Accessibility links

logo-print

რა ძალა აქვს დოკუმენტურ კინოს?


დოკუმენტური კინოფესტივალი „ერთი მსოფლიო“

დოკუმენტური კინოფესტივალი „ერთი მსოფლიო“

15 მარტს პრაღაში დასრულდა საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი „ერთი მსოფლიო“, ღონისძიება, რომელსაც „იუნესკომ“ 2006 წელს განსაკუთრებული როლი მიანიჭა ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის დარგში განათლების გავრცელების საქმეში. ამ ფესტივალმა წელს თავი მოუყარა 121 კინოსურათს. 10 დღის განმავლობაში ფესტივალის ჟიურის წევრებსა და მაყურებელს საშუალება ჰქონდა შეეფასებინა მსოფლიოს 70 ქვეყანაში გადაღებული კინონამუშევარი ფესტივალის წლევანდელი პროგრამის თანახმად, რეჟისორებისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა კონფლიქტები სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში, პოპულისტური და ნაციოანალისტური განწყობების ეპიდემია დასავლეთში, ეკოლოგიური კატასტროფის პირას მდგარი მსოფლიო და, რაც მთავარია, ადამიანები, რომელთა მთავარი ამოცანა ამ და სხვა გამოწვევებთან გამკლავებაა. ფესტივალის მთავარი იდეის თანახმად, ასეთ დროს გამოსავალი შესაძლოა თანამაშრომლობაშიც ვეძებოთ.

სწორედ „თანამშრომლობის ხელოვნება“ იყო მთავარი იდეა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალისა, რომელიც წელს მეცხრამეტედ ჩატარდა პრაღაში. რამდენადაც უნდა გასაკვირი იყოს, კინოეკრანებთან მობილიზებულ მაყურებელს წელსაც იმ თემებზე მოუწია ყურადღების გამახვილება, რამაც შთააგონა თავის დროზე უფლებადამცველ აქტივისტს იგორ ბლაჟევიჩს ფესტივალის დაარსების იდეა: „მან იგრძნო იმის საჭიროება, რომ მნიშვნელოვანი იყო ჩეხებისთვის დოკუმენტური ფილმების გზით ეჩვენებინა ის, თუ რა მდგომაროება იყო ყოფილი იოგოსლავიის სახელმწიფოებში. იგულისხმება ომი და სისასტიკე, რომელიც იქ ხდებოდა. იმის გამო, რომ ფილმების ჩვენებამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და ის უკვე აღარ ჰგავდა მცირე ჩვენებებს, ის გაიზარდა და იქცა ფესტივალად, რომელსაც წელს უკვე მეცხრამეტედ აღვნიშნავთ“, გვითხრა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელმა ბოჰდანა რამბოუსკოვამ ფესტივალის ისტორიაზე საუბრისას, ფესტივალისა, რომელსაც, მისი თქმით, დაარსებიდან დღემდე 100 ათასამდე სტუმარი დაესწრო.

მიუხედავად ომის შემდგომი არასტაბილურობისა, რომელიც კვლავაც არსებობს იოგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდგომ წარმოქმნილ სახელმწიფოებში ომისა და სისასტიკის ეპიცენტრმა დღეს უკრაინასა და სირიაში გადაინაცვლა. ფესტივალის პროგრამაც სწორედ ამ ლოგიკას დაეფუძნა. „მოგზაურობები თავისუფლებისკენ“ - ეს ერთ-ერთია ფესტივალის 15 თემატური კატეგორიიდან, რომელმაც მაყურებელს სირიაში მიმდინარე კონფლიქტის საწყისები გაახსენა. დანიის, ფინეთისა და სირიის კინოხელოვანთა ერთობლივ ნამუშევარში „ომის შოუ“ ნაჩვენებია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აგორებული სახალხო ტალღა, რომელიც ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ სირიული ვერსიაა.

მუდმივად აქტუალური თავისუფლების ძიების საკითხს ბოლო ორ წელში დაემატა თავშესაფრის ძიების პრობლემა, რომელიც უკავშირდება მიგრანტთა კრიზისს. ამ თემაზე გადაღებულ ფილმებს შორისაა ჯანფრანკო როსის ორსაათიანი კინოსურათი „ცეცხლი ზღვასთან“, რომელმაც გასულ წელს ბერლინის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა, თუმცა პრაღაში გამართული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ჟიურის რჩეული ვერ გახდა. ამავე თემაზე გადაღებული ფილმებიდან ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილოვდა ავსტრალიური დოკუმენტური ფილმი „თავშესაფრის ძიება“, რომელიც გვაცნობს წყნარი ოკეანის ნაპირებთან მოწყობილ ლტოვილთა თავშესაფრის მდგომარეობას: „ეს არის ორიგინალური და შემაძრწუნებელი ფილმი, რომელიც გვიჩვენებს საერთაშორისო საზოგადოების მორალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ კრახს ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ პრობლემასთან გამკლავების საქმეში“, აღნიშნულია ვაცლავ ჰაველის სახელობის საკონკურსო პროგრამის ჟიურის გადაწყვეტილებაში.

ფესტივალის სტუდენტური ჟიურის რჩეული გახდა სიუ უილიამისის „დიზაინით გამოწვეული სიკვდილი“. ფილმის აღწერილობის თანახმად, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მფლობელებმა კარგად იციან, რამდენად მომწამვლელია ის ნივთიერებები, რომლებიც მობილური ტელეფონების, კომპიუტერული მოწყობილობებისა და სხვა ციფრული ტექნოლოგიების წარმოებისას გამოიყოფა, თუმცა ატმოსფერო სასიკვდილო ნაწილაკებისგან ალბათ ვეღარასდროს გათავისუფლდება. ფილმი მოგვითხრობს ჩინეთისა და აშშ-ის კომპიუტერული თუ მობილური ტექნიკის საწარმოებში არსებულ უმძიმეს პირობებზე, ასევე იმაზე თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის სმარტფონი, რომელთან ერთადაც გვძინავს და ხშირად ვიღვიძებთ კიდეც. სტუდენტური ჟიურის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ეს ფილმი შეარჩიეს, ამ თემაზე ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი იმ ეპოქაში, როდესაც მთელი თაობა იბადება და იზრდება კომპიუტერული მოწყობილობების გარემოცვაში.

რა გავლენა აქვს მედიას? ეს კიდევ ერთი კატეგორიაა ფესტივალის პროგრამიდან და გასაკვირი არ არის, რომ დღეს მედიაში მეტწილად იგულისხმება ინტერნეტი. ეს შეუზღუდავი სივრცე უკომპრომისო აღმოჩნდა ადამიანის უფლებებისთვის ზიანის მიყენების საქმეში. სწორედ ამ პრობლემის ჩვენებას ისახავდა მიზნად ფილმები - „კიბერჯიჰადი“, „ინტერნეტქსელის ბნელი სიღრმეებისკენ“, ასევე „ბავშვები ინტერნეტში“. ე.წ. ციფრული თაობის შესახებ რამდენიმე ამბის მოყოლა სცადა ჩეხმა რეჟისორმა კატერინა ჰაგერმა, რომელმაც ჩეხეთის ტელევიზიასთან თანამშრომლობით გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ბავშვები ინტერნეტში“: „ჩემი ფილმი მშობლებისთვის არც გზამკვლევია და არც რეცეპტი იმისა, თუ როგორ შეზღუდონ ინტერნეტში ყოფნისთვის გამოყოფილი დრო შვილებისთვის. ფილმზე მუშაობის პროცესში მე, როგორც მშობელმა კარგად გავიცანი ის სამყარო, რომელშიც ჩვენი შვილები ცხოვრობენ. ვისწავლე, რომ ინტერნეტზე დაწესებულ აკრძალვაში გამოსავალი არ არის, ეს გარკვეულ ასაკობრივ ეტაპზე ალბათ შესაძლებელია, მაგრამ როდესაც მოზარდი 10, 11, 12 წლისაა, მათ ჩვენ განზე დგომისკენ ვუბიძგებთ.

კადრი ფილმიდან "ჩვენ ვართ კაცობრიობა"

კადრი ფილმიდან "ჩვენ ვართ კაცობრიობა"

როდესაც მათ ვუკრძალავთ ინტერნეტში ყოფნას, ისინი თანატოლებისგან განზე რჩებიან, რადგან ინტერნეტი ხომ მათთვის ძალიან ბუნებრივი გარემოა. ბევრი ექსპერტი, რომელთაც ფილმზე მუშაობის დროს ვესაუბრე, სწორედ ამას აღნიშნავს, რომ უფრო მნიშვნელოვანია გავუგოთ ბავშვებს, ვიდრე აკრძალვები დავუწესოთ მათ“, აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში რეჟისორმა ფილმისა „ბავშვები ინტერნეტში“.

ადამიანის უფლებათა თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმები ვერ აუვლიდა გვერდს ეროვნული, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების პრობლემებს. ტრანსგენდერულ თემაზე შექმნილი ფილმებიდან გამორჩეული იყო შემდეგი ოთხი: „აფრიკის მარგალიტი“, „ირლანდიის დედოფალი“, „ტრანზიტ ჰავანა“ და „მე ის ვარ, რაც არ ვარ“. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანთა უფლებებს. ფესტივალზე უჩვენეს აუტიზმის თემაზე გადაღებული სამი ფილმი - „ჩემი საიდუმლო ტყე“, „კომუნიონი“ და „ჩვეულებრივი აუტისტური ფილმი“. ეს უკანასკნელი ჩეხეთის საკონკურსო ჟიურის რჩეული გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თემატური ფილმების ჩვენებებისა და მათ გარშემო გამართული დისკუსიების გარდა, კინოთეატრების უმრავლესობა სრულად იყო მორგებული სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს.

ზარდაშტ აჰმედი

ზარდაშტ აჰმედი

ფესტივალის მთავარი ჯილდო გადაეცა სკანდინავიურ კინოპროდუქციას „სამალავი არსადაა“. ფილმში ჩანს ერაყში მცხოვრები ექიმი, რომელიც თავისი კამერით იღებს ომის ყოველდღიურობას. ესაა ომს გადარჩენილი ადამიანების უმძიმესი ამბებით სავსე კინოდღიური. ფესტივალის დასკვნით საღამოს დაესწრო ფილმის რეჟისორი ზარდაშტ აჰმედი, რომელმაც ჯილდოს მიღების შემდეგ სტუმრებს სიტყვით მიმართა: „ჩემმა კოლეგებმა დღეს ახსენეს, რომ ჩვენ ყველა დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან. ეს ფაქტია. არ არსებობს გახლეჩილი მსოფლიო, არსებობს მხოლოდ გახლეჩილი აზრები. ჩვენ ყველა გადაჯაჭვულები ვართ კარგი ან ცუდი მიზეზით და აქ მინდა ერთი რამის თქმა. სიკეთის გარეშე ჩვენი ცივილიზაცია დაიღუპება. სწორედ ამიტომ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, ერთად უნდა დავსხდეთ, უნდა ვეცადოთ, გულისხმირება გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება“ - აღნიშნა ადამიანის უფლებათა თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი ფილმის რეჟისორმა კინოთეატრ „ლუცერნაში“ სიტყვით გამოსვლისას.

ფესტივალის ასზე მეტ ფილმს შორის წელს არ იყო ქართველი რეჟისორების ნამუშევარი, თუმცა როგორც საორგანიზაციო ჯგუფში გვითხრეს, გასულ წლებში მაყურებელს საშუალება ჰქონდა გაეცნო ორი ქართველი დოკუმენტალისტის, თომა ჩაგელიშვილისა და სალომე ჯაშის ნამუშევრები. ორგანიზატორებისვე თქმით, ფესტივალი „ერთი მსოფლიო“ გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით თანამშრომლობს კავკასიის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის „CineDoc“-ის წარმომადგენლებთან.

ვფიქრობ, დოკუმენტური ფილმები სწორედ ადამიანების ემოციებზე მოქმედებს და მათ ამარაგებს სიღრმისეული ინფორმაციით, ასევე დოკუმენტური ფილმები ტელევიზიისა თუ რადიოსგან განსხვავებით უფრო მძაფრად ესაუბრება ადამიანებს...

ფესტივალის მიმდინარეობისას ორგანიზატორებს, სტუმრებსა და რეჟისორებს ერთი მთავარი კითხვით მივმართე: რა ძალა აქვს დოკუმენტურ კინოს თანამედროვე მედიატექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში? კითხვაზე კონკრეტულ და მეტად დამაჯერებელ პასუხებს ვისმენდი. მათ შორის იყო ასეთიც: „ვფიქრობ, ეს ფესტივალი რეჟისორებისთვის და კინოსთან რაიმე კავშირში მყოფი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომ ილაპარაკონ. ერთი რამის თქმა მინდა: როდესაც ასეთ ფესტივალებზე ფილმებს ვნახულობ, ვიწყებ ფიქრს იმაზე, როგორ ვიმოქმედო მე. როგორც წესი, ფილმები კონკრეტულ პრობლემებსა და ამბებს გვიყვება, მაგრამ ასეთი ფილმების ნახვის შემდეგ მიჩნდება განცდა, რომ რაღაცის გაკეთება მეც მინდა. ვისურვებდი, რომ არსებობდეს სივრცე, სადაც ფილმების ნახვის შემდეგ ადამიანები რაღაცას გააკეთებენ“ - გვითხრა კინოთეატრ „სვეტოზორში“ ფესტიტვალზე მოსულმა მაყურებელმა კინოდარბაზში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე. არ ვიცი, ამ უკანასკნელმა იცოდა თუ არა, რომ ფესტივალის ისტორია ასეთ შემთხვევას ინახავს: „ერთ წელს ფესტივალზე ვუჩვენეთ ფილმი კონგოს შესახებ. ფილმში ნაჩვენებმა ამბებმა მაყურებელები იმდენად შეძრა, რომ მათ მოითხოვეს სპეციალური მისიის ამოქმედება არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ ფარგლებში, რათა დახმარება გაეწიათ კონგოს მოსახლოებისთვის. ვფიქრობ, დოკუმენტური ფილმები სწორედ ადამიანების ემოციებზე მოქმედებს და მათ ამარაგებს სიღრმისეული ინფორმაციით, ასევე დოკუმენტური ფილმები ტელევიზიისა თუ რადიოსგან განსხვავებით უფრო მძაფრად ესაუბრება ადამიანებს“ - ასე ფიქრობს ბოჰდანა რამბოუსკოვა, ამ დღეებში პრაღაში გამართული დოკუმენტური კინოფესტივალის „ერთი მსოფლიოს“ საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG