Accessibility links

დონალდ ტრამპის პირველი საკადრო გადაწყვეტილებები


რინს პრიბუსი (მარცხნივ) და სტივენ ბენონი

რინს პრიბუსი (მარცხნივ) და სტივენ ბენონი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბევრისათვის მოულოდნელად, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ახლა ინტერესს იწვევს, რა გუნდს შეადგენს ამერიკის არჩეული ლიდერი და მართლაც გადადგამს თუ არა ნაბიჯებს, რომელთა შესახებაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა. იგულისხმება, მაგალითად, ვლადიმირ პუტინთან „ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობის“ დამყარება, მუსლიმებისათვს აშშ-ში ჩასვლის დროებით აკრძალვა და ა.შ. 13 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია ტრამპის პირველი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ.

დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა რინს პრიბუსი - ვაშინგტონის პოლიტიკურ ბატალიებში გათვითცნობიერებული კაცი, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ყოველთვის მხარში ედგა ტრამპს. ბევრის შეფასებით, ტრამპი პრიბუსის შერჩევით მიანიშნებს მზადყოფნაზე, მჭიდროდ ითანამშრომლოს კონგრესთან, როცა გაისად, იანვარში, შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

პრიბუსის მომავალი ფუნქცია - თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსობა - ძალიან გავლენიან თანამდებობად ითვლება. ვისაც ის უკავია, პრეზიდენტის დღის წესრიგის ერთ-ერთ განმსაზღვრელად არის მიჩნეული. ამასთან, რინს პრიბუსი წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, პოლ რაიანის, ახლო მეგობარია და, ვაშინგტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რანგში, შეუძლია დაეხმაროს დონალდ ტრამპს რესპუბლიკელების ბერვ გავლენიან წარმომადგენელთან მძიმე ურთიერთობის გაუმჯობესებაში.

მაგრამ ტრამპმა ასევე გავლენიან თანამდებობაზე - თავის მთავარ მრჩევლად და სტრატეგიის დამგეგმავად - დანიშნა სტივენ ბენონი, ამერიკის მემარჯვენე მედიის წარმომადგენელი, ცნობილი თავისი რადიკალური შეხედულებებით და კონფრონტაციული სტილით. საინტერესოა, რომ მას ბევრჯერ და მწვავედ ჰყავს გაკრიტიკებული ზემოხსენებული პოლ რაიანი.

როგორც დონალდ ტრამპის განცხადებაში ვკითხულობთ, ბენონიც და პრიბუსიც ამ თანამდებობებისათვის „უაღრესად შესაფერისი ლიდერები“ არიან, თუმცა ამერიკელი დემოკრატებისაგან მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ბენონის დანიშვნას: მას ტვიტერში „ულტრამემარჯვენე, ანტისემიტური და ქალთმოძულე შეხედულებების მქონედ“ მოიხსენიებს კონგრესმენი ადამ შიფი.

ახლა ტრამპს მომდევნო საკადრო გადაწყვეტილებები ელოდება - მაგალითად, უნდა შეარჩიოს მთავრობის კაბინეტის წევრები. მინისტრობის კანდიდატებად სახელდებიან წარმომადგენელთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე ნიუტ გინგრიჩი, რომელიც შესაძლოა სახელმწიფო მდივნად დაინიშნოს. ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩეველი სტივენ ჰედლი შესაძლოა თავდაცვის მინისტრად ვიხილოთ, ხოლო ალასკის შტატის ყოფილი გუბერნატორი სარა პეილინი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG