Accessibility links

გორში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დოკუმენტური ფილმების ფესტივალი „ხელოვნება - ადამიანის უფლებებისთვის“. ეს ფესტივალი უკვე ტრადიციულია და კავკასიის სამივე რესპუბლიკაში ყოველწლიურად იმართება. გორში ფესტივალის ორგანიზატორია „ხალხის გაზეთის“ გამომცემელი არასამთავრობო ორგანიზაცია „გორის სადისკუსიო კლუბი“. ამ ფესტივალის თავისებურება ისაა, რომ თითოეული ფილმის ჩვენების შემდეგ მოწვეულ სპეციალისტებსა და მაყურებელს შორის დისკუსია იმართება. წლევანდელ საფესტივალო ჩვენებებს ძირითადად ახალგაზრდები ესწრებოდნენ. ნაჩვენები იყო განსხვავებული თემატიკის 5 ფილმი. ადამიანის უფლებები, პოლიტიკური რეჟიმები, კონფლიქტები, რასიზმი, მიგრაცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები - ეს არის იმ თემების მცირე ჩამონათვალი, რომლებზეც გადაღებული ფილმები საფესტივალო ჩვენებებში ხვდება. ფესტივალი გაიხსნა ფილმით „ლოცვით ეშმაკის ჯოჯოხეთში დაბრუნება“.

ჯინი რეტიკერის რეჟისორობით გადაღებული ფილმი ლიბერიაში მუსლიმი და ქრისტიანი ქალების მიერ დაწყებულ სამშვიდობო მოძრაობაზე მოგვითხრობს. ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორ შეძლეს ქალებმა, განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად, გაერთიანება, ქვეყანაში სამოქალაქო ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება. ფილმი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ 14-წლიანი სამოქალაქო ომი, რომელსაც ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ქალებმა დაასრულეს. ქალებმა დაპირისპირებული მხარეები აიძულეს არა მხოლოდ მოლაპარაკება დაეწყოთ, არამედ მშვიდობიანი შეთანხმებისთვისაც კი მიეღწიათ. ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებითა და თანამშრომლობით მათ დაამტკიცეს, რომ სპონტანურ აქტივიზმს ერის ისტორიის შეცვლა შეუძლია. ჩვენების დასრულების შემდეგ დარბაზში შეკრებილებმა დისკუსია გამართეს. მათი აზრით, კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი სწორი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია.

ფესტივალის სტუმარი იყო ერევნელი დოკუმენტალისტი ნანე ბაგრატუნი. მისი თქმით, კონფლიქტების პრობლემა კავკასიის სამივე რესპუბლიკაში მწვავედ დგას, ომში კი გამარჯვებული ადამიანები არ არსებობენ.

ეკა ღვინიაშვილი ფესტივალზე მოწვეული ფსიქოლოგის სტატუსით მონაწილეობდა. მისი აზრით, ახალგაზრდები, რომლებიც ამ ფილმებს დიდი ინტერესით უყურებდნენ და არჩევდნენ, ხვდებიან, რომ პრობლემების მოგვარებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა მნიშვნელოვანია.

ფესტივალის ორგანიზატორის რეზო ოქრუაშვილის განცხადებით, შერჩეული ფილმების მიზანი სწორედ ის არის, რომ კონკრეტულ პრობლემებზე საჯარო დისკუსიებს ხელი შეუწყოს და ამით სამოქალაქო აქტივიზმის დამკვიდრების წამახალისებელიც იყოს.

საფესტივალო ჩვენებები საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 10 ქალაქში გაიმართა. მისი ჩატარება „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG