Accessibility links

logo-print

საქართველოში ბიზნესის წარმოება კიდევ უფრო გამარტივდა


მშენებლობის პროცესი ბათუმში

მშენებლობის პროცესი ბათუმში

”მსოფლიო ბანკის” ყოველწლიური ანგარიშის – ”ბიზნესის წარმოება 2013” („Doing Business 2013“) – თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველომ მეთექვსმეტედან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. ეს კვლევა შეფასებას აძლევს 183 ქვეყნის კანონმდებლობას და იქ არსებულ პრაქტიკას. ბიზნესის წარმოების რეიტინგის გაუმჯობესება საქართველომ ბოლო წლების მანძილზე გატარებული 6 რეფორმის შედეგად შეძლო.

საქართველოში კომპანიის რეგისტრირება რომ მარტივი პროცედურაა, სიახლეს არ წამოადგენს. მსოფლიო ბანკის რეიტინგი ”დუინგ ბიზნეს 2013” კი იმასაც აღწერს, რამდენად იოლია ბიზნესის წარმოება კომპანიის დაფუძნების შემდეგ.

კვლევა ისეთ სფეროებს შეისწავლის, როგორიცაა: გადასახადების გადახდის პროცედურები, მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები, საგარეო ვაჭრობის შესაძლებლობა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივე, ბიზნესის დაწყება, ხელშეკრულებების აღსრულება, ელექტროენერგიის ქსელთან მიერთების პროცედურები და სხვ. ამ სფეროებში გატარებული რეფორმებით საქართველომ საუკეთესო ქვეყნების ათეულში გადაინაცვლა, - ამბობს ძველი მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელი, ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ლეჟავა:

”უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანა ხვდება ასეთ პრესტიჟულ კლუბში, საუკეთესო ათეულში და ეს შესაძლებელი გახდა მეთოდურად, რამდენიმე წლის განმავლობაში რეფორმების კეთებით. საბოლოო ჯამში, ეს 30-ზე მეტი რეფორმა იყო, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში.”

ახალი მთავრობა დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს წინამორბედის წარმატებას

ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველოს წინსვლას კრიტიკულად აფასებს ახალი მთავრობის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი. პარლამენტში უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რეიტინგების გაუმჯობესება ყოფილმა ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების ”სიცრუეში შეყვანით” მოახერხა:

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

”არ იმუშავეს მაგ თქვენმა ცრუ რეიტინგებმა, არ იმუშავა არსად და არავითარი შედეგი. შესაბამისად, არაფერს არ დავკარგავთ ჩვენ ამით, არაფერი არ მოხდება, არაფერი არა გვაქვს დასაკარგავი, არაფერი არ მოიტანა მაგან. თქვენი საუბრის გარდა და საკუთარი ლიდერის ტრაბახის გარდა, მაგას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია და არავითარი შედეგი არ მოუტანია.”

ახალი პრემიერ-მინისტრის ასეთი შეფასების მიუხედავად, მსოფლიო ბანკის რეიტინგში წინ წაწევის სურვილი ბევრ დიდ და ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყანას ამოძრავებს. მათ შორისაა ყაზახეთი, რომელმაც რამდენიმეწლიანი პროგრამა განახორციელა საუკეთესო 50-ში მოსახვედრად და ამჟამად 49-ე ადგილის მოპოვება შეძლო. ყაზახეთის გარდა, ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ლეჟავა რუსეთის მაგალითზეც ლაპარაკობს:

”რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის წინასაარჩევნო პროგრამა იყო და წინასაარჩევნო დაპირება, რომ 2020 წელს რუსეთი შეძლებდა იმას, რომ საუკეთესო ოცდაათეულში მოხვედრილიყო. ეს ამბიცია, რომ ამ რეიტინგში ქვეყნები იყვნენ უკეთეს ადგილას, უკეთესად წარმოჩნდნენ, არამარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.”

ბიზნესმენები გატარებული რეფორმების შესახებ
ხელისუფლებამ მეწარმეს, ძველთან შედარებით, ნამდვილად შეუმცირა და გაუმარტივა ბიუჯეტში გადასახადები, გაუადვილა რეგისტრაცია, ნებართვა-ლიცენზიები, მოაცილა ათასი შემზღუდველი მუქთამჭამელი შემმოწმებელი ...

”ბიზნესის წარმოების” რეიტინგში ასახული რეფორმების მნიშვნელობას აღნიშნავენ არა მარტო ექსპერტები, არამედ მცირე, საშუალო თუ მსხვილი მეწარმეებიც. ამ თემას სოციალურ ქსელში - ფეისბუკში - გამოეხმაურა ბიზნესმენი ვანო ჩხაიძე:

”ხელისუფლებამ მეწარმეს, ძველთან შედარებით, ნამდვილად შეუმცირა და გაუმარტივა ბიუჯეტში გადასახადები, გაუადვილა რეგისტრაცია, ნებართვა-ლიცენზიები, მოაცილა ათასი შემზღუდველი მუქთამჭამელი შემმოწმებელი (სახანძრო, სანეპიდექიმი, ანტიმონოპოლიური, სტანდარტიზაცია-მეტროლოგია და სხვა), რომლებიც ადრე ყოველთვიური „ხარკის“ მოკრეფის მეტს, სასიკეთოს არაფერს აკეთებდნენ; პრაქტიკულად ჩამოაცილა მას სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კრიმინალური რეკეტი, ანუ გამოკითხვით ცნობილია, რომ ბოლო ხანებში მეწარმეს არც საბაჟოზე, არც გზაზე, არც უბნის პოლიციაში, არც მწვანეებთან თუ შავებთან, შრომის თუ მარკეტინგულ ბაზარზე რაიმე უპირატესობის მიღწევაში, საკუთარ ხელმძღვანელობასთანაც კი სამსახურში მოწყობაში თუ კარიერულ წინსვლაში, პროფკავშირებთანაც კი, ქრთამთან საქმე არ ჰქონია.”

ვანო ჩხაიძის მსგავსად ფიქრობს სხვა ბევრი ბიზნესმენი თუ ინდმეწარმე, რომლებმაც საქმიანობის დაწყება უმარტივესი პროცედურების გავლის შემდეგ მყისიერად მოახერხეს. ასეთებს შორის არის მომრავლებული მაღაზიები, კაფე-რესტორნები, საოჯახო სასტუმროები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, საქართველოს საერთაშორისო რეიტინგები - მათ შორის, „მსოფლიო ბანკის“ ”დუინგ ბიზნესი” - არაერთი ინვესტორისთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. ინვესტიციების მოცულობის ზრდა კი თითქმის პირდაპირპროპორციულად იწვევს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

კახა ბენდუქიძე

კახა ბენდუქიძე

საქართველოში გატარებული რეფორმების ერთ-ერთი ავტორი, ”თავისუფალი უნივერსიტეტის” ხელმძღვანელი კახა ბენდუქიძე „მსოფლიო ბანკის“ რეიტინგის მნიშვნელობას ასე განმარტავს:

”ეს აძლევს საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვან ახალ სტიმულს. პირველი, ეს არის ძალიან კარგი და ცნობადი რეიტინგი და ეს საქართველოს ცნობადობას ზრდის საერთაშორისო ფინანსურ წრეებში. მეორე, მნიშვნელოვანია იმით, რომ არის ასეთი ტიპის გამარტივებული კარგი ბიზნესკლიმატი. მეორე, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ასეთი ტიპის გამარტივებული, იოლი, კარგი ბიზნესკლიმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებისთვის.”

გატარებული რეფორმების შედეგად, რომელთა ნაწილსაც „მსოფლიო ბანკის“ რეიტინგი ”დუინგ ბიზნესი” აღწერს, საქართველოს ეკონომიკა ერთ-ნახევარჯერ გაიზარდა, თუმცა ეს რეიტინგი ეკონომიკის ზრდის მოცულობას და კეთილდღეობის დონეს არ შეეხება. ის მხოლოდ იმ საკანონმდებლო ბაზას და ბიზნესგარემოს აძლევს შეფასებას, რომელიც საჭიროა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის მისაღწევად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG