Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამომცემლობამდე გაზრდილი „წიგნები ბათუმში“


სამეცნიერო ფანტასტიკა, ალტერნატიული ისტორია თუ უტოპია - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ლიტერატურული ჟანრებისა, რომლის პოპულარიზაციითაც იწყებს თავის საქმიანობას ახალი გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. ირაკლი ბაკურიძისა და მარი კორინთელის ამავე სახელწოდების წიგნების მაღაზიას უკვე გამომცემლობაც დაემატა, რომელიც რეგიონში - კერძოდ კი, აჭარაში - შეეცდება თავის დამკვიდრებას. გამომცემლობისა და ხუთი ახალი წიგნის პრეზენტაცია უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. მარის და ირაკლის იმედი აქვთ, რომ „წიგნები ბათუმში“ განსაკუთრებული გამომცემლობა გახდება.

რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი ამბავი, ვიდრე შენს მშობლიურ ენაზე ნათარგმნი ახალი წიგნის გამოცემაა? რომ დაყნოსავ და სუნს ფურცლებიდან მილიონ ორასი ათასი ამბავი ამოჰყვება? - არაფერი. უფრო სწორად, არაფერი მათთვის, ვისაც უწიგნოდ ცხოვრება არ შეუძლია. ეს ამბავიც, პირველ რიგში, მათთვისაა - ამბავი ერთი გამომცემლობისა, რომელსაც „წიგნები ბათუმში“ ჰქვია და რომელსაც აქამდე ლიტერატურის მოყვარულები მხოლოდ წიგნების მაღაზიად იცნობდნენ. ასეც იყო: მარი კორინთელისა და ირაკლი ბაკურიძის მაღაზია უკვე ორი წელია „წიგნის ჭიების“ საყვარელი ადგილია - სხვათა შორის, არამხოლოდ ბათუმელებისათვის.

მოგწონს, როცა ვიტრინაში ხედავ, როგორ ზის მაღაზიის მეპატრონე სარწეველა სავარძელში, წიგნს კითხულობს და შენ გელოდება. დღეიდან კი მარი და ირაკლი, სხვა გამომცემლობების წიგნებთან ერთად, მკითხველებს უკვე თავიანთი საკუთარი გამომცემლობის სერიებს შესთავაზებენ. მათ სამეცნიერო ფანტასტიკით დაიწყეს. ირაკლი ბაკურიძე, ხელმძღვანელი გამომცემლობისა „წიგნები ბათუმში“, გვეუბნება, რომ საქართველოში ამ ჟანრზე მოთხოვნილება არის, მაგრამ არ არსებობს იმ ძალიან ცნობილი წიგნების ქართული თარგმანები, რომელთაც, უკვე წლებია, მსოფლიოს საუკეთესო წიგნების რიცხვს მიაკუთვნებენ:

„საქართველოს გარეთ ამ ჟანრის წიგნებზე ყველგან ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს. უამრავი სერიალი გამოდის მათ მიხედვით, მხატვრულ ფილმებს იღებენ და, უმეტესად, ასე აინტერესებენ ახალგაზრდებს ამ ჟანრით. საქართველოშიც ჰყავს ამ ჟანრს მკითხველი, ოღონდ ძირითადად რუსულ ან ინგლისურ ენებზე კითხულობენ. თუმცა ჯერჯერობით გამომცემლობებს სერიოზულად ამ ჟანრის მეტად განვითარებისთვის ხელი არ მოუკიდიათ. ჩვენ რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ჩვენ გვიყვარს ეს ჟანრი და სულ გული გვწყდებოდა, რომ ქართულად თითქმის არაფერი იყო ნათარგმნი. ასე დავიწყეთ კიდეც“.

ამ წიგნის მთავარი არსი და გემოც ისაა, თუ როგორ იცვლება ადამიანის განწყობა გარემოსთან მიმართებით - ამ დროს რამდენ ახალ რამეს იგებს და, ამავე დროს, როგორ რჩება ისევ იმავე ადამიანად...
ირაკლი ბაკურიძე

„წიგნები ბათუმში“ დღე-დღეზე მკითხველს ხუთ ცინცხალ წიგნს გააცნობს. ქართულ ენაზე ხუთივე პირველად ითარგმნა. ესენია: ბორის და არკადი სტრუგაცკების "ძნელია ღმერთობა",ფილიპ დიკის "კაცი მაღალ კოშკში", რეი ბრედბერის "ტანმოხატული კაცი", დენიელ კიზის "ყვავილები ელჯერნონისთვის" და ქეთრინ პეტერსონის "ხიდი ტერაბითიაში". მე-20 საუკუნის 70-იანები წლების შემდეგ კი თავიდან გამოიცა მორის დრიუონის "მწვანეთითება ტისტუ". ბევრ თქვენგანს შეიძლება ახსოვს კიდეც საბავშვო ლიტერატურის ეს მართლა გამორჩეული წიგნი.

რატომ დაიწყეს სწორედ ამ ავტორებით და ამ წიგნებით? ირაკლი ამბობს, რომ, მაგალითად, დენიელ კიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ავტორია, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნილებაა, მისი წიგნი კი, "ყვავილები ელჯერნონისთვის", მსუბუქი ფანტასტიკაა, რომელშიც მოთხრობილია ჩარლის ამბავი - როგორ იზრდება ერთ დღეს, ოპერაციის შემდეგ, მისი ინტელექტის კოეფიციენტის მაჩვენებელი 60-დან 180-მდე, შემდეგ კი ისევ იკლებს:

„ამ წიგნის მთავარი არსი და გემოც ისაა, თუ როგორ იცვლება ადამიანის განწყობა გარემოსთან მიმართებით - ამ დროს რამდენ ახალ რამეს იგებს და, ამავე დროს, როგორ რჩება ისევ იმავე ადამიანად. მთელი ლაიტმოტივი ამ წიგნისა ის არის, რომ ჩარლი ამბობს: მე ყოველთვის პიროვნება ვიყავიო“.

რეი ბრედბერის „ტანმოხატული კაცი“ ერთი სიუჟეტით აწყობილი მოთხრობების კრებულია. აქ თქვენ შეხვდებით ტანმოხატულ კაცს, რომლის ტატუებიც ცოცხლდებიან და მომავლის ისტორიას მოგვითხრობენ. ფილიპ დიკის ალტერნატიულ ისტორიაში კი, რომელსაც „კაცი მაღალ კოშკში“ ჰქვია, წაიკითხავთ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება რომ გერმანიასა და მის მოკავშირე იაპონიას დარჩენოდათ. პეტერსონის „ხიდი ტერაბითიაში“ 10-12 წლის ბავშვების საკითხავად მიიჩნევა, ცნობილია მის მიხედვით გადაღებული უოლტ დისნეის ფილმიც, თუმცა ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ ამ წიგნის წაკითხვა ყველა ასაკის მკითხველს ასიამოვნებს.

სამეცნიერო ფანტასტიკით კი დაიწყეს, მაგრამ გამომცემლობა მხოლოდ ამ ჟანრით არ შემოიფარგლება. პირიქით, ირაკლი და მარი გეგმავენ გამოსცენ საბავშვო ლიტერატურაც, კლასიკაც, ხელი შეუწყონ განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ქართველი ავტორების პოპულარიზაციას. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, „წიგნები ბათუმში“ყოველ ორ თვეშ ხუთ-ექვს წიგნს მაინც გამოსცემს:

„პირობას ვდებთ, რომ ჩვენი გამომცემლობა მხოლოდ იმ წიგნებს კი არ დაბეჭდავს, რაც მხოლოდ ჩვენ გვინდა, არამედ იმ წიგნებსაც, რომელთაც საზოგადოება მოგვთხოვს“.

ზემოთ საგანგებოდ გამოვტოვე ცნობილი რუსი ფანტასტების არკადი და ბორის სტრუგაცკების წიგნი „ძნელია ღმერთობა“. ავტორებიდან ერთ-ერთი, არკადი სტრუგაცკი, ბათუმში დაბადებულა. ეს წიგნი, რომელიც რუსული ფანტასტიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა, ქართულად ქეთი ნიკოლეიშვილმა თარგმნა. ქეთი მოგვითხრობს, რომ ძმებმა სტრუგაცკებმა თავდაპირველად დაახლოებით „სამი მუშკეტერის“ სტილის სათავგადასავლო ნაწარმოების შექმნა გადაწყვიტეს. ერთ ძმას თურმე სურდა წიგნი უფრო ღრმად ფილოსოფიურ და სოციალურ მოტივებზე დაწერილიყო, მეორე გასართობად წასაკითხ, წმინდა სათავგადასავლო წიგნის დაწერისკენ იხრებოდა. სწორედ ამ დროს, მე-20 საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირში მაშინდელი თანამედროვე ხელოვნების წინააღმდეგ მეტად უსიამოვნო ტალღა აგორდა. ძმებმა სტრუგაცკებმაც გადაწყვიტეს დაეწერათ არა სათავგადასავლო მოთხრობა, არამედ წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის უმეცრება ცოდნას. წიგნი ფანტასტიკის ჟანრში დაიწერა და ამ გზით ცენზურასაც გადაურჩა - მის შინაარსობრივ და იდეურ მხარეს ნაკლები ყურადღება მიექცა:

ეს ნაწარმოები გაცილებით ღრმა და მარადიულ თემებს ეხება, ვიდრე კონკრეტული სახელმწიფოს კონკრეტული ისტორიული სინამდვილეა. მთავარი მოტივი, რაც ამ ნაწარმოებშია, არის ის, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მსურველ ადამიანებსა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ინტელექტუალურ ელიტას შორის დაპირისპირება საბჭოთა კავშირთან ერთად არ დასრულებულა...
ქეთი ნიკოლეიშვილი

„მიხარია, რომ ბოლო დროს საქართველოში გააქტიურდა მთარგმნელობითი პროცესი და მართლაც ძალიან ბევრი საჭირო წიგნი ითარგმნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფანტასტიკა, როგორც ჟანრი, დღემდე უსამართლოდაა მივიწყებული. რა თქმა უნდა, ამ ჟანრს საქართველოშიც ჰყავს საკმაოდ მრავალრიცხოვანი მკითხველი, რომლებიც ახერხებენ უცხო ენებზე წაიკითხონ სასურველი წიგნი, მარამ მე მგონია, რომ თარგმანის მიზანი არ არის მხოლოდ ის, რომ მკითხველს საქმე გაუადვილოს და მის მშობლიურ ენაზე მიაწოდოს სასურველი წიგნი. ნებისმიერი კონკრეტული წიგნის თარგმნა ამავე დროს კულტურული ფაქტია, რომელიც, ერთი მხრივ, გამოხატავს ამ კონკრეტული კულტურის ღირებულებებს - რითია ის დაინტერესებული, რითი სულდგმულობს და რა ღირებულებები აქვს - და, მეორე მხრივ, კულტურის მომავალ განვითარებაზეც ახდენს გავლენას. მე ჯერ არ ვიცი, რა გავლენას მოახდენს ეს კონკრეტული წიგნი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ძნელია ღმერთობა“ის წიგნია, რომელიც ქართულ ენაზე უნდა ყოფილიყო ნათარგმნი“.

ქეთი ნიკოლეიშვილი იმასაც გვეუბნება, რომ ამ მოთხრობაზე საუბრისას ხშირად მოჰყავთ კონკრეტული პოლიტიკურ ანალოგიები - მაგალითად, მოთხრობის ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟის, დონ რებას, პროტოტიპად ლავრენტი ბერია მიიჩნევა. ამ მიზეზით ხშირად ამ მოთხრობას საბჭოთა კონტექსტში განიხილავენ, თუმცა მთარგმნელი ფიქრობს, რომ მას არაერთი სხვა საინტერესო შრე აქვს:

„ეს ნაწარმოები გაცილებით ღრმა და მარადიულ თემებს ეხება, ვიდრე კონკრეტული სახელმწიფოს კონკრეტული ისტორიული სინამდვილეა. მთავარი მოტივი, რაც ამ ნაწარმოებშია, არის ის, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მსურველ ადამიანებსა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ინტელექტუალურ ელიტას შორის დაპირისპირება საბჭოთა კავშირთან ერთად არ დასრულებულა. ეს დღესაც გრძელდება და ამ მხრივაც არის ეს წიგნი აქტუალური. არის კიდევ სხვა შრეც - უმეცრება ყოველთვის უპირისპირდებოდა ცოდნის წყურვილს, ყოველთვის იყვნენ წარსულს ჩაბღაუჭებული ადამიანები და ისინი, ვინც მომავლისკენ იყურებოდა. მათ შორის დაპირისპირება მარადიულია და სწორედ ეს თემები ხდის ამ რომანს ასე აქტუალურს. ვფიქრობ, მას ეს აქტუალურობა კიდევ დიდხანს შერჩება“.

გამომცემლობის პარალელურად, ისევ ღიაა და მკითხველებს ელის წიგნის მაღაზია „წიგნები ბათუმში“. მარი კორინთელი ამბობს, რომ ორი წლის წინანდელმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც მისი და ირაკლის მთელი ცხოვრება ამოატრიალა, ბევრი რამ უკეთესობისკენაც შეცვალა. ქალაქში, სადაც წარმატებას, როგორც წესი, ტურიზმით და მასთან დაკავშირებული საქმიანობით შეიძლება მიაღწიო, ახალგაზრდა წყვილმა უცებ წიგნების გაყიდვა დაიწყო. ამ ნაბიჯმა გაამართლა.

„ადგილობრივებიც ძალიან აგვყვნენ, მართლა ძალიან აქტიური მკითხველები გვყავს. კი ხშირად მსაყვედურობენ, კითხვასთან მოდურობა რა შუაშიაო, მარამ მე სულ ვამბობ, რომ მართლა მოდური გახდა კითხვა, ჩვენთან მოსვლა და წიგნების არჩევა, საუბარი. განსაკუთრებით მოსწავლეებს ვატყობ, რომ ლიტერატურის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალათ. დიახ, მოდაშია, რომ მოვიდნენ და წიგნები იყიდონ, წაიკითხონ და მერე ამაზე ილაპარაკონ“, - ამბობს მარი.

ლურჯი ფერის მოსაწვევი პოსტერი კი, რომელზეც დელფინი წიგნს ეთამაშება და რომელიც რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში გავრცელდა, გვამცნობს, რომ თბილისური პრეზენტაცია გამომცემლობისა „წიგნები ბათუმში“ 23 თებერვალს გაიმართება. ხუთი ახალი წიგნიც სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება წიგნის მაღაზიების თაროებზე.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG