Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკუსია 5 წლის შემდეგ, ცრემლების თანხლებით


„ომის ნაკვალევი“– ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენება გორში პირველად გაიმართა. თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული ფილმი ავნეველი მიშა ტაბატაძისა და ცხინვალელი თემურ ცხურბათის მეგობრობაზე მოგვითხრობს. ეს ადამიანები კონფლიქტის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგრამ მაინც მეგობრებად დარჩენენ. ომის შემდეგ ისინი ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის ფარგლებში ერთმანეთს სტამბოლში ხვდებიან. თემურს მიშასთვის ავნევის წყაროზე აღებული წყალი ჩააქვს, მიშა კი მას სანთლებს ატანს. ფილმის ფინალში თემო ავნევში მიშას დაღუპული შვილის საფლავზე მიდის და ამ სანთლებს ანთებს. ისე აღმოჩნდა, რომ დარბაზში შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებს ოსებთან, ცხინვალთან და იმ სოფლებთან, რომლებიც ახლა გადამწვარია, წარსულში შეხება ჰქონდათ. ფილმის შემდეგ დისკუსია გაიმართა. ემოციური ფინალის შემდეგ კატო ქოთოლაშვილმა ცრემლები ვერ შეიკავა. მან მთელი ბავშვობა ავნევში გაატარა - სოფელში, რომელიც ახლა მთლიანად განადგურებულია:

„ბიძის ოსმა მეგობრებმა გამოგვიტანეს ჩვენი განადგურებული სახლის ფოტოები. ორივე მხარემ, ჩვენც და ოსებმაც, ერთმანეთს ბევრი ვაწყენინეთ. მე მახსოვს, ავნევში ქართველები ცხოვრობდნენ იმ სახლებში, რომლებშიც ადრე ოსები ცხოვრობდნენ და 90-იან წლებში ისინი გააქციეს. მარტო ჩვენ არ გვაქვს დაკარგული რაღაცები, თავის დროზე ოსებმაც დაკარგეს. უნდა შევძლოთ ერთმანეთისთვის ბოდიშის მოხდა“.

დისკუსიაში მთელი დარბაზი ჩაერთო. ერთმანეთისთვის შეცდომების პატიება, ჩატეხილი ხიდის აღდგენა, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, სამშვიდობო პროექტების გაძლიერება, გზების გახსნა, იმისთვის რომ ადამიანებმა ისევ აღადგინონ ურთიერთობები, ორივე საზოგადოებაში მტრის ხატისა და სტერეოტიპების დამსხვრევა – ეს გზავნილები ისმოდა დისკუსიის მონაწილეების მხრიდან.

შალვა ტლაშაძე, პოლიტოლოგი: „ დედაჩემის დედა იყო ოსი. ბებიაჩემის დასაფლავებას ვერ დაესწრო ვერც ერთი მისი ძმა. ადრე სამივე გორში ცხოვრობდა, მაგრამ ახლა წასულები არიან, მათი სახლები კი მითვისებული აქვთ, არ ვიცი, ვის. ეს ბოევიკები იყვნენ თუ ვინ იყვნენ, არ ვიცი, რა ხალხი შემოდიოდა და, საერთოდ, რა ხალხმა გათხარა ჩვენს შორის უფსკრული, კაცმა არ იცის“.

კახა ტოლიაშვილი, საჯარო მოხელე: „ახლა თაობა წამოვიდა ისეთი, რომელსაც არ ახსოვს და არ იცის ეს ურთიერთობა, ეს მეგობრობა, ეს კარგი დამოკიდებულება. ამიტომ უფრო ძნელია. ასეთი პროექტები, რომელიც დაკავშირებული იქნება უფროსი თაობის მეგობრობასთან, მათ სიყვარულთან და თანაცხოვრების წესთან, უფრო მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ თუნდაც ცხინვალში ახალი თაობის წარმომადგენლებმა დაინახონ, თუ მათი მშობლები, პაპები და ბაბოები როგორ მეგობრობდნენ ერთმანეთთან, რომ ჩვენ უცხოები არ ვართ ერთმანეთის და ჩამტვრეული ხიდის განახლება ასეთი ურთიერთობიდან უნდა დაიწყოს“.

თემურ არბოლიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხინვალის სახლის“ წარმომადგენელი: „ამ ფილმში ნაჩვენებია რამხელა ტრაგედიაა ეს ომი, ეს დაპირისპირება ქართველისთვის და ოსისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონფლიქტი იყო, მაინც არ ჩაკვდა მათში ის ურთიერთობა, რომელიც დაიბადა ათწლეულების წინ, და ფილმიდან ვხედავთ, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მაინც გარდაუვალია შერიგება, გარდაუვალია კონფლიქტის დასასრული“.

რეზო ოქრუაშვილი, „ხალხის გაზეთის“ რედაქტორი: „ იმათ სახელმწიფო პოლიტიკას რა შეცვლის, აი, ესაა საფიქრალი, თორემ ადამიანურად ადამიანური ურთიერთობები კიდევ შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ იმ წნეხით, რომელსაც ხელისუფლება იქ მოსახლეს აწვება, აი, ის წნეხია რამენაირად დასაძლევი, თორემ ადამიანები კიდევ იპოვიან საერთო ენას“.

მეგი ბიბილური, მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ ხელმძღვანელი: „გვქონია დისკუსიები ადგილობრივ ახალგაზრდებთან და დევნილებთან ამ თემაზე. 2009 წელს დევნილებს ვკითხეთ, თქვენ მზად ხართ შეხვდეთ ოსებს და დიალოგზე წახვიდეთ, საშუალება რომ გქონდეთ, იმ ერედვში, ავნევში და ქსუისში დაბრუნდებითო? ისინი ამბობდნენ, ჩვენ მზად ვართო“.

მარინა მაისურაძე, დევნილი ლიახვის ხეობიდან: „ ჩემთვის პოლიტიკოსები არიან მონსტრები, - ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც, - რომლებიც უბრალო ადამიანებს არ უსმენენ და პოლიტიკურ ამბიციებს გადაგვაყოლეს. ეს არის ყველაზე მტკივნეული“.

აგვისტოს ომის შემდეგ 5 წელი გავიდა. დისკუსიის მონაწილეების აზრით, ეს მცირე დროა იმისთვის, რომ ომით გამოწვეული ტკივილი გაქრეს და მხარეებს შორის ნდობის აღდგენა დაიწყოს. მათი აზრით, ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი, პოლიტიკოსებზე მეტს აკეთებენ.
XS
SM
MD
LG