Accessibility links

logo-print

დიპლომატიური ძალისხმევა სირიის გარშემო


საპროტესტო აქცია თეთრ სახლთან

საპროტესტო აქცია თეთრ სახლთან

მსოფლიოში გააქტიურდა დიპლომატიური ძალისხმევა სირიის შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტის მოსამზადებლად. პროექტს საფუძვლად დაედება ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სირიის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დამყარებას.

დამასკი თანახმაა, ჩააბაროს თავისი ქიმიური არსენალი, რათა თავიდან აიცილოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო ოპერაცია.

მაგრამ რუსეთმა უკვე უარყო საფრანგეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რახან მის ტექსტში წერია, რომ რეზოლუციის შეუსრულებლობას სირიისათვის „ძალიან მძიმე შედეგები“ მოჰყვებოდა. მოსკოვი ასევე ეწინააღმდეგება 21 აგვისტოს დამასკთან ქიმიური იარაღის გამოყენებაში სირიის მთავრობის დადანაშაულებას.

პარიზში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ ორლოვმა ოთხშაბათს რადიოინტერვიუში „ხაფანგი“ უწოდა საფრანგეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს. ორლოვის თქმით, ეს არის ხაფანგი, რომლის გამოყენებითაც სურთ კარი გაუღონ სირიაში სამხედრო ინტერვენციას. რუსი დიპლომატის აზრით, რეზოლუციის პროექტი უნდა შეიცავდეს კონტროლის მექანიზმს და არა სანქციებს. შეკითხვას, დასაშვებად მიაჩნია თუ არა მომავალში სირიის მიმართ სანქციების დაწესება, რუსმა დიპლომატმა ასე უპასუხა: „თუ გარკვეული ხნის შემდეგ დავინახავთ, რომ სირიის მთავრობას თანამშრომლობა არ სურს, მაშინ ისევ შევიკრიბებით გაეროში და განვიხილავთ, რა სანქციები უნდა დაწესდეს“.

სირიამ - კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ-მოალემმა - სამშაბათ საღამოს განაცხადა, რომ დამასკი მზად არის „გასცეს ინფორმაცია ქიმიური იარაღის ადგილსამყოფელზე, შეაჩეროს ქიმიური იარაღის წარმოება და ეს ობიექტები აჩვენოს რუსეთის, სხვა სახელმწიფოებისა და გაეროს წარმომადგენლებს“.

სამშაბათ საღამოსვე გახდა ცნობილი ვაშინგტონის შემდეგი პოზიცია: პრეზიდენტ ბარაკ ობამას განმარტებით, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან შანსი მისცენ ძალისხმევას სირიის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დასამყარებლად, თუმცა სამხედრო ძალები მზად იქნებიან სირიის წინააღმდეგ შესაძლო დარტყმისათვის.

„მინდა ეს გარკვევით ვთქვა: შეერთებული შტატების სამხედრო ძალები მცირე ჩხვლეტებით არ შემოიფარგლება. შეზღუდული დარტყმაც კი ასადს გაუგზავნის მესიჯს, რომელსაც ვერც ერთი სხვა სახელმწიფოსაგან ვერ მიიღებს. არ მიმაჩნია, რომ ძალის გამოყენებით უნდა დავამხოთ კიდევ ერთი დიქტატორი. ერაყისაგან ვისწავლეთ, რომ ამის გაკეთება პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველაფერზე, რაც ამის შემდეგ ხდება. მაგრამ მიზანმიმართული დარტყმა ბაშარ ალ-ასადს ან ნებისმიერ სხვა დიქტატორს აიძულებს, კარგად დაფიქრდეს ქიმიური იარაღის გამოყენებამდე“, - განაცხადა ობამამ. მას ჯერ ნაადრევად მიაჩნია იმის თქმა, მოელის თუ არა წარმატებას ძალისხმევისაგან სირიის ქიმიური იარაღი საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებარონ.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გადადოს სირიის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაცია, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ირანიდან, რომელიც სირიის მთავარ მოკავშირეებს მიეკუთვნება, ხოლო მეზობელ თურქეთში დადებითად შეაფასეს, უწინარეს ყოვლისა, სირიის ქიმიური იარაღის განადგურების პერსპექტივა. თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ვაშინგტონს მოუწოდა, სირიის საკითხის განხილვისას, მარტო ქიმიურ იარაღზე ნუ გაამახვილებს ყურადღებას.

„ეს არ არის მხოლოდ ქიმიური იარაღის პრობლემა. შეერთებულმა შტატებმა ეს არ უნდა განიხილოს მხოლოდ ქიმიური იარაღის საკითხად. სამოქალაქო ომი გრძელდება ქვეყანაში, სადაც 100 000-ზე მეტი ადამიანი სასტიკად მოკლეს. ამას ბოლო უნდა მოეღოს. როგორც უკვე ბევრჯერ მითქვამს, უნდა არსებობდეს პოლიტიკური სტრატეგია ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუღებელია კონფლიქტი ასევე გაგრძელდეს“, - განაცხადა დღეს სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტმა.

სირიის ქიმიური იარაღის გასაკონტროლებლად გააქტიურებული დიპლომატიური ძალისხმევის შემდეგ, მნიშვნელოვან ეტაპს ხუთშაბათს მოელიან. 12 სექტემბერს ჟენევაში გაიმართება შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების - ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის - შეხვედრა.
XS
SM
MD
LG