Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზომები ქალაქში ქაოსური განაშენიანების წინააღმდეგ


თბილისი
თბილისი

თბილისის მერიამ გამოაცხადა, რომ კონკრეტული ზომების მიღებას იწყებს დედაქალაქის ქაოსური განაშენიანების წინააღმდეგ. ბრიფინგზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დროებით შეიზღუდება საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გაზრდა. ეს კოეფიციენტი კონკრეტულ კვადრატულ მეტრზე ან მიწის ფართობზე ობიექტის სიდიდეს და სხვა პარამეტრებს განსაზღვრავს. სპეციალისტთა ნაწილი გადაწყვეტილებას მნიშვნელოვნად, თუმცა დაგვიანებულად მიიჩნევს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, თბილისში მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიღებამდე 12 თვით ადრე შემოღებული დროებითი შეზღუდვა დედაქალაქის მთავრობას საშუალებას მისცემს შეცვალოს წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოსური განაშენიანება. ნარმანიას ინფორმაციით, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში შესატან ცვლილებას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებს. თბილისის მერის განმარტებით, დროებითი შეზღუდვა არ შეეხება დედაქალაქის გარეუბნებს. დავით ნარმანიასავე განცხადებით, თბილისის დედაქალაქის მთავრობის პრიორიტეტად რჩება გამწვანება, ამიტომ განაშენიანება შეიზღუდება საცხოვრებელ ზონებში არსებულ სკვერებსა და ბაღებში.

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს შევცვალოთ წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება ისედაც მჭიდრო დასახლებებში“.

დავით ნარმანიას თქმით, ქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულების შემდეგ განისაზღვრება ქალაქის უბნების მიხედვით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები, რაც ქალაქში არსებულ მდგომარეობას დაარეგულირებს. დავით ნარმანიას განცხადებით, შეზღუდვა განხორციელდება შემდეგ უბნებზე: საბურთალოს ძირითადი ნაწილი, ვაკე, დიდუბის ნაწილი, წერეთლის გამზირი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ისნის რაიონის ისტორიული ნაწილი და მთაწმინდა-კრწანისის რაიონის ისტორიული უბნები.

თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, ხშირად გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის დამატებითი კოეფიციენტის მინიჭება ხდებოდა, რაც ქალაქის სიმჭიდროვის სურათს ცვლიდა:

„მთავარია არ მივიღოთ ის სურათი, რომ, ერთი მხრივ, მუშაობს გენერალური გეგმის შემუშავების ჯგუფი და ამასობაში არ მოხდეს რადიკალური ცვლილებები ქალაქის განაშენიანებაში. ამიტომ საჭიროა დღევანდელი ვითარება დროებით შეჩერდეს. გენგეგმის დამტკიცების შემდეგ ეს პრაქტიკა საერთოდ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს და გენგეგმამ განსაზღვროს უკვე სიმჭიდროვე და განაშენიანების რეგლამენტი“.

თბილისში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა ქალაქის სიმჭიდროვე შეისწავლა, ამბობს ამ ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ურბანისტი მერაბ ბოლქვაძე, რომლის თქმითაც, დედაქალაქში ნორმატიული მაჩვენებლები, რომელიც ისედაც მაღალი იყო თბილისში, სხვა ევროპულ ქალაქების მაჩვენებლებთან შედარებით, აშკარად გადაჭარბებული იყო.

მინდა იმედი დავიტოვო, რომ გენგეგმის სამუშაო პროცესის დასრულებამდე აღარ გაიცემა სამშენებლო ნებართვები ამ კოეფიციენტებით, რაც, რა თქმა უნდა, დადებით გავლენას იქონიებს ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად...
ცირა ელისაშვილი

მერაბ ბოლქვაძის თქმით, თბილისში არსებული ზონის ცალკეულ სახეობებთან დაკავშირებით არის დამატებითი განმარტება, რომ, შესაბამისი დასაბუთებით, შესაძლებელია გაცემული იქნეს სპეციალური ნებართვა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი სპეციალური ნებართვების გაცემა უკვე ყოველდღიურობად იქცა.

„ყველა ტერიტორიას აქვს თავისი ტევადობა, ანუ კონკრეტულ ტერიტორიაზე რამდენი მოსახლე შეიძლება ცხოვრობდეს, და ამ რაოდენობის მოსახლეობას რამდენი კვადრატული მეტრი სიმწვანე სჭირდება, რამდენი ბავშვთა და დასასვენებელი ბაქნები და გარკვეული რაოდენობის პარკირების ადგილები და, პლუს, საცხოვრებლის განაშენიანება და, ჯამში, მთლიანად ინტენსივობის მაჩვენებელი აშკარად გადაჭარბებული იყო და ყველა ნორმატიული მაჩვენებელი დარღვეულია ქალაქში. ამიტომაც უნდა შეიზღუდოს კოეფიციენტის მატება და დადგენილი ნორმების ფარგლებში უნდა განვითარდეს ქალაქი“.

„ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენლის, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილის აზრით, თბილისის მერის გადაწყვეტილება შეზღუდოს კოეფიციენტები, კარგია, მაგრამ დაგვიანებულია. მისი თქმით, 4 წლის წინ ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება იყო ის, რომ ამ კოეფიციენტების გაყიდვას ხელს შეუშლიდნენ:

„მას შემდეგ, რაც ძალიან ოდიოზურ პროექტებზე გაზრდილი კოეფიციენტებისთვის გაიცა ნებართვა, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად დაგვიანებულია, თუმცა მინდა იმედი დავიტოვო, რომ გენგეგმის სამუშაო პროცესის დასრულებამდე აღარ გაიცემა სამშენებლო ნებართვები ამ კოეფიციენტებით, რაც, რა თქმა უნდა, დადებით გავლენას იქონიებს ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად“.

ცირა ელისაშვილის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ოდიოზური მშენებლობა, რომლის ნებართვაც K2 კოეფიციენტის დარღვევითაა გაცემული, რომ აღარაფერი ვთქვათ ზონალური წესის შეცვლაზე, „პანორამა თბილისის“ მშენებლობაა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG