Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ცნობილი ათეისტი სწავლული, კრისტოფერ ჰიჩენსი


ცნობილი ათეისტი კრისტოფერ ჰიჩენსი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი მოსაზრებებით პოლიტიკაში, ლიტერატურასა და სოციოლოგიაში, 62 წლისა გარდაიცვალა კიბოთი.

გამოცემა „ვენიტი ფეარ“, რომელშიც ბეჭდავდა თავის წერილებს კრისტოფერ ჰიჩენსი, იუწყებოდა, რომ მკვლევარი 15 დეკემბერს გარდაიცვალა ტეხასის შტატში, ქალაქ ჰიუსტონის საავადმყოფოში, ფილტვების ანთებით, რაც საყლაპავი მილის კიბოს დაერთო. ჰიჩენსი ბრიტანელი იყო. ის 1949 წელს დაიბადა პოსტმაუთში, საზღვაო ფლოტის ოფიცრის ოჯახში. 1970 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსტიტეტი და დაიწყო მუშაობა ტროცკისტულ გამოცემა „ინტერნეიშნლ სოშალიზმში“. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიიდან გარიცხეს ვიეტნამში აშშ-ის ომის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო. მან შარშან რადიო თავისუფლებას მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, რევოლუციურ პოლიტიკას იმიტომ შევუერთდი, რომ ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, 1968 წელს საამისოდ იდეალურ ასაკში ვიყავი, სტუდენტი გახლდით, მაშინ ყველა რევოლუციონერი იყოო.
უნდა განვაცხადოთ, რომ არ არსებობს საბოლოო გამოსავალი, არ არსებობს სრული ჭეშმარიტება, არ არსებობს უზენაესი ლიდერი ...

ჰიჩენსი 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში გადასახლდა, სადაც 1992 წელს „ვენიტი ფეარში“ დაიწყო საქმიანობა, გამოცემისთვის წერა. ერთობ მოწადინებული, საჯარო ინტელექტუალი ჰიჩენსი, რომელიც ალკოჰოლისა და სიგარეტის მიმართ დიდ სიყვარულს ავლენდა, სტატიებს მემარცხენე ჟურნალ „ნეიშენშიც“ აქვეყნებდა. ის იყო დაუნდობელი თავის კრიტიკულ წერილებში, ასევე წიგნებში. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის შესახებ წიგნი მან ასე დაასათაურა: „არავინ დარჩა მოსატყუებელი“. დედა ტერეზას უწოდა „დაგვალული ფანატიკოსი ალბანელი ქალი“; მანვე დაწერა არაერთი წიგნი, მათ შორის, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერზე, სათაურით „ჰენრი კისინჯერის სასამართლო პროცესი“. 2007 წელს მსოფლიოში ბესტსელერად იქცა მისი ანტირელიგიური ნაშრომი „ ღმერთი არა არს დიდი- როგორ წამლავს რელიგია ყველაფერს“. თავის ერთ ბოლო გამოსვლაში - წელს, ოქტომბერში, ჰიუსტონში, თავისუფალი აზროვნების კონვენციის ჩარჩოში - ჰიჩენსმა განაცხადა:

„ჩვენ იგივე საქმე გვაქვს, რაც ყოველთვის გვქონდა: როგორც მოაზროვნე ხალხმა და ადამიანებმა, უნდა განვაცხადოთ, რომ არ არსებობს საბოლოო გამოსავალი, არ არსებობს სრული ჭეშმარიტება, არ არსებობს უზენაესი ლიდერი, რომ თუ დათმობ შემეცნების თავისუფლებას, თუ უბრალოდ დანებდები, თუ თავს დაანებებ კრიტიკას, იდიოტური ნეტარების მსოფლიო ჩვენი გახდება.“

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ჰიჩენსი რელიგიის მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. ამას მოჰყვა მისი საბოლოო უარი მემარცხენეობაზე. ერაყის, ავღანეთის ომების დაწყებას მხარი დაუჭირა, არჩევნებში პრეზიდენტ ბუშს მიემხრო. ის მძაფრად აღუდგა წინ მათ, ვინც მაჰმადიანთა გრძნობების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა. ამავე დროს, კრიტიკული იყო ერაყში, აბუ ღრაიბის ციხეში აშშ-ის მთავრობის მიერ ტუსაღებთან წამების მეთოდების გამოყენების მიმართ. ჰიჩენსი, როცა შარშან კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თავის ესეში, „ვენიტი ფეარში“, წერდა: ხანდახან სურვილი მიჩნდებოდა კეთილი მიზნით მეწვალა ან ჩემი სიცოცხლის ფასად სხვისთვის კარგი გამეკეთებინა, ამის ნაცვლად კი, ვიქეცი პაციენტად, რომელსაც სერიოზული საფრთხე ემუქრება. ჰიჩენსს დარჩა მეუღლე, მასთან - ერთი ქალიშვილი, ასევე ორი შვილი პირველი ქორწინებიდან.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG