Accessibility links

როგორ იმუშავა ერთი წლის წინ მიღებულმა ანტიდისკრიმინაციულმა კანონმდებლობამ საქართველოში - კანონმა, რომლის განხილვას, თავის დროზე, საზოგადოების სხვადასხვა წრეში უხმაუროდ არ ჩაუვლია? - სწორედ ამ შეკითხვაზე იძლევა პასუხს ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი „კოალიცია თანასწორობისათვის“ მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც 2014 წლის მაისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების შედეგებს მოიცავს. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში არის დისკრიმინაციის პრობლემა, რასაც ერთი წლის წინ მიღებულმა კანონმა ჯერჯერობით ვერაფერი უშველა.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს მიიღო. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, თუმცა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ამ კანონით სამართალს მიაღწია, თითებზე ჩამოსათვლელია. ერთი წლის თავზე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ისევ კანონის ხარვეზებზე ალაპარაკდნენ. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, „იდენტობის“, „აფარისა“ და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ ერთობლივად მომზადებულ ანგარიშში დისკრიმინაციის არაერთი ფაქტი მოხვდა - მათ შორის, რასობრივი და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით, სქესის, მოქალაქეობის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულების, ასევე ორსულობის გამო დისკრიმინაციის არაერთი კონკრეტული ფაქტი, რომელთა უდიდესი ნაწილი დღემდე განხილვის პროცესშია.

შშმ პირები, ხანდაზმულები, ლგბტ თემი, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები - ეს ის ჯგუფებია, ვინც ყველაზე მეტად განიცდის საქართველოში დისკრიმინაციას. მე ვფიქრობ, რომ კომპრომისი ამ ადამიანთა მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებზე არ უნდ დავუშვათ, თუმცა, ამავე დროს, უნდა ვიზრუნოთ განათლებაზე...

„როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტი მიმართვა არსებობს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მიზეზით. განმცხადებლები ძირითადად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები არიან, ხოლო დისკრიმინაციისათვის ყველაზე მოწყვლადი ადგილისამუშაო ადგილია. სახალხო დამცველის ანგარიშიდანაც ჩანს, რომ სწორედ სამსახურებში უჩივიან ადამიანები დისკრიმინაციას“, - ამბობს გიორგი გოცირიძე, საიას იურისტი. მისი თქმით, დისკრიმინაციის შემთხვევების გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის დიდ სურვილს არც კერძო ორგანიზაციები გამოხატავენ. მათ ამ თანამშრომლობას არც კანონი ავალდებულებს. როგორც გიორგი გოცირიძე გვეუბნება, ამ ერთმა წელმაც დაადასტურა, რომ ომბუდსმენის ყველა რეკომენდაცია მათი მხრიდან იგნორირებულია:

„თუ დისკრიმინაციის ჩამდენი კერძო დაწესებულებაა და ეს განცხადებაშიცაა მითითებული, ხოლო ომბუდსმენი ცდილობს მისგანაც მოიპოვოს ინფორმაცია, კერძო დამსაქმებელი, უბრალოდ, აიგნორებს სახალხო დამცველს და ამაში მას კანონიც ხელს უწყობს, რადგან არ ავალდებულებს ომბუდსმენთან თანამშრომლობას“.

შედეგად კი დისკრიმინაციის ყველა ფაქტი, რომელიც კერძო სექტორში ხდება, გამოუძიებელი რჩება. სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ომბუდსმენის აპარატში ერთი წლის წინ შესული საქმეები ბოლომდე ჯერაც არ არის განხილული. საქმის გაჭიანურების მიზეზი, როგორც გიორგი გოცირიძე აღნიშნავს, სწორედ ისაა, რომ ომბუდსმენი საქმის გარემოებებს ვერ ადგენს კერძო სექტორის მხრიდან თანამშრომლობის არარსებობის გამო. საიას ერთ-ერთი რეკომენდაცია მთავრობის მიმართ სწორედ ეს არის, რომ კანონმა კერძო ორგანიზაციები დაავალდებულოს მოთხოვნიდან ათი დღის ვადაში წარუდგინონ ომბუდსმენს მოთხოვნილი ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხევვაში კი, დაჯარიმდნენ კანონის ძალით.

სასამართლოსადმი მიმართვამ არ უნდა აიძულოს მოქალაქე, რომ შეწყვიტოს სახალხი დამცველისადმი მიმართვა დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით...

დისკრიმინაციის ფაქტზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 95 განცხადებაა შესული. უდიდესი ნაწილი განხილვის პროცესშია. იმისათვის, რომ დისკრიმინაციის გამოვლენის მექანიზმი გახდეს უფრო ეფექტური, დამატებით ბერკეტებს ითხოვს საქართველოს სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ განმცხადებელი, დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის შემთხვევაში, არ უნდა დგებოდეს არჩევანის წინაშე, მიმართოს სასამართლოს თუ სახალხო დამცველს - მას უნდა შეეძლოს ორივე მექანიზმის გამოყენება:

„სასამართლოსადმი მიმართვამ არ უნდა აიძულოს მოქალაქე, რომ შეწყვიტოს სახალხი დამცველისადმი მიმართვა დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურები ვალდებულნი უნდა იყვნენ მიაწოდონ ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე“.

კანონის აღსრულების თვალსაზრისით არსებულ ხარვეზებზე ლაპარაკობს ანა აბაშიძეც, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“. მისი თქმით, ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, რატომ არის დისკრიმინაცია ცუდი ან რას ამბობს არსებული კანონი. პრობლემის მეორე მხარეა ის, რომ ომბუდსმენის აპარატში შესული საქმეები დაუსრულებლად იწელება, შედეგი კი არ ჩანს. დისკრიმინაციის ხილული თუ უხილავი ფაქტები კი იმაზე მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკა უჩვენებს - განსაკუთრებით კი, შემდეგი ჯგუფების მიმართ:

„შშმ პირები, ხანდაზმულები, ლგბტ თემი, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები - ეს ის ჯგუფებია, ვინც ყველაზე მეტად განიცდის საქართველოში დისკრიმინაციას. მე ვფიქრობ, რომ კომპრომისი ამ ადამიანთა მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებზე არ უნდ დავუშვათ, თუმცა, ამავე დროს, უნდა ვიზრუნოთ განათლებაზე“.

პრობლემურია სასამართლოებში მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხიც, რაც ასევე შესაცვლელია, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ. პრობლემის არსი კი შემდეგია:

თამთა მიქელაძე

თამთა მიქელაძე

„ძალიან ხშირად ჩვენი სასამართლოები მორალური ზიანისათვის ძალიან დაბალ კომპენსაციას აწესებენ, რის გამოც დარღვეული უფლების აღდგენაზე ამას მინიმალური ეფექტი აქვს“.

და კიდევ ერთი, დისკრიმინაციული შევიწროება - მოქმედი კანონით შევიწროება არ ისჯება, აცხადებს ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტი ნინო ბოლქვაძე:

„შევიწროება დისკრიმინაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ჩემი ხედვით. აი, მაგალითად, ახალგაზრდა გეი მამაკაცს სხვა სტუდენტები ერთ-ერთ სასწავლებელში არ აძლევენ საერთო საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას. ანუ ეს შევიწროების ერთ-ერთი სახეა. ჩემთვის დისკრიმინაცია და შევიწროება ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა“.

ხარვეზებისა და რეკომენდაციათა ჩამონათვალი, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის შეფასების ამსახველ ანგარიშში მოხვდა, საკმაოდ გრძელია და მათი ადრესატები არიან სახალხო დამცველი, პარლამენტი, სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ, მართალია, ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედებიდან ჯერ კიდევ არ არის დიდი დრო გასული იმისათვის, რომ მწვავედ გააკრიტიკონ მისი აღსრულების პროცესი, მაგრამ იმასაც შენიშნავენ, რომ კრიტიკის გარეშე ხარვეზები უცვლელი დარჩება და ქვეყანაში ვერც დისკრიმინაციის პრობლემას მოევლება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG