლაუსკასის განცხადებით კი, ეს არის სენსიტიური საკითხი, რომელიც მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას ეხება და, ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, მაგრამ ყველა ის მოქმედება, რომელსაც რუსეთის ძალები ახორციელებენ, გადაჭრილი უნდა იყოს უკვე არსებული მექანიზმის ფარგლებში. და მე ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, საქართველოს მთავრობის ყურადღება მშვიდობიან შედეგამდე მიგვიყვანს“, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა.

კონფლიქტის ზონებთან უკანონო გამყოფი კონსტრუქციების მონტაჟის ფაქტს 3 ივნისს გამოეხმაურა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიც. მისი განმარტებით, ნატოს უკანონო გამყოფი კონსტრუქციების საკითხთან მიმართებით ისეთივე პოზიცია აქვს, როგორიც ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ნეგატიურად ვაფასებთ“, - თქვა ჯეიმს აპატურაიმ.

თავის მხრივ, მასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იქნება პრინციპული, ნაბიჯები კი ნატოსთან, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან სინქრონული, რადგან არასინქრონული მოქმედების შედეგი 2008 წლის აგვისტომ აჩვენა.

ახლა ეს მიწოდებული აქვს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას თუ არა აქვს მიწოდებული, ფაქტია, რომ მოსკოვის გარეშე ეს საკითხები არ წყდება...
გიორგი ვოლსკი
პარასკევს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ჩასვლას გეგმავს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი. მან მედიასთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი სადემარკაციო პროცესებში აქტიურადაა ჩართული, მიუხედავად იმისა, აღიარებს თუ არა ამ ფაქტს:

“როგორ არ ერევა, ერევა და მუშაობს კიდეც ამ თემაზე. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუკები არსებობს. არის ეს რუკები ზოგი 1979 წლის, ზოგი 80-იანი წლების, გვიანი 80-იანი წლების და ამ სადემარკაციო ხაზს, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან განსაზღვრავდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს, მიჰყვებიან. ახლა ეს მიწოდებული აქვს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას თუ არა აქვს მიწოდებული, ფაქტია, რომ მოსკოვის გარეშე ეს საკითხები არ წყდება“.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ამბობს იმასაც, რომ რუსეთის შეთავაზება, დაიწყოს საზღვრის დემარკაციის პროცესი, მიუღებელია ქართული მხარისთვის, რამდენადაც დღის წესრიგში დგას არა საზღვრის დადგენის, არამედ ოკუპაციის საკითხი.

საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის, თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობა. მათი აზრით, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, ქვეყანაში უნდა არსებობდეს თემები, რომელზეც მთელ პოლიტიკურ სპექტრს ერთი პოზიციის დაკავება შეუძლია.
„მივიღოთ საპარლამენტო რეზოლუცია, მიმართვა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების პარლამენტებისადმი და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების მიმართ . ეს იქნება უმცირესობის და უმრავლესობის შეჯერებული და ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია საქართველოში ოკუპაციის გაგრძელება და ნებისმიერი ფორმით ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის - ეგრეთ წოდებული საზღვრის, საოკუპაციო ხაზის - გადატანა, როგორც ამას დღეს აკეთებს რუსეთი. ჩვენ მზად ვართ ამ კონსულტაციებისთვის, მზად ვართ მოვამზადოთ რეზოლუციის პროექტიც“, ამბობს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე.
საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას, რეზოლუციის პროექტზე კონსულტაციების გარდა, სთავაზობს ასევე კონსულტაციებს ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით და მოუწოდებს ასევე მოწვეულ იქნეს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც საზღვარზე შექმნილ პრობლემებზე ერთანი პოზიცია შეჯერდება.
XS
SM
MD
LG