Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკრიმინაციის მსხვერპლნი


უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

ვინ, სად და რა მოტივით განიცდის საქართველოში დისკრიმინაციას და, ამ ფონზე, მოქმედია თუ არა საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“? – 25 ოქტომბერს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელიც სწორედ ამ კითხვებს სცემს პასუხს. 2015 წლის სექტემბრიდან, 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით, სახალხო დამცველმა 113 საქმე შეისწავლა და 12 რეკომენდაცია გასცა. განცხადებების უმრავლესობა (18%) პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა.

დისკრიმინაციაა, როდესაც ბინას ქირაობ, ხოლო მას შემდეგ, რაც ბინის მფლობელი იგებს, რომ შენი შვილი აუტისტია, იქაურობის სასწრაფოდ დატოვებას გთხოვს. დისკრიმინაციაა, როცა შშმ პირის მშობელს ავტობუსიდან ჩასვლას აიძულებენ ან როდესაც ორსული სამსახურში არ აჰყავთ – სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ არაერთი ასეთი შემთხვევა მოხვდა.

დისკრიმინაციის მსხვერპლნი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:44 0:00
გადმოწერა

განმცხადებელთა 17% რელიგიის საფუძვლით დისკრიმინაციის თაობაზე დავობს, 14% ეროვნული ან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე უთითებს, 10% სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზეა, 8% სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ნიშანს ატარებს, ხოლო 7% შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციას ეხება.

„სულ, ბოლო წლის განმავლობაში, 113 საქმე შევისწავლეთ. დისკრიმინაციის ფაქტები ხდებოდა როგორც პოლიტიკური ნიშნით, ისე სხვა საფუძველზე. ადამიანებს ავიწროებდნენ რელიგიური, ეთნიკური კუთვნილების ნიშნით, სექსულაური ორიენტაციის გამო თუ შეზღუდული შესაძლებლობის გამო. განცხადებების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, თუმცა მათგან ჩვენ 12 საქმეზე უკვე დავადგინეთ, რომდისკრიმინაციის ფაქტი ნამდვილად მოხდა“, – აღნიშნა 25 ოქტომბერს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე განცხადებით,კერძო სექტორში განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტები სიხშირით არ ჩამოუვარდება საჯარო უწყებებში არსებულ დისკრიმინაციის შემთხვევებს. უკანასკნელ ერთ წელიწადში ომბუდსმენის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან ხუთი სწორედ კერძო პირების მიმართაა. სახალხო დამცველის აპარატში განმცხადებლების 45 პროცენტიც დისკრიმინაციაში კერძო პირებს ადანაშაულებს.

სახალხო დამცველი მოითხოვს, კიდევ უფრო გაძლიერდეს მისი უწყების, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის ეფექტურობა. ამაში მას ზოგიერთი საკანონმდებლო ხარვეზი უშლის ხელს. მაგალითად, ომბუდსმენი მოითხოვს, კანონმა დაავალდებულოს კერძო პირები/კომპანიები და უფრო გაამკაცროს მოთხოვნასაჯარო მოხელეების მიმართ, გასცენ სახალხო დამცველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.

„საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია. განსაკუთრებით, კერძო სექტორს გამოვყოფდი, რომ ჩვენი მუშაობა ეფექტიანი გახდეს და რეალური შედეგი მოჰყვეს ამ ყველაფერს“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ასევე, დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სახალხო დამცველს მხოლოდ რეკომენდაციით ან წინადადებით შემოფარგვლის უფლება აქვს. დამატებითი ბერკეტი, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს სახალხო დამცველის ოფისმა ამ რეკომენდაციის შესასრულებლად, ამ ინსტიტუტს არ გააჩნია. სახალხო დაცველი აცხადებს, რომ ზედამხედველობის ეს ფუნქცია ფაქტობრივად უმოქმედოა.

ჩვენ ვიზიარებთ სახალხო დამცველის მოსაზრებას, რომ პროცესუალური ცვლილებების კანონში საჭიროა, რომ უნდა გაიზარდოს მიმართვის ვადა და რეაგირების მექანიზმებიც შეიცვალოს. პროექტი უკვე მზადაა კიდეც განსახილველად...
ეკა ბესელია

სახალხო დამცველი საკანონმდებლო წინადადებას აყენებს, ერთ წლამდე გაიზარდოს სასამართლოში მიმართვის სამთვინიანი ვადა. ამ შემთხვევაში, დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება, მიმართოს სახალხო დამცველს, ხოლო მის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ – სასამართლოს.

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, მაგალითად, სახალხო დამცველი დაინტერესდა „ვაკის საცურაო აუზზე“ გამოკრული გენდერული სტერეოტიპების შემცველი განცხადებით, რომლის თანახმად, ქალებს მენსტრუაციის დროს აუზით სარგებლობა ეკრძალებოდათ, საქმე შესწავლის პროცესშია. სახალხო დამცველი სწავლობს ასევე ციციშვილის კლინიკაში მომხდარ ფაქტს, სადაც მამებს, მნახველთათვის განკუთვნილი საათების გარდა, ბავშვთან ყოფნის შესაძლებლობა არ ეძლევათ და პალატაში მხოლოდ დედები დაიშვებიან. სახალხო დამცველი სწავლობს რესტორან „სტეფანწმინდაში“ მომხდარ ამბავს – იქ ტურისტრები, მათი „ევროპული გარეგნობის“ გამო, არ შეუშვეს. ეს საქმეები ამ დრომდე შესწავლის პროცესშია.

ანგარიშის პრეზენტაციას 25 ოქტომბერს, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარდა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიაც ესწრებოდა. როგორც მან განუცხადა მედიას ანგარიშის მოსმენის შემდეგ, კომიტეტი იზიარებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს და გეგმავს ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას:

„ჩვენ ვიზიარებთ სახალხო დამცველის მოსაზრებას, რომ პროცესუალური ცვლილებების კანონში საჭიროა, რომ უნდა გაიზარდოს მიმართვის ვადა და რეაგირების მექანიზმებიც შეიცვალოს. პროექტი უკვე მზადაა კიდეც განსახილველად, თუმცა წინა მოწვევის პარლამენტში მისი განხილვა ვერ მოესწრო, იმედი მაქვს, ახალი პარლამერტი განიხილავს და გაიზიარებს ამ ცვლილებებს“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი გოცირიძე „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში შენიშნავს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მექანიზმებით ყველაზე ხშირად მაინც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სარგებლობენ და საჩივართა უმრავლესობაც მათ ეკუთვნით. ამას, როგორც გიორგი გოცირიძე ფიქრობს, აქვს თავისი მიზეზი, თუმცა, დისკრიმინაციის კუთხით, საქართველოში არსებულ რეალურ სურათს ბოლომდე ვერ ასახავს:

„სხვა ჯგუფებს შედარებით ნაკლები ინფორმაცია აქვთ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების თაობაზე და არც იმ სიხშირით მიმართავენ შესაბამის ორგანოებს, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ამითიც აიხსნება, რომ სახალხო დამცველის აპარატსაც უფრო ხშირად სწორედ პოლიტიკურად მოტივირებული დისკრიმინაციული ფაქტების შესწავლა და შესაბამისი საჩივრების განხილვა უწევს და უფრო ნაკლებად, მაგალითად, ლგბტ პირების მიმართ არსებული დისკრიმინაციის შემთხვევებისა“.

გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი ეფექტიანად ისევ ვერ მუშაობს და, ამ თვალსაზრისით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, პროგრესი არ არის. მისი თქმით, სახალხო დამცველს დღესაც იგივე პრობლემა აქვს, რაც შარშან – მას არშეუძლია კერძო სექტორი დაავალდებულოს, ინფორმაცია მიაწოდოს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ.

25 ოქტომბერს, ომბუდსმენის ანგარიშის პრეზენტაციაზე, ისიც ითქვა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისი ახალიპროექტის განხორციელებას შეუდგება, რომლის მიზანიც საქართველოში დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG