Accessibility links

თეა წულუკიანი: „ორი პროკურატურა ამ ქვეყანაში ვერ იარსებებს“


დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ დისკუსიის მონაწილეები

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ დისკუსიის მონაწილეები

22 თებერვალს, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ინიციატივით, მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის თაობაზე იმსჯელეს. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, გარდა იმისა, რომ ორგანო გამოიძიებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, მას უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საშუალებაც, რასაც მთავრობა არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ქვეყანაში „ორი პროკურატურა არ იქნება“.

20 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის შესახებ, რომლის მიზანიცაა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება და შემდეგ უკვე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი დაედო საფუძვლად. კანონპროექტის პრეზენტაცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაიმართა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლება ერთი წლის თავზეც კი ვერ შეთანხმდნენ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს მუშაობის მექანიზმზე.

თავიდანვე უნდა განვმარტოთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს მუშაობის მიმართულება იქნება იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოძიება, რომელიც ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ და მის დანაშაულს მოჰყვა ადამიანის სიკვდილი ან დაზიანება. არასამთავრობო ორგანიზაციები კი მოითხოვენ, რომ ორგანოს ფუნქციებში შევიდეს არა მხოლოდ საგამოძიებო ნაწილი, არამედ ამ ორგანოსთვის სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილების მინიჭებაც. ამ მოთხოვნაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 22 თებერვალს საკმაოდ მკაფიო მესიჯი გაუგზავნა იმ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ასევე მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხზე მსჯელობდნენ. თეა წულუკიანის თქმით, ხელისუფლება მზად არის შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, როდესაც საქმე ეხება პოლიციის მიერ, ციხის ბადრაგის მიერ ჩადენილ ქმედებებს, თუმცა:

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

„ერთია, რას შემოგვთავაზებს არასამთავრობო სექტორი, და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოგისმინოთ თქვენ და ჩვენი აქ ამ სრული შემადგენლობით ყოფნაც ამას მოწმობს, მაგრამ მეორეა, თუ რა იქნება გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობა უნდა გააჯანსაღოს და არ დაშალოს. ორი პროკურატურა ამ ქვეყანაში ვერ იარსებებს. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია“.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს ჰქონდეს სისხლის სამართლებრივი დევნის წამოწყების უფლებაც, ეფუძნება იმ აზრს, რომ, მაგალითად, სოფო ვერძეული, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, ამბობს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულებებზე გამოძიებები იწყება, თუმცა ის უსასრულოდ ჭიანურდება. მისი თქმით, ამ პრობლემას დიდწილად განაპირობებს ის, რომ, მიუხედავად პროკურატურის რეფორმისა, ის კვლავ მიბმულია მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, ანუ მთავრობასთან:

„ამ რეალობაში, ცხადია, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს იმას, რომ შევქმნათ ორგანო, რომელსაც მხოლოდ საგამოძიებო ფუნქცია ექნება. ეს იქნება წინასწარ განწირული რეფორმა. ის შედეგები, რომელიც გვინდა ვნახოთ, დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა და დასრულება იმ მავნე პრაქტიკის, რომ სამართალდამცავი ორგანოები არიან ხელშეუხებელნი ჩვენს სამართლებრივ რეალობაში, ეს უნდა დასრულდეს“.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი კანონპროექტის მიხედვით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტთან და ეს უნდა იყოს მისი დამოუკიდებლობის პირველადი გარანტია. თუმცა კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია ორგანოს ხელმძღვანელის - კომისრის - დანიშვნის მიუკერძოებელი პროცესი. როგორც სოფო ვერძეული განმარტავს, კომისარს შეარჩევს სპეციალური საკონკურსო კომისია, რომელიც სხვადასხვა დამოუკიდებელი სუბიექტების მიერ იქნება დაკომპლექტებული და ეს მოხდება პარლამენტის მაღალი მხარდაჭერის პირობებში, რაც, მისი თქმით, გამორიცხავს კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ კომისრის დანიშვნას.

მოქალაქეებს, ერთი მხრივ, აქვთ უნდობლობა სისტემის მიმართ და, მეორე მხრივ, სისტემის წარმომადგენლებს აშკარად აქვთ დაუსჯელობის განცდა და განცდა იმისა, რომ თუკი ისინი დაარღვევენ კანონს, ამაზე მათ პასუხი არ მოეთხოვებათ...

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, გაეროს წამების, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ სპეციალურმა მომხსენებელმა 2005 წელს და, უკვე მოგვიანებით, თომას ჰამარბერგმა, საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომდგენელმა. უკანასკნელი სამი წელია ამის შესახებ წერს თავის საპარლამენტო ანგარიშებში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. სწორედ ის იყო დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი:

„ვხედავთ, რომ ამ სფეროში პრობლემა კვლავ არსებობს. ამიტომ აუცილებელია სისტემურ პრობლემებზე სისტემური პასუხის გაცემა და სწორედ ასეთი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა უნდა იყოს პასუხი არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებზე“.

ანა ნაცვლიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ამბობს, რომ ერთიანი, შეჯერებული და სანდო სტატისტიკა სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულებებისა არ არსებობს და ეს პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, საიასადმი მიმართვიანობა აჩვენებს, რომ მოქალაქეები კვლავ ხვდებიან არასათანადო მოპყრობის, ძალის გადამეტების მსხვერპლნი:

„მათ შორის, ე.წ. ჩადებების მსხვერპლები და ამ ფაქტების ეფექტური გამოძიება არ არსებობს. ამიტომ მოქალაქეებს, ერთი მხრივ, აქვთ უნდობლობა სისტემის მიმართ და, მეორე მხრივ, სისტემის წარმომადგენლებს აშკარად აქვთ დაუსჯელობის განცდა და განცდა იმისა, რომ თუკი ისინი დაარღვევენ კანონს, ამაზე მათ პასუხი არ მოეთხოვებათ. ამის ნათელი დადასტურებაა გასულ წელს ძალიან თავხედური მოქმედება, როდესაც ადვოკატი სასტიკად სცემეს პოლიციის განყოფილებაში“.

კანონპროექტის მიხედვით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს კომისარი ვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში წელიწადში ორჯერ და, ამასთანავე, უზრუნველყოს ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG