Accessibility links

logo-print

5 წელი 2007 წლის 7 ნოემბრიდან


ტელეკომპანია ”იმედის” სტუდია პოლიციის შესვლის შემდეგ. 2007 წლის 7 ნოემბერი Dispersal of the demonstration

ტელეკომპანია ”იმედის” სტუდია პოლიციის შესვლის შემდეგ. 2007 წლის 7 ნოემბერი Dispersal of the demonstration

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. შეტაკებებისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ ოფისშიც შევიდა. 7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. რა კვალი დამჩნია 2007 წლის 7-მა ნოემბერმა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას?

2007 წლის 7 ნოემბერს, ადრიანი დილით, პარლამენტის შენობასთან, სადაც მრავალი დღის განმავლობაში ანტისახელისუფლებო აქცია იმართებოდა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. იმის გამო, რომ დღის ამ მონაკვეთში აქციის მონაწილეთა რაოდენობა დიდი არ იყო, პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მომიტინგეთა მობილიზება და ძალადობის შემდგომი ესკალაცია მოჰყვა.

აქციის მონაწილე კაცი: „პარლამენტის წინ მოვიდნენ, ცეცხლსასროლით გაზი გაგვიხსნეს, თვალებიდან ცრემლები მოგვდიოდა, სუნთქვა შეგვეკრა... სროლა- სროლით მოგვყვებიან“.

აქციის მონაწილე ქალი: „როგორ უნდა შეხედონ ქართველ ხალხს თვალებში? ამდენ ხალხს გადაგვიარეს, გადაგვიარეს!“
7 ნოემბრის ძალადობა არ იყო შემთხვევითობა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ რეპერტუარში. ეს იყო მათში ჩადებული: არ მოხდებოდა 7 ნოემბერს, მოხდებოდა სხვა დროს. ძალადობდნენ არა იმიტომ, რომ მიზანშეწონილი იყო, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ძალადობა იყო მათთვის მისაღები...

აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ბრალი დასდეს საპროტესტო აქციის უკანონოდ დაშლასა და უფლებამოსილების გადამეტებაში, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას სახით, ძალადობის ინსპირირებაში ოპოზიციის ლიდერები დაადანაშაულა:

„სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა, ეკისრებათ იმ ძალიან უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ დაწყებულიყო ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ, არ დამორჩილებოდნენ პოლიციის მოწოდებას, გადაეკეტათ ქუჩა მაშინ, როცა ამის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი აუცილებლობა არ იყო და ამით მოახდინეს იმის პროვოცირება, რაც მოხდა“.

თუმცა 7 ნოემბერი მხოლოდ აქციის მონაწილეთა დაშლით არ დასრულებულა. დღის ბოლოს პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში შევიდა, ხოლო პრეზიდენტმა თბილისში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, რაც საზოგადოებას გააცნო მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომლის თქმითაც, შეიზღუდება მხოლოდ ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მოწოდება და არავითარ შემთხვევაში, ზოგადად, სიტყვის თავისუფლება.

ზურაბ ნოღაიდელის ამ განმარტების მართებულებას ეჭვქვეშ აყენებს მედიის მკვლევარი ზვიად ქორიძე, რომელიც ხუთი წლის წინანდელი მოვლენების უმთავრეს უარყოფით მხარედ არა მიტინგის დაშლას, არამედ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და „იმედის“ მაუწყებლობის შეწყვეტას მიიჩნევს:
ზვიად ქორიძე

ზვიად ქორიძე


„იყო მცდელობა ჩაეკლათ მოქალაქეთა ნების გამოხატვის უნარი ძალადობითა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. ასევე შეიზღუდა თავისუფალი სიტყვის არე მედიის სახით. ანუ პრაქტიკულად 7 ნოემბერს ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო იმის მაჩვენებელი, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ფაქტობრივად, 7 ნოემბერი გააფორმა როგორც პოლიტიკური პროცესის დასასრული, ქვეყანაში დაამყარა მკაცრი ადმინისტრირების პოლიტიკა, დაამყარა ავტორიტარული მმართველობის პოლიტიკა და ყოველგვარი სივრცე მოკლა პოლიტიკური ბრძოლისთვის“.

ზვიად ქორიძის თქმით, ვითარება არ შეცვლილა პრეზიდენტის გადადგომითა და 2008 წლის იანვრის არჩევნებით. ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გადადგომით პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში რეაბილიტაცია სცადა ისე, რომ არსებითად არაფერი შეუცვლია:

„როგორც შემდგომმა მოვლენებმა - მაგალითად, 26-მა მაისმა - აჩვენა, 7 ნოემბრის ძალადობა არ იყო შემთხვევითობა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ რეპერტუარში. ეს იყო მათში ჩადებული: არ მოხდებოდა 7 ნოემბერს, მოხდებოდა სხვა დროს. ძალადობდნენ არა იმიტომ, რომ მიზანშეწონილი იყო, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ძალადობა იყო მათთვის მისაღები“.

7-მა ნოემბერმა ასევე გამოაჩინა საზოგადოების შიგნით გაჩენილი დაპირისპირების სიღრმე, რომელმაც მაქსიმუმს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიაღწია. ასე ფიქრობს ფილოსოფოსი გია ნოდია, რომლის თქმითაც, 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დაშლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ოპოზიციის მცდელობამ არჩევნებამდე შეეცვალა მოქმედი ხელისუფლება.
გია ნოდია

გია ნოდია


„7 ნოემბრამდეც არსებობდა ამის ილუზია და 7 ნოემბრის შემდეგაც, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, აშკარად ამ მეთოდზე იყო ორიენტირებული ოპოზიცია და ცდილობდა ხელისუფლების ძალადობაზე გამოწვევას, რათა ამით მისი დისკრედიტაცია და დელეგიტიმაცია მოეხდინა. ოპოზიციამ მართლა მისცა გარკვეული საფუძველი, რომ ხელისუფლებას 2007 წლის 7 ნოემბერს ძალა გამოეყენებინა, მაგრამ, ჩემი აზრით, გაცილებით ჭკვიანური და მომგებიანი იქნებოდა ხელისუფლებისათვის გამოეყენებინა ის ტაქტიკა, რომელიც 2009 წელს გამოიყენა“, - უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადობის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 2007 წლის 7 ნოემბერს იმაზე მეტი დააშავა, ვიდრე არასწორი ტაქტიკის არჩევაა, რის დასტურადაც გამოდგება საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობასთან 7 ნოემბრისა და სხვა საპროტესტო აქციების მონაწილეების აქცია-ბრიფინგი და ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების მოთხოვნა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG