Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტს შეიარაღებული დაჯგუფებების დაშლა მოსთხოვა


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია
20 მარტს ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სამეგრელოში მთავრობის მიერ დაფინანსებული შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის შესახებ კიდევ ერთი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, პრევენციული განცხადება გააკეთა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამ სამხედრო ფორმირებების დაუყოვნებლივ დაშლისაკენ მოუწოდა. ალასანიას განცხადებით, ეს ჯგუფები ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ერთადერთი მიზნით შექმნა - შეუზღუდოს საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლება და დევნოს განსხვავებული აზრის მქონე ხალხი. ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებით, სამხედრო ფორმირებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მასში შემავალი ადამიანების უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო არ გახდება, თუმცა ის საქართველოს უშიშროების საბჭოს გადაეცემა და, დაინტერესების შემთხვევაში, მისი გაცნობა - უკვე დეტალურად -დიპლომატიურ კორპუსსაც შეეძლება.

20 მარტს ირაკლი ალასანიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებას და სამეგრელოში შეიარაღებული სამხედრო ფორმირებების შექმნის პროცესს ეხებოდა, განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა მთავრობის დავალებით შეიარაღებული ჯგუფები იქმნება. საუბარია დაახლოებით ხუთასამდე ადამიანზე, რომელსაც ხელისუფლება უკანონო, ნაღდ ფულს უხდის და ეს არ არის ე.წ. მოხალისე რეზერვი:

”ეს არ არის რეზერვისტთა ჯგუფები. ისინი ექვემდებარებიან კონკრეტულ სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავე თანამდებობის პირებს და არა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მათ აქვთ იარაღი და ერთადერთი დანიშნულება, რისთვისაც ეს ჯგუფები შეიქმნა, არის ის, რომ არ მისცენ მოქალაქეებს თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება არჩევნებზე.”
როლანდ ახალაია, რომელიც არის რეგიონის მთავარი პროკურორი; მისი ერთ-ერთი ვაჟი, ბაჩო ახალაია, აკონტროლებს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს ...
ირაკლი ალასანია.

ირაკლი ალასანიამ დააზუსტა, რომ ამ ჯგუფების შექმნის დავალება მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოში დიდი გავლენის მქონე ახალაიების ოჯახს მისცა. სამეგრელო კი, მისი თქმით, იქ არსებული საკმაოდ მრავალრიცხოვანი ელექტორატის დასაშინებლად შეირჩა. ალასანიას ინფორმაციით, შეიარაღებულ ჯგუფებში არიან როგორც კრიმინალური წარსულის მქონე პირები, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ადამიანები. მათ შესახებ უფრო დეტალურად ”თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს აღარაფერი უთქვამს - ალასანიამ თავის ხელთ არსებული ინფორმაცია რეაგირებისათვის უშიშროების საბჭოს გაუგზავნა, მიხეილ სააკაშვილს კი ამ ფორმირებების დაშლა მოსთხოვა:

”როლანდ ახალაია, რომელიც არის რეგიონის მთავარი პროკურორი; მისი ერთ-ერთი ვაჟი, ბაჩო ახალაია, აკონტროლებს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს; მეორე, დათა ახალაია, - შსს ქვედანაყოფებს. სწორედ მათ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ამგვარი შეიარაღებული ფორმირებების შექმნა. მთელ დეტალურ ინფორმაციას მე დღესვე ვუგზავნი საქართველოს უშიშროების საბჭოს, ხოლო მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ მიიღოს გადამჭრელი ზომები, რომ სასწრაფოდ დაიშალოს ეს შეიარაღებული ძალები.”

უზნეობა, აბსურდი, იდიოტიზმი - ჯერჯერობით ასეთია ხელისუფლების შეფასებები ალასანიას განცხადებებზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა კი თავისი პოლიტიკური ოპონენტის 20 მარტის განცხადებებს ქვეყნის იმიჯის შემლახველი უწოდა და თქვა, რომ ის წინასაარჩევნოდ დაძაბულობის შექმნას ემსახურება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია კი ირაკლი ალასანიას ურჩევს, "ბოდვას შეეშვას”. როგორც ახალაიამ 20 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე თვეა, იქმნება სარეზერვო სისტემა, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

მისივე თქმით, სარეზერვო სამსახურში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და ამისთვის ანაზღაურებას არავინ იღებს. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ნებაყოფლობითი სარეზერვო სამსახურების ჩამოყალიბება იმ რეგიონიდან დაიწყო, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოსაა.

20 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას ამ ამბავს შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასიც შეეხო:

” მოვუწოდებ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რაც გულისხმობს, რომ არ ისაუბრონ ისეთ ბრალდებებზე, რომლებიც არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით გამყარებული."
ტყუილია, მე მეცოდინებოდა ეგ ამბავი, ეგრე რომ ყოფილიყო. პიარია ...

გასული წლის დეკემბერში ინტერნეტგამოცემა ”თავისუფალმა სიტყვამ” სამეგრელოს სოფლებში მოხალისე რეზერვისტთა რაზმების შექმნის შესახებ სოფელ ჯიხაშკარიდან მომზადებული რეპორტაჟი გამოაქვეყნა. ხალხი მაშინ უკვე ლაპარაკობდა სამხედრო მანქანებით შეიარაღებული ჯგუფების გადაადგილებაზე, თუმცა ვინ იყვნენ ისინი, ამაზე დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს ამბობდა. სტატიის ავტორი სოფო ხუბულავა გვეუბნება, რომ სოფლის მოსახლეობა ხშირად ხედავს სამხედრო მანქანებს, ესმით სროლის ხმაც, ამბობენ, რომ ე.წ. ”პიკაპები” ტყეში შედიან და გამოდიან, თუმცა მეტი ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას არ გააჩნია.

სამეგრელოში შეიარაღებული სამხედრო ფორმირებების შესახებ არაფერი იცის ზუგდიდის მოსახლეობამაც;

”კუდი არა ვარ, სოდი არა ვარ, საიდან უნდა ვიცოდე ვინ სადაა დაჯგუფებული?”
”ტყუილია, მე მეცოდინებოდა ეგ ამბავი, ეგრე რომ ყოფილიყო. პიარია.”
”მოსახლეობის შეშფოთება უნდათ, ალბათ, მეტი არაფერი”...

უშიშროების საბჭომ ირაკლი ალასანიას მიერ გადაგზავნილი ინფორმაცია უკვე მიიღო. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მასში მხოლოდ ყოფილი და მოქმედი პოლიციელებისა და სამხედროების გვარებია ჩამოთვლილი. სხვა ინფორმაცია, მისი თქმით, ე.წ. სამხედრო ფორმირებების შესახებ არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან ასეთი ფორმირებები საქართველოში წარსულს ჩაბარდა:

”რეაგირება კი, ჩვენი აზრით, საჭირო იქნება ზოგადად ასეთ პროვოკაციულ განცხადებებზე და იმ მოტივაციაზე, რაც მსგავსი განცხადებების უკან იმალება.”

ირაკლი ალასანიას თქმით კი, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსგავსი დაჯგუფებები თბილისშიც იქმნება. ინფორმაცია მოწმდება და, მისი დადასტურების შემთხვევაში, ის საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG