Accessibility links

logo-print

დონალდ ტრამპს დაღუპული ჯარისკაცის მუსლიმი მშობლების შესახებ განცხადებებისთვის აკრიტიკებენ


დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს, მწვავედ აკრიტიკებენ როგორც თანაპარტიელები, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები იმ განცხადებების გამო, რომლებითაც ტრამპი ერაყში დაღუპული ამერიკელი სამხედროს მუსლიმი მშობლების შესახებ გამოვიდა.

ტრამპის მეტოქემ, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა, ტრამპს ბრალი მუსლიმების შესახებ „დამამცირებელი განცხადებების“ გაკეთებაში დასდო.

ჯარისკაცის წარმოშობით პაკისტანელი მამა, აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქე ხიზრ ხანი, გასულ კვირაში გამოვიდა სიტყვით დემოკრატების ყრილობაზე - მან გააკრიტიკა ტრამპი და მისი წინადადება, დროებით ყველა მუსლიმს აეკრძალოს აშშ-ში ჩასვლა.

ხანმა 31 ივლისს თქვა, ტრამპს „შავბნელი გული“ აქვსო და განაცხადა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ამ კანდიდატს უნდა გაემიჯნონო: "ის არ არის ჩვენი განცხადებების ღირსი. მას არ აქვს პატიოსნება. ის დაცლილია პატიოსნებისგან. მას შავბნელი გული აქვს".

ხანის ვაჟი, ჰიმაიუნი, ერაყში მოკლეს 2004 წელს. დემოკრატთა ყრილობაზე გამოსვლისას ხანმა განაცხადა, ტრამპს აშშ-სთვის არანაირი მსხვერპლი არ აქვს გაღებულიო.

ხანის მეუღლე, ღაზალა, ჩუმად იდგა ქმრის გვერდით, სანამ ის სიტყვით გამოსვლას დაასრულებდა.

ტრამპმა, რომელმაც ვიეტნამის ომში გაწვევას თავი აარიდა ოთხი სტუდენტური ცნობით და სამედიცინო დისკვალიფიკაციით, ხანის გამოსვლას უპასუხა: "ვფიქრობ, მე ბევრი მსხვერპლი გავიღე. ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ათასობით სამუშაო ადგილი შევქმენი - ათიათასობით სამუშაო ადგილი“.

ამასთან, ტრამპმა ხანის მეუღლის შესახებაც გააკეთა განცხადება: „მის ცოლს თუ შეხედავთ, ის, უბრალოდ, სცენაზე იდგა და სათქმელი არაფერი ჰქონდა. შესაძლოა მას რაიმეს თქმის უფლება არ ჰქონდა. არ ვიცი, ეს თქვენ განსაზღვრეთ. მაგრამ ძალიან ბევრმა დაწერა, რომ ის ჩუმად იყო და ისე ჩანდა, თითქოს სათქმელი არაფერი ჰქონდა. ეს ბევრმა აღნიშნა. პირადად მე [ხანის] გამოსვლა ვნახე და მას ყველაფერ კარგს ვუსურვებ“.

ღაზალა ხანი ტრამპს გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 31 ივლისს გამოქვეყნებული წერილით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავად თქვა უარი დემოკრატთა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის შეთავაზებაზე. ჩემი ვაჟის სიკვდილზე ლაპარაკი დღემდე ძნელია ჩემთვისო, დაწერა დაღუპული სამხედროს დედამ.

ამასთან, ღაზალა ხანის თქმით, ტრამპმა არ იცის, რას ნიშნავს მსხვერპლის გაღება. „როცა დონალდ ტრამპი ისლამზე ლაპარაკობს, წარმოდგენა არ აქვს ამ საკითხზეო“, დაწერა ღაზალა ხანმა.

კლინტონმა 31 ივლისს თქვა, ტრამპს „აბსოლუტურად მცდარად“ ესმის ამერიკული ღირებულებები და ამერიკის საზოგადოების გახლეჩას უწყობს ხელსო.

კლინტონის თქმით, ოჯახს, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ქვეყნისთვის, ტრამპმა „მხოლოდ შეურაცხყოფით“ და მუსლიმთა შესახებ დამამცირებელი განცხადებებით უპასუხა.

ტრამპის განცხადებებს რესპუბლიკელებიც აკრიტიკებენ. ჯონ უივერმა, რესპუბლიკელთა სტრატეგიის ერთ-ერთმა განმსაზღვრელმა, თქვა, კაპიტან ხანის დედის წინააღმდეგ ტრამპის გამოსვლა მისთვისაც კი უკვე ზედმეტიაო. მას დადებითი მახასიათებლები არ გააჩნიაო, დასძინა უივერმა.

რესპუბლიკელთა სტრატეგიის კიდევ ერთმა განმსაზღვრელმა პირმა, მეტ მაკოვიაკმა კი თქვა, ტრამპს მხოლოდ ერთადერთი ფორმით შეეძლო ეპასუხა კრიტიკაზე - ეთქვა, როგორც ამერიკელი, ძალიან ვაფასებ იმ პატრიოტულ მსხვერპლს, რომელიც ხანების ოჯახმა გაიღოო.

სხვა რესპუბლიკელებმა - სენატში უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა პოლ რაიანმა - დადებითად ისაუბრეს ხანის ოჯახისა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე სხვა მუსლიმი ამერიკელების მიერ გაღებულ მსხვერპლზე.

ორივემ გაავრცელა ახალი განცხადებები, რომლებშიც უარყოფილია ტრამპის წინადადება, აშშ-ში შესვლაზე რელიგიური შემოწმება დაწესდეს. მაკკონელი და რაიანი ამბობენ, რომ ეს წინადადება წინააღმდეგობაში მოდის ამერიკულ ღირებულებებთან.

თუმცა უშუალოდ ტრამპის სახელი არც მაკკონელს და არც რაიანს არ უხსენებია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG