Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკელ სეპარატისტთა წარმომადგენლობის გახსნას ჩეხეთში პროტესტი მოჰყვა


1 სექტემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ოსტრავაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონეცკელი სეპარატისტების დროშა აღიმართა, რასაც ჩეხეთის ხელისუფლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აღშფოთება მოჰყვა. თუმცა უკიდურესად მემარჯვენე ჩეხი აქტივისტები, რომლებიც სეპარატისტთა წარმომადგენლობის გახსნას მხარს უჭერენ, უკან დახევას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანას სჭირდება ინდუსტრიული კავშირების აღორძინება დონეცკსა და ოსტრავას შორის.

ჩეხეთის პატარა ქალაქი ოსტრავა მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სეპარატისტული დონეცკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ფეშენებელურ ორსართულიან სახლზე საკუთარი დროშა გამოკიდეს და ევროკავშირის მიწაზე, როგორც თავად უწოდებენ, თავიანთი პირველი ოფიციალური ცენტრი გახსნეს. ამ ნაბიჯს მალევე მოჰყვა პროტესტი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ოფისის დახურვას მოითხოვს, თუმცა დონეცკელ სეპარატისტთა მხარდამჭერი ჩეხეთის უკიდურესად მემარჯვენე, ქსენოფობიური მოძრაობა „სახალხო ლაშქრის“ წევრები არ აპირებენ ჩეხეთის ოფოციალური მოთხოვნების შესრულებას. ისინი არ იზიარებენ ჩეხეთის ხელისუფლების პოზიციას და უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას, კრემლის პროპაგანდისტული კლიშეს ანალოგიით, „ხუნტად“ მოიხსენიებენ. ჩვენ გვსურს „ხელი შევუწყოთ ურთიერთობის დამყარებას დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის“, რაც სასიკეთოდ წაადგება ერთ დროს დაძმობილებულ ქალაქ დონეცკსა და ოსტრავას შორის სამრეწველო ურთიერთობის აღდგენას, - ამბობს ჩეხეთის „სახალხო ლაშქრის“ მოძრაობის წევრი ნელა ლიკსოვა, რომელიც თავის თავს ოსტრავაში დაფუძნებული დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლობის „საპატიო კონსულს“ უწოდებს:

„როგორც ადრე უკვე იყო ისტორიაში, ვხედავთ აზრს სლავური ხალხების გაერთიანებაში ახლანდელი იმ პროდასავლური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც სისტემატურად მივყავართ საომარ კონფლიქტებამდე, მთელ მსოფლიოს რომ მოედო. ასეთ პოლიტიკასთან დაპირისპირება ყველა ღირსეული პიროვნების მორალურ ვალდებულებად მიმაჩნია“.

ევროკავშირის ტერიტორიაზე საკუთარი ცენტრის შექმნა დიდი მიღწევაა დონეცკელი სეპარატისტებისათვის, რომლებიც 2014 წლიდან იარაღით ებრძვიან უკრაინის არმიას. უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტს 9 500 ადამიანი შეეწირა.

დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკა აქამდე მხოლოდ ერთმა წარმონაქმნმა, სამხრეთ ოსეთმა, აღიარა, რომლის დამოუკიდებლობაც, თავის მხრივ, მხოლოდ მოსკოვს და კიდევ ორიოდე ქვეყანას აქვს აღიარებული.

შესაბამისად, ნებისმიერი სახის აღიარება ევროკავშირის ტერიტორიაზე სასურველის რეალურად გასაღების მცდელობაა დონეცკელი სეპარატისტებისათვის, რომელთა ლიდერებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ვრცელდება.

თუმცა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა, გადაუხვია ევროკავშირის საერთო მიდგომას და გააკრიტიკა უკრაინის გამო რუსეთის პოლიტიკური, სამხედრო და ბიზნესწრეების წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციები. მიუხედავად ამისა, ზემანს საჯაროდ არასოდეს გამოუხატავს მხარდაჭერა აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტებისათვის. ამასთან, პრაღა გამუდმებით იმეორებს, რომ სეპარატისტებს არ გააჩნიათ არავითარი კანონიერი უფლება ჩეხეთში დიპლომატიური წარმომადგენლობის გასახსნელად, ხოლო ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 სექტემბერს პირობა დადო, რომ დაიხურება დონეცკელ სეპარატისტთა მიერ თვითგამოცხადებული წარმომადგენლობა, რომლის უკანაც რუსეთის ხელს ხედავს ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელობა.

„ჩვენი აზრით, ეს ცენტრი ფინანსდება და მომავალშიც დაფინანსდება რუსეთისგან. როგორც უკვე აღვნიშნეთ ჩვენს დიპლომატიურ ნოტაში და სიტყვიერადაც ვთქვით, ასეთ ძალისხმევას ჩვენ ვაფასებთ, როგორც რუსეთის მიერ უკრაინისა და ევროკავშირის წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილს“, განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზინოვი გოშოვსკიმ.

თუმცა ნელა ლისკოვამ, დონეცკელ სეპარატისტთა „საპატიო კონსულმა“, არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ დააფინანსა ოსტრავაში მდებარე ორსართულიანი ოფისის დაქირავება და ვინ აფინანსებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობას. ჩეხეთის პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრმა, ცნობილმა ჩეხმა პოლიტიკოსმა იარომირ შტეტინამ ჩეხეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დააპატიმრონ და ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლონ ლისკოვა, რომელმაც, ჩეხი პოლიტიკოსის თქმით, „სასაცილოდ აიგდო ჩეხეთის დიპლომატია“.

ლისკოვამ პასუხი არ დააგვიანა და პრესკონფერენციაზე შტეტინას უწოდა უკრაინული ტერორისტული სამხედრო დაჯგუფება „აზოვის“ მხარდამჭერი. ლისკოვა თავად არის წევრი ჩეხეთის მემარჯვენე-რადიკალური მოძრაობა „სახალხო ლაშქრისა“, რომელიც ანტიმუსულმანური განწყობების გაღვივებით ცდილობს მოიპოვოს ცენტრალური ევროპის ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG