Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანაინვესტირების ფონდი - 29 ჰექტარი მიწის მყიდველი


თბილისის ბოტანიკური ბაღი
თბილისის ბოტანიკური ბაღი

არასამთავრობო ორგანიზაციები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს გეგმავენ ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, 29 ჰექტარი მიწის, აუქციონზე გაყიდვის გამო. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტსა და საკრებულოს მიმართავენ მოწოდებით, დაინტერესდნენ ქალაქის ეკოლოგიური პრობლემებით და ბოტანიკური ბაღის საკითხი საზოგადოების ჩართულობის ფონზე განიხილონ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, სავარაუდოდ, ხვალიდან მასშტაბური აქციები დაიწყება.

ლოტი #26 - დასახლება ოქროყანა, საზოგადოებისათვის კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის სახელით ცნობილი 29 ჰექტარი მიწა აუქციონის წესით გაყიდულია. ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 2013 წელს დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა, შეძენილი ქონების ღირებულებამ კი საწყის ღირებულებას 100 ათასით გადააჭარბა და, საბოლოოდ, 6 მილიონ 326 ათას 495 ლარად გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ გაავრცელა თავად თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, რომელმაც სპეციალური ბრიფინგი აუქციონის დასრულებიდან ორ საათში გამართა. მისი თქმით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა თავისი შუამავალი კომპანიის მეშვეობით მიიღო მონაწილეობა აუქციონში. ირაკლი ქარსელაძისავე სიტყვებით, თანაინვესტირების ფონდის მიერ შეძენილ ტერიტორიაზე იგეგმება „ბრწყინვალე რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულების სივრცის მოწყობა“:

„ანუ ნებისმიერი მშენებლობა, რომელიც კი ამ ტერიტორიაზე განხორციელდება რეკრეაციული საზოგადო დანიშნულებით, განხორციელდება მხოლოდ სიღმეში, ანუ მეორე პლანზე. ანუ ეს არ იქნება აღქმული დედაქალაქის არც ერთი ხედიდან. ნამდვილად არის იმის საჭიროება ქალაქში, რომ ქალაქის მკვიდრთა და სტუმრებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთ ოჯახებთან, შვილებთან ერთად აღმოჩნდნენ ბუნებაში, დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული აქტივობებით. ამ ტერიტორიაზე გაკეთდება სარბენი ბილიკები, ველობილიკები. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ამ მომენტისთვის გარკვეული იდეის დონეზე გვაქვს მოსაზრება იმასთან დაკავშირებული, რომ სწორედ ბუნებასთან ყველაზე მეტად შერწყმული სპორტის სახეობა არის გოლფი და შესაძლოა მოეწყოს გოლფის სათამაშო მინდორიც“.

გარდა ირაკლი ქარსელაძის მიერ ნახსენები სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულების სივრცის მოწყობისა, მერიის ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული აუქციონის პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულმა ამ ტერიტორიაზე ოთხი წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა; ასევე სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა. გარდა ამისა, განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

დამატებით მილიონობით ლარი უნდა დაიხარჯოს, რომ ამ ნაკვეთიდან გზა გადავიდეს ალტერნატიულ მარშრუტზე. აი, ეს კრიმინალური საქმიანობა ჩადენილია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის, ივანიშვილის, ბედნიერებისთვის...
ირაკლი აბესაძე

აუქციონზე გაყიდული ქონება წარმოადგენს ბოტანიკური ბაღისა და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი მშენებარე გზის მიმდებარე ტერიტორიას. უკანასკნელი დღეების განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ტერიტორიის შეძენას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აპირებდა. აუქციონის შეწყვეტის მოთხოვნით გაიმართა საპროტესტო აქციებიც, თუმცა აქციებმა შედეგი არ გამოიღო. შედეგი არ გამოიღო არც აუქციონის პარალელურად, ანუ 3 მაისს, მერიის წინ გამართულმა საპროტესტო აქციამ. აუქციონის შედეგებს აქციიდან გამოეხმაურა დედაქალაქის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ტერიტორია გაიყიდა, კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა შეჩერდება, გზის მშენებლობისთვის მოჭრილი 528 ხე და ბიუჯეტიდან დახარჯული ასეულობით ათასი ლარი კი ფუჭად გაფლანგული აღმოჩნდება:

„დამატებით მილიონობით ლარი უნდა დაიხარჯოს, რომ ამ ნაკვეთიდან გზა გადავიდეს ალტერნატიულ მარშრუტზე. აი, ეს კრიმინალური საქმიანობა ჩადენილია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის, ივანიშვილის, ბედნიერებისთვის, ხოლო ივანიშვილმა, თავის მხრივ, მიისაკუთრა თბილისელების საერთო საკუთრების გზა“.

მაგისტრალის მშენებლობას მოჰყვება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და, შესაბამისად, იმ ტერიტორიის განვითარება, სადაც ეს გზა გადის. ამ გზის მომიჯნავედ არის უამრავი კერძო ტერიტორია...
კარლო ლაფერაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ გაყიდული ტერიტორიისათვის სტატუსის შეცვლის ფაქტსაც. დღესდღეობით ტერიტორია სარეკრეაციო ზონის სტატუსს ატარებს, თუმცა აუქციონზე გატანამდე ის ატარებდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსს. ზონის სტატუსის შეცვლის მიზეზი მერიის ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ლაფერაძემ რადიო თავისუფლებასთანა სე ახსნა:

„მაგისტრალის მშენებლობას მოჰყვება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და, შესაბამისად, იმ ტერიტორიის განვითარება, სადაც ეს გზა გადის. ამ გზის მომიჯნავედ არის უამრავი კერძო ტერიტორია. ამიტომ არ შეიძლება შეიზღუდოს ტერიტორიის განვითარება, კერძო საკუთრების განვითარება, ოღონდ, ცხადია, იმ ჩარჩოში, იმ ნორმებში, რა ნორმასაც და რა დასაშვებობასაც ითვალისწინებს ის ზონა, რაც დღეს ამ მიწას ადევს. ამ შემთხვევაში ეს არის რეკრეაციული ზონა 2“.

3 მაისს გახდა ცნობილი, რომ საზოგადოებრივი გაერთიანება „ერთად“, რომელშიც 25 არასამთავრობო ორგანიზაცია არის გაწევრიანებული, ბოტანიკური ბაღის დასაცავად შაბათს საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენლის, ცირა ელისაშვილის სიტყვებით, არასამთავრობო ორგანიზაციები პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავენ:

„დაგვჭირდება როგორც თქვენი, მედიის, მხარდაჭერა, ასევე ამ საკითხის გადატანა პოლიტიკურ კონტექსტში და ასევე ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერა“.

„პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე არ გამორიცხავს, რომ გარემოს დამცველების აქციებმა არალეგალური სახე მიიღოს:

„არალეგალურად დავიწყეთ ჩვენ ვაკის პარკის დაცვა და ორი წლის შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ იქ მიმდინარე მშენებლობა უნდა გაჩერებულიყო“.

გარდა 29 ჰექტარ მიწაზე ჩატარებული აუქციონისა, ვნებათაღელვის მიზეზადაა ქცეული ბოტანიკური ბაღის ის 4 ჰექტარი ტერიტორიაც, რომელიც 2007 წელს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა კომპანია „ფინსერვისმა“ შეიძინა მერიისგან. „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, ეს კომპანია ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. როგორც კომპანია „ფინსერვისმა“ გასულ კვირაში გამოქვეყნებული განცხადებით განმარტა, 2007 წლიდან შპს „ფინსერვისმა“ მერიისგან შეძენილ მიწის ნაკვეთზე რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, სანაცვლოდ კი მათ რამდენიმე ხნის წინ ბოტანიკური ბაღის მიზნებისათვის გამოუსადეგარი ქვა-ღორღიანი ფერდობი გადაეცათ

ბოტანიკური ბაღის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ეკა ბესელიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. მისივე თქმით, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, თავად ბოტანიკური ბაღისთვისაა სასარგებლო. რაც შეეხება ამ პროცესთან ყოფილი პრემიერ-მინისტრის კავშირს, ეკა ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG