Accessibility links

logo-print
გაიანა 169-ეა იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. მართალია, გარანტიად არ განიხილება, მაგრამ 2010 წლიდან დაჩქარებული ტემპით მიმდინარე ეს პროცესი, ანალიტიკოსების აზრით, აშკარად ამცირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების ალბათობას. იმ ფაქტს, რომ 4 წელიწადში 4-ზე მეტი მომხრის მოძებნა ვერ შეძლო, მოსკოვი ხსნის წნეხით დასავლეთის მხრიდან. რას ფიქრობენ თბილისში?

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის შემდეგ საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირების დაჩქარებულ პროცესში საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები მსოფლიოს 46 ქვეყანასთან დაამყარა და ამ ეტაპზე კიდევ 18 ქვეყანასთან აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს.

გაცილებით უფრო კომფორტული და ერთიანია მიდგომა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებთან მაშინ, როდესაც ქვეყანასთან გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა ...

იმის გათვალისწინებით, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით ქვეყნები ერთმანეთის საზღვრების ურღვეობასაც ადასტურებენ, ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ამ პროცესს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არაღიარების პოლიტიკას უკავშირებს. აქვე ვთქვათ, რომ სამხრეთ ამერიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე გაიანა, რომელთანაც საქართველოს მიერ დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობის შესახებაც 24 აპრილს გახდა ცნობილი, ვენესუელის მეზობელი ქვეყანაა.

ამა თუ იმ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება არაღიარების გარანტიად არ ესახება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგი კაპანაძეს, თუმცა, მისი თქმით, ასეთი ურთიერთობების დამყარებით რისკი ნამდვილად მცირდება:

”ჯერ ერთი, გაცილებით უფრო კომფორტული და ერთიანია მიდგომა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებთან მაშინ, როდესაც ქვეყანასთან გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ვიდრე მაშინ, როდესაც ასეთი ურთიერთობა არა გაქვს... და მეორე, ოქმები, რომლებიც შედგება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დროს, მოიცავს სტანდარტულ ფრაზეოლოგიას, რაც გულისხმობს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მხარდაჭერას. ეს, რა თქმა უნდა, არ არის გარანტია, მაგრამ არის საკმაოდ სოლიდური ნაბიჯი, საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს.”

დიპლომატიური ურთიერთობები არანაირ გარანტიას რომ არ წარმოადგენს, ამის დასტურად ის ფაქტიც კმარა, რომ ასეთ ურთიერთობას 1992 წელს საქართველოსა და რუსეთს შორისაც მოეწერა ხელი. გარანტიები არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ მაინც ვერ მოიძია 4-ზე მეტი მომხრე ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების საკითხში. ფაქტია, რომ დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მას მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ტუვალუმ მიბაძა.

თუკი 17 აპრილს გაკეთებული განცხადებით ვიმსჯელებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ყველაფერს დასავლეთის აქტიურ ზეწოლას აბრალებს:
პოზიცია და არგუმენტი, რომლითაც რუსეთი სთხოვს სხვა ქვეყნებს ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას, სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ...

”ქვეყნები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან კავშირის დამყარების ინტერესს ავლენენ და რომლებიც მიუკერძოებლად აფასებენ კავკასიაში შექმნილ რეალიებს, ექცევიან სწორედ იმ სახელმწიფოების უცერემონიო საგარეო წნეხის ქვეშ, რომლებიც საჯაროდ აღიარებენ თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებს საერთაშორისო საქმეებში. ასეთ მცდელობებს განვიხილავთ წინააღმდეგობად ვითარების სტაბილიზაციის ამოცანებისთვის ამ მნიშვნელოვან რეგიონში. ”

”ასეთი მიდგომებით მოსკოვი მარტივი გამოსავლის პოვნას ცდილობს”, - ამბობს ჩვენთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე. მისი თქმით, რუსეთს უბრალოდ გაუჭირდა საერთაშორისო სამართლის მოწინააღმდეგე ქვეყნების მოძიება და ამ ყველაფერს ”მტკიცე სიმართლე” განაპირობებს:

”პოზიცია და არგუმენტი, რომლითაც რუსეთი სთხოვს სხვა ქვეყნებს ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას, სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა, ეთნიკური წმენდის მიუღებლობა, დევნილების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება და ასე შემდეგ.”

სერგი კაპანაძის განმარტებით, სწორედ საერთაშორისო ურთიერთობების ხელშეუხებელი პრინციპები განაპირობებს საქართველოსადმი მხარდაჭერას, რომელიც არაღიარების პრინციპთან მიმართებით აშკარად იგრძნობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

ამ მიდგომას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კიდევ ერთ შტრიხს უმატებს და ლაპარაკობს ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ერთგვარ ”დადებით ზეგავლენაზე” იმისათვის, რომ ზოგიერთი ქვეყანა არ აჰყვეს მოსკოვის მიერ დანერგილ მოსყიდვის პოლიტიკას და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით არ აღიაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად. პოლიტოლოგის თქმით, ასეთი ზეგავლენა ხშირად ეკონომიკური კავშირების საფუძველზეა აღმოცენებული და თუკი, მაგალითად, შეერთებული შტატები ამ მხრივ მეტ ბერკეტს ლათინური ამერიკის ქვეყნებში ფლობს, აფრიკაში დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიციას უწევენ ანგარიშს.
XS
SM
MD
LG