Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიპლომატები კონფლიქტის ზონაში


საფრანგეთის საელჩოს პირველმა მრჩეველმა გზავიე რუარმა გუგუტიანთკარში სტუმრობისას მობილური ტელეფონი გამორთო, რადგან როუმინგში ჩართულმა ტელეფონმა მას ქართულ სოფელში ამცნო, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. რუარმა საკუთარი თვალით ნახა რუსი მესაზღვრეების მიერ გაბმული მავთულხლართები და აღშფოთება ვერ დამალა.

დღეს კონფლიქტის ზონაში 30 დიპლომატი იმყოფებოდა. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში ელჩების მოადგილეები და მრჩევლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ საკუთარი თვალით ნახეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გავლებული მავთულხლართები. სოფელ ხურვალეთში ისინი მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ვანიშვილების ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ჯერ ისევ ქართულ სოფელში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ოჯახის უფროსი დავით ვანიშვილი ამბობს, რომ რუსები მას ქართველ მეზობლებთან ურთიერთობას უკრძალავენ და დაკავებით ემუქრებიან, მეზობლები კი მას წყალს და საკვებს აწვდიან. დავით ვანიშვილი ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის ციხეში ერთხელ უკვე იჯდა.

ვალია ვანიშვილი ამბობს, რომ რუსი მესაზღვრეები ხურვალეთელებს სასაფლაოზე მიცვალებულებსაც აღარ ამარხვინებენ, რადგან სოფლის სასაფლაოც მავთულხლართების მიღმა მოაქციეს.

დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გაბმის თაობაზე, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ბულგარეთის საელჩოს მრჩეველი დიმიტრი ტონევი ამბობს, რომ საკუთარ მთავრობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის შექმნილი მდგომარეობის შესახებ. მისი აზრით, სრულიად ცხადია, რომ ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა.

ხურვალეთის შემდეგ დიპლომატები სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდნენ, სადაც დიმიტრი გუგუტიშვილის კარ-მიდამო მოინახულეს, რომელიც რუსებმა მავთულხლართებით შუაზე გაყვეს. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ოფიცერმა მაქსიმილიან ედერმა შექმნილ ვითარებას სიგიჟე უწოდა და ერთ დროს გაყოფილი გერმანია გაიხსენა.


გუგუტიანთკარელების განცხადებით, ყველაზე დიდი პრობლემა სასმელი და სარწყავი წყალია. კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარება სთხოვეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ასეთი ვიზიტები საჭიროა იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევა დააფიქსიროს.

კონფლიქტის ზონაში დიპლომატების ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებით შედგა. სამინისტროს წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე უცხოელ სტუმრებს ადგილზე აცნობდა ვითარებას. მისი თქმით, დიპლომატების კონფლიქტის ზონაში ჩასვლა საშუალებას მისცემს მათ მთავრობებს, არსებული მდგომარეობის შესახებ რეალური ინფორმაცია მიიღონ.

დიპლომატების ვიზიტი დასრულდა სოფელ დიცში, სადაც ცოტა ხნის წინ რუსმა მესაზღვრეებმა ძელები ჩასვეს, თუმცა რამდენიმე დღის წინ სამუშაოები შეაჩერეს. დიპლომატებმა მესაზღვრეებს თვალი მოჰკრეს გუგუტიანკარსა და ხურვალეთში - ისინი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პატრულირებდნენ.
XS
SM
MD
LG