Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიცში ვითარება დაიძაბა


დიცი
დიცი
გორის რაიონის სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ და ეგრეთ წოდებული სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. როგორც დიცის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული ზაქარია ვატიტაძე აცხადებს, მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირება მოუვიდათ. ერთ-ერთ დიცელს ილია ბერუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ვატიტაძის ინფორმაციით რუსები ახლა ბერუაშვილების საგვარეულო სასაფლაოს მიმდებარე გზას ღობავენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი ეუბნებიან, რომ სახლებს და სასაფლაოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოაქცევენ.

სოფელ დიცში რამდენიმე თვეა, რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები ეგრეთ წოდებული საზღვრის გასწვრივ შეღობვით სამუშაოებს აწარმოებენ, გარკვეული დროით ეს სამუშაოები შეჩერებული იყო, მაგრამ დღეს ისევ განახლდა. მესაზღვრეებს ხელში საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკები უჭირავთ და ტერიტორიებს ამ რუკების მიხედვით ღობავენ. ჩასმული ძელების მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა, 4 სახლი, სასაფლაო, სახნავ-სათესი ფართობები და სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა. ერთ-ერთი სახლი რომელსაც შეღობვას უპირებდნენ ილია ბერუაშვილს ეკუთვნის, რომელსაც რუს ჯარისკაცებთან შელაპარაკება არაერთხელ მოსვლია. მისი თქმით, სამხედროები ემუქრებოდნენ, რომ თუ წინააღმდეგობას გაუწევდა, მასაც და მის თანამოაზრეებსაც დააკავებდნენ და ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანდნენ.

დიცელები ახლა თვალს ადევნებენ, როგორ ღობავენ რუსი მესაზღვრეები გზას და მათ ნაკვეთებს, ისინი საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG